ბრძანება N 26799

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 26799
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26799

20 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---)

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბერს, 03 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს და 12 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №104, №107, №112, №130) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №91963/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აგვისტოს №006-418 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშება შეეხო მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს, არ მომხდარა ახალი ინფორმაციის მოძიება ან/და არსებულის გადამოწმება. მიუთითებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საქონელი საქართველოში იყიდებოდა და ვერც იარსებებს, რადგან საუბარია 3-დან 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ოქროს რეალიზაციაზე, რაც მალულად ვერ განხორციელდებოდა და ასევე, კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. აგრეთვე, კომპანიაში 2017 წელს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაც და ნაშთებს შორის სხვაობა არ გამოვლენილა და არც დარღვევები დაფიქსირებულა საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ პროცედურებში. დამატებით აღნიშნავს, რომ გადაანგარიშება დავალებული იყო გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, თუმცა გადაანგარიშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცემია. აღნიშნავს, რომ ქართულ და თურქულ საბაჟო დეკლარაციებში ოქროს სინჯებს შორის სხვაობები აბსურდია, რადგან არცერთ საბაჟო დეკლარაციაში ოქროს სინჯი საერთოდ არ არის დაფიქსირებული და ამ ნაწილში რა მტკიცებულებების გამოთხოვა მოხდა გადასახადის გადამხდელისთვის უცნობია. ამასთან, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რასაც მყიდველი მხარე ავსებს და რომელშიც წარდგენილი ინფორმაციის ჭეშმარიტებასთან/მცდარობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ აქვს. განმარტავს, რომ გაანგარიშებები მიეწოდათ დასკვნის გამოცემის შემდგომ და მასში არის შეცდომები. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასების შესახებ ერთადერთი მონაცემი და ინფორმაციის წყარო არის ვებგვერდი www.GoldPriceZ.com და ჰიპოთეტურადაც რომ იყოს დაშვებული ადგილობრივ ბაზარზე საქონლის რეალიზაციის ფაქტი, მისი ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფასებით და არა საერთაშორისო ღირებულების მიხედვით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძირითად შემთხვევებში ადგილობრივი ბაზრის ოქროს ფასი უფრო დაბალი იყო ვიდრე საერთაშორისო ბირჟაზე დაფიქსირებული ფასი, რაც გამორიცხავს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის და დამატებითი სარგებლის მიღების მიზანს. მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდულად არის მიჩნეული შესყიდული საქონლის ის ნაწილიც, რომელიც 2017 წლის პირველი ოქტომბრის შემდგომ გატანილია ექსპორტზე და ასევე, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა გაანგარიშების პრინციპთან დაკავშირებითაც. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ მოხდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და ბათილად იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, რომ შეესწავლა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციის შემსუბუქების საკითხიც, ვინაიდან დავის პერიოდში სანქციების განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში აღნიშნული საკითხის შესწავლის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25630 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-198 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 3 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25630 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 აგვისტოს №006-418 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ ხელმეორედ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, თუმცა მისი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შედეგად, 2023 წლის 24 აპრილის დასკვნის შედეგები აღარ დაექვემდებარა კორექტირებას და დარიცხული თანხები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. .

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა), თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების, საქონლის ექსპორტისა და საქონლის რეექსპორტის თანხის ჯამი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგის თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს რეალიზაციის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ასევე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქონელი საქართველოში იყიდებოდა და ვერც იარსებებს, რადგან საუბარია 3- დან 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ოქროს რეალიზაციაზე, რაც მალულად ვერ განხორციელდებოდა. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიაში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ნაშთებს შორის სხვაობა არ გამოვლენილა, ასევე, დარღვევები არ დაფიქსირებულა საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ პროცედურებში.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რასაც მყიდველი მხარე ავსებს და რომელში წარდგენილი ინფორმაციის ჭეშმარიტებასთან/მცდარობასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ აქვს. დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ფასი უფრო დაბალი იყო ვიდრე საერთაშორისო ბირჟაზე, რაც ასევე გამორიცხავს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის და დამატებითი სარგებლის მიღების მიზანს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ექსპორტზე გატანილი ძვირფასი ლითონის (ოქროს) იმ ნაწილზე, რაზეც თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ორგანოდან მიღებული არ არის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ პოზიციას სანქციის შემსუბუქებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოხდა ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებები არ გავრცელდა გადასახადის გადამხდელზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ექსპორტზე გატანილი ძვირფასი ლითონის (ოქროს) იმ ნაწილზე, რაზეც თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ორგანოდან მიღებული არ არის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ ხელმეორედ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, თუმცა მისი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შედეგად, დასკვნის შედეგები აღარ დაექვემდებარა კორექტირებას და დარიცხული თანხები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ექსპორტზე გატანილი ძვირფასი ლითონის (ოქროს) იმ ნაწილზე, რაზეც თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ორგანოდან მიღებული არ არის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 102 1 (ა); 304 21; 73 (4,9); 101;154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 169; 170; 171.