ბრძანება N 12464
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12464
08 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 15 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 15 მაისის №80009/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №061-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირებას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ავტომობილი იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში და კომპანიის მიერ მთელი პერიოდის განმავლობაში არ განხორციელებულა ავტომანქანით ფასიანი მომსახურება. მისთვის უცნობია თუ რომელ კომპანიებს გაუწია მომსახურება ამ ავტომანქანამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს შემმოწმებლებმა წარმოადგინონ დარიცხვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია და მასთან ერთად გაიარონ საკითხი.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის ერთად გავლას. სხვა არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის ერთად გავლას. განმარტავს, რომ მართალია კომპანია ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ბოლო წლებში სრულყოფილად ვერ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას, მაგრამ შემოსავლების დეკლარირებას ყოველთვის ახდენდა. ამდენად, შესაძლებელია დეკლარირებაში დაშვებულია შეცდომები, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს აუდიტის დეპარტამენტმა განსაზღვრა.
4. მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ არ იცოდა თუკი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი საქონელი ან/და მომსახურება წარმოადგენდა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელმა წარმოადგინოს ქონების გადასახადის დასაბეგრი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები და მისი შემოწმების შემდეგ განისაზღვროს დამატებით ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის №3916 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7456 ბრძანება და ამავე თარიღის №061–1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 184 719 ლარი, მათ შორის გადასახადი 115 094 ლარი, ჯარიმა 55 826 ლარი და საურავი 13 799 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაა ტენდერების საფუძველზე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. 2023 წლის ბოლოდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი ავტომობილი: FIAT FB90/2-4PT (2003) და MERCEDESBENZ ATEGO 1217 (1998). გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ავტომობილები არ გამოიყენებოდა არანაირ საქმიანობაში, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მასალების შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, კომპანიის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც კერძოდ, 2023, 2024 და 2025 წლებში, აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებში. ამასთან, აღნიშნული გადაზიდვის ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებოდა საწარმოს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 164-ე მუხლით და საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის შეფასდა საბაზრო ღირებულების მიხედვით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ვინაიდან მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა უსასყიდლოდ, შემოწმებამ მოიკვლია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სატვირთო ავტომობილის გაქირავების შედეგად მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხა, რომელმაც შეადგინა 2 500 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა განისაზღვრა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მისაღებ ყოველთვიურ ღირებულებად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო შესყიდვებში და ტენდერების საფუძველზე ახორციელებდა მომსახურების გაწევას. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოებული სახელმწიფო შესყიდვები და გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული თანხები, რომლებიც სრულად არ იყო დეკლარირებული გადამხდელის მიერ. აქედან გამომდინარე, ------- 2023 წლის 5 ივლისის თარიღით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი 33 086 ლარის ოდენობით, რომელზეც არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი და არც დაბეგვრაში იყო მოხვედრილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდებოდა საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები, ამასთან ხარჯებში გათვალისწინებული იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“ მიერ დეკლარირებული ხელფასი არ მოდიოდა შესაბამისობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე, დეკლარირებული ხელფასი შეადგენდა 1 531 ლარს, ხოლო ბანკით გაცემული ხელფასის შესაბამისად დასადეკლარირებელი თანხა იყო 1 786 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2023 წლის საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი ჰქონდა მომსახურება, ჯამურად 23 875 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი მომსახურება დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
5. შესამოწებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი ავტომობილი, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა ქონების გადასახადის დეკლარირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 205-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ ქონების საწყისი ღირებულებისა და ცვეთის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდზე დათვლილი და გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 28 მაისს 13:30 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება: დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება რომ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდება ორი ავტომობილი. გადამხდელის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საწარმომ ეკონომიკური საქმიანობა შეწყვიტა (2023 წელს) აღნიშნული ავტომობილები არ გამოიყენებოდა არანაირ საქმიანობაში და გაჩერებული უნდა ყოფილიყო მეზობლის ეზოში. თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მერსედესი მარკის ავტომობილი, საწარმოს მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც კერძოდ, 2023, 2024 და 2025 წლებში აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფიზიკური პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილზე იწერებოდა ჯარიმები, რაც სრულად გამორიცხავდა გადამხდელის იმ მტკიცებას, რომ ავტომობილი 2023 წლის შემდეგ იყო გაჩერებულ მდგომარეობაში. შემოწმების პროცესში ჩატარდა გასაუბრება იმ კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან, რომელთა შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებში ფიქსირდებოდა საწარმოს კუთვნილ ბალანსზე არსებული ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და დადგინდა, რომ აღნიშნულ ავტომობილს ისინი ქირაობდნენ ------- ტერიტორიაზე ერთჯერადი გადაზიდვის მიზნით, ხოლო ავტომობილის მძღოლი იყო გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტებაში დასახელებული მეზობელი (-------), რომლის ეზოშიც გადამხდელის მტკიცებით, უძრავად უნდა ყოფილიყო გაჩერებული აღნიშნული ავტომობილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის შეფასდა საბაზრო ღირებულებით (2 500 ლარი) და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. კერძოდ, ვიანიდან მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა უსასყიდლოდ, შემოწმებამ მოიძია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სატვირთო ავტომობილის გაქირავების შედეგად მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხა, რომელმაც შეადგინა 2 500 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა განისაზღვრა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მისაღებ ყოველთვიურ ღირებულებად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგინდა, რომ ------- 2023 წლის 5 ივლისის თარიღით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტზე (33 086 ლარის ოდენობით), არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დაბეგრილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ, გაწეული მომსახურება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის თანხა გავლილია გადასახადის გადამხდელთან და მისთვის გადაგზავნილია შესაბამისი გაანგარიშებაც.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებამ გაიანგარიშა გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები (ფულის მოძრაობის ცხრილი გადაგზავნილი და გავლილია გადასახადის გადამხდელთან). შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუჯნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2023 წლის საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი ჰქონდა მომსახურება, ჯამურად 23 875 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი მომსახურება დაბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, შესაბამისდ, დარიცხული სანქციის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა 2 ავტომობილი, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული ქონების გადასახადი. შემოწმების მიერ ქონების საწყისი ღირებულებისა და ცვეთის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდზე დათვლილი და გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასაბეგრი ქონების (ავტომობილების) ღირებულება განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტების საფუძველზე, რომელშიც თვითონ მიუთითა თითოეული ავტომობილის ღირებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
3. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
4. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები.
5. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი ავტომობილი. რომელთაგან ერთი კომპანიის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებში. გასაუბრებით დადგინდა, რომ ავტომობილს ქირაობდნენ ერთჯერადი გადაზიდვის მიზნით. შემოწმებით, საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, აღნიშნული ოპერაცია შეფასდა საბაზრო ღირებულებით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ვინაიდან მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა უსასყიდლოდ, შემოწმებით დადგინდა ავტომობილის გაქირავების შედეგად მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხა და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო შესყიდვებში და ტენდერების საფუძველზე ახორციელებდა მომსახურების გაწევას. შემოწმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული თანხები, რომელზეც არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი და სრულად არ იყო დეკლარირებული, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
3. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - შემოწმებამ გაიანგარიშა გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
4. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეძენილი ჰქონდა მომსახურება, რაც შემოწმებით დაბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
5. შესამოწებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი ავტომობილი, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა ქონების გადასახადის დეკლარირება. შემოწმების მიერ ქონების საწყისი ღირებულებისა და ცვეთის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდზე დათვლილი და გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადი. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1); 101; 154; 159; 163; 164; 201; 269(7)