ბრძანება N 2832

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 2832
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2832

16.02.2023

"------" (პ/ნ -------- )

(მის: ---------- )

2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "------" (პ/ნ ---------) №232014/21-14 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №EL194832 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თურქეთიდან შემოიტანა 2 ფოსტის საქონელი. ერთზე გამორჩა CMR-ის წარდგენა, რის გამოც მხოლოდ ერთ საქონელზე მოხდა აღრიცხვის მოწმობის გამოწერა. საქონლის საბაჟო საწყობში გამოცხადებისას დადგინდა, რომ ერთი კომპანიის კუთვნილ საქონელზე არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები, რის გამოც დაჯარიმდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლით. ამასთან მიუთითებს, რომ ყველა დოკუმენტები ატვირთული იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე, რაც მისი მოსაზრებით გამორიცხავს სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის და №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 9 დეკემბერს შპს „ლასარეს“ საბაჟო საწყობში გამოცხადდა №-------- სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე "------" . აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო №--------- (08.12.2022) აღრიცხვის მოწმობით კონტროლზე აყვანილი შპს „------“ კუთვნილი საქონელი (741 კგ. საფოსტო გზავნილები).

საბაჟო პროცედურების განხორციელებისას დადგინდა, რომ აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის გარდა სატვირთო ავტომობილში განთავსებული იყო დამატებით 97 კგ. საფოსტო გზავნილები, რომელთა შესახებ "------" აცნობა საბაჟო დეპარტამენტს 2022 წლის 10 დეკემბრის №--------განცხადებით.

არადეკლარირებული 97 კგ. საქონლის საბაჟო ღირებულებამ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №010930/2022 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 7 063,89 ლარი.

ვინაიდან "------" მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გეზ „-------" უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 19 დეკემბერს შედგენილი იქნა №EL194832 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------" დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 063.89 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა 2022 წლის 9 დეკემბერს "------" მიერ და საქონელი 2022 წლის 20 დეკემბრის №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში (დეკლარანტი "------" (პ/ნ --------)).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილია დგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დაზუსტებულია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.

დამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის გარდა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ სატვირთო ავტომობილში დეკლარირებული საქონლის გარდა, განთავსებული იყო დამატებით 97 კგ. 7 063,89 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საფოსტო გზავნილები. აღნიშნულის შესახებ "------" მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით. შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო, ასეთი საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას, საქონლის გაფორმებისას კი საბაჟო დეკლარაციით ერიცხება გადასახადი (გადასახდელი).

დარიცხული დღგ-ის მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსაური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "------" (პ/ნ --------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.