გადაწყვეტილება №21790/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21790/2/2024
12 მარტი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ - ს“ 4.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21790/2/2024).
დავის საგანი:
ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №005-169 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31449 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ქონების გადასახადი (10.11.2023 სავადო) – 139 423 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16187 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია ფლობს უძრავ ქონებას (კომერციული ფართები) ქ. "-------"-ში , (საკადასტრო კოდები: "-----"). გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 (376 753 ლარი), 2021 (357 913 ლარი) და 2022 (340 020 ლარი) წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას.
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვით ქონების ღირებულება 2020 წელს შეადგენდა 5 421 000 ლარს, 2021 წელს - 5 125 000 ლარს და 2022 წელს - 4 471 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25258 ბრძანება და 12 ოქტომბრის №005-169 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 დეკემბრის №31449 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ჰქონიათ გამოცდილება ასეთ საკითხზე და ენდნენ შემოსავლების სამსახურის ექსპერტებს, რომელთა შეფასება არის რეალობას აცდენილი (არაობიექტური), საბაზრო ფასის გამოთვლა მნიშვნელოვნად გადაჭარბებული.
2005 წლიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით საწარმოს ფართი იყო იჯარით გაცემული. ყველა მოიჯარე ფართს იყენებდა კაზინოს ან გასართობი კლუბის ფუნქციონირებისთვის.
კოვიდის პანდემიის გავრცელების აღკვეთასთან დაკავშირებით, პირველივე შეზღუდვა შეეხო გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებას, მათ შორის, კაზინოების მუშაობას, რაც გახდა იჯარით გაცემული ფართის ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის მიზეზი. 2020 წლის 20 მარტს შეწყდა ხელშეკრულება ფორს-მაჟორული პირობების დადგომასთან დაკავშირებით და ობიექტი დარჩა მთლიანად უფუნქციოდ. 2020 წლის 23 მარტის საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით შეჩერდა საკლუბო და გასართობი საქმიანობა.
2020 წლის ივნისში განათავსეს ბანერი ფართის გაქირავებაზე ან გაყიდვაზე. გაქირავების კუთხით თანახმა იყვნენ უმცირეს თანხაზე, ოღონდ არ ყოფილიყო დაკეტილი, ვინაიდან დაკეტილ ფართში ჩნდება ბევრი პრობლემა, რომელსაც შემდგომში ვერც აცდნენ. მაგალითისთვის, შენობაში გაფუჭდა საკანალიზაციო სისტემა, როლიც საერთოა ზემო და ქვემო სართულზე განთავსებულ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომლის აღსადგენი ხარჯებიც გაიღო მომჩივანმა. ასევე, კომენდანტის საათის მოქმედების დროს (დაწესდა 2020 წლის 31 მარტს) გაიძარცვა ელ-გამანაწილებელი ჯიხური, საიდანაც მიეწოდებოდათ ელ-ენერგია (აღადგინეს 2022 წლის დეკემბერში).
გამომდინარე კოვიდის პანდემიიდან შეიქმნა არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გარემოებები, რის გამოც 2020-2022 წლებში მიუხედავად დიდი მცდელობისა, როგორც დირექციის ისე დამფუძნებლების მხრიდან, ფართზე არ ყოფილა მოთხოვნა არც ერთ კომპონენტზე (გაქირავება, გაყიდვა).
შეფასებული ფართის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი ფუნქციონირება მიზანშეწონილია მხოლოდ კაზინოდ ან კლუბად. ფართს არ აქვს სავაჭრო ან საოფისე/ბიზნეს ფართად გამოყენების პერსპექტივა, თუნდაც მოხდეს მისი გადაკეთება - დაიხარჯოს სოლიდური ფინანსები.
ფართის საბაზრო ღირებულების 2020 და 2021 წლის ბოლოს განსაზღვრისას ექსპერტიზის მიერ არსად არ არის ნახსენები კოვიდის პანდემია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმ პერიოდში აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრისთვის, მითუმეტეს შეფასებული ფართის შემთხვევაში.
ამ ტიპის ფართის ღირებულების დადგენაში უნდა გამოყენებულიყო შეფასების შედარების ელემენტები:
№9. „გამოყენება“ - აღნიშნული ფართი პანდემიის პირობებში პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. ის რაშიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ფართი - საკლუბო საქმიანობა - ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენის 6-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად დაიშვა სულ ბოლოს.
№4. „შესყიდვის შემდეგ მაშინვე გასაწევი დანახარჯები“ - ამ ფართის სხვა მიზნით ფუნქციონირებას დასჭირდებოდა დიდი ფინანსური დანახარჯები. პანდემიის დროს წინდახედული მეწარმე ასეთ დიდ რისკზე არ წავიდოდა - სოლიდური დანახარჯები გაეღო სხვა საქმიანობის დასაწყებად, რომელიც აღნიშნულ ფართში არასდროს ყოფილა. შესაბამისად, არავინ გამოხმაურებია მომჩივნის შეთავაზებას ფართის გაყიდვა -გაქირავებაზე.
სამართლიანი იქნება ქონების საბაზრო ღირებულება 2020-2021 წლებში დარჩეს დეკლარირებული ღირებულებით, ვინაიდან კოვიდის პანდემიის მძვინვარებისას ობიექტურად შეუძლებელი იყო ამ ფართის რაიმე ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენება და არც მეტი ღირებულება არ გააჩნდა. პანდემიისა და აკრძალვების პირობებში, საბაზრო ღირებულების დადგენა, სტანდარტული მეთოდებით უკიდურესად არასამართლიანია, ხოლო 2022 წელს საბაზრო ღირებულების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს 2022 წლის პირველ ნახევარში კოვიდის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობა და სარეაბილიტაციო პერიოდის აუცილებლობა.
ვალის მართვის დეპარტამენტს 2020, 2021, 2022 წლის ბოლოს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გარდა ზემოთაღნიშნულისა არ გაუთვალისწინებია:
1. ფართი - 143,11 კვ. მეტრი - არ გადის მთავარ ქუჩაზე ("-------" გამზირი), მის წინ, ქუჩის მხარეს აშენებულია მაგთის ოფისი, ქუჩის მხრიდან ხილვადობა არ აქვს. არის უფანჯრო, დაბალჭერიანი - 2,40 სმ, არ აქვს პარკინგი. გამოყენების თვალსაზრისით ძნელად გამოსაყენებელია. ფართი განხილული უნდა იქნას სარდაფად. მასში მოსახვედრად უნდა გაიარო ფოიე. ქუჩის მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელი არ აქვს.
2. ფართი - 213,80 კვ. მეტრი - არ გადის მთავარ ქუჩაზე. არ აქვს პარკინგი. 213,80კვ. მეტრიდან 100 კვ. მეტრი არის სარდაფი. ამჟამად უფუნქციოა - არ არის გაქირავებული.
3. ფართი - 390 კვ. მერტზე შეფასებას ეთანხმებიან ნაწილობრივ, ვინაიდან ამ ფართს არ გააჩნია დამოუკიდებელი სველი წერტილები.
4. ფართი -150 კვ. მეტრი - შეფასებას ეთანხმებიან სრულად.
ასევე, შენობა ვეღარ პასუხობს გაზრდილ ვიზუალიზაციისა და რაციონალურად გაშლა-მოწყობის მოთხოვნებს. მხოლოდ ფართის სიდიდით და მდებარეობით მისი საბაზრო ღირებულების დადგენა იწვევს მისი საბაზრო ფასის გადაჭარბებულ შეფასებას. ასევე, შედარებისთვის გამოყენებული "------"-ის ქუჩისა და "------"-ის გამზირის შედარება, "------"-ს გამზირის იმ ლოკაციაზე, სადაც საწარმოს ფართია - არაობიექტურია.
მოცემული შემთხვევა არის გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბიზნესი დააზარალა პანდემიამ, ზოგიერთმა სფერომ მოახერხა ადაპტაცია, პანდემიის პირობებშიც ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებდა. მთავრობის მხრიდანაც იყო ხელშეწყობა ბიზნესზე. კომპანიას რაიმე დახმარებით ან შეღავათით არ უსარგებლია.
2020 წლის 20 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე შემოსავალს არ იღებდნენ, შექმნილი რეზერვის ხარჯზე გადაიხადეთ ქონების 2020-2022 წლის გადასახადი და გაწიეს ფართის შენახვასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯები.
პანდემია საერთაშორისო პრაქტიკაში მიჩნეულია ფორს-მაჟორულ გარემოებად და მის არაპროგნოზირებად მიმდინარეობას აკრძალვებთან ერთად შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტიც (IVSC) გაითვალისწინებდა ქონების ღირებულების დადგენისას იმ პერიოდში.
გამომდინარე აქედან, მომჩივანი ითხოვს 2020-2021 წლებში არ დაეკისროს საბაზრო ფასით განსაზღვრული ქონების გადასახადი. 2020-2021 წლის პერიოდი დარჩეს, რაც დეკლარირებულია, ობიექტურად განისაზღვროს 2022 წლის ბოლოს ფართის საბაზრო ღირებულება (მომჩივნის მოსაზრებით, 20%-ით ნაკლები), შეფასებული საბაზრო ფასით განსაზღვრული ქონების გადასახადი გავრცელდეს 2023 წელზე და შემდგომ.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას (კომერციულ ფართებს), რომლის ღირებულებაც დეკლარირებული იყო მცირე ოდენობით. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ, განხორციელდა უძრავი ქონების შეფასება. ჩატარებული ექსპერტიზით განისაზღვრა კომპანიის კუთვნილი ქონების საბაზრო ფასი, რომლის გათვალისწინებით გაანგარიშდა ქონების გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას, თუმცა არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს 2020-2021 წლებში არ დაეკისროს საბაზრო ფასით განსაზღვრული ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ფლობს უძრავ ქონებას.გადამხდელის მიერ 2020,2021,2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას.
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით.
საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
201,202.