გადაწყვეტილება №25395/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25395/2/2025
25 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ს“ 30.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25395/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2025 წლის №007-45 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2025 წლის №11771 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 298 732,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 194 070,26
დღგ - 150 620,26
საშემოსავლო გადასახადი - 43 450
ჯარიმა - 97 029,30
საურავი - 7 632,94
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შაქრით და საკონდიტრო ნაწარმით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.10.2023 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 16.10.2023 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოება ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებდა. 2025 წლის 12 თებერვალს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი არ გამოვლინდა. შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის 7 ჯგუფისათვის. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 5%). შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთს (0 ლარი) დაემატა დოკუმენტური შეძენის მონაცემები და გამოაკლდა გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნაგანმარტებაში დაფიქსირებული საქონლის ნაშთი წლების ჭრილში. გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რპთ-დან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა შეძენილზე დიდი ოდენობით საქონლის რეალიზაციის ცალკეული შემთხვევები (მარილი, ნამცხვარი, შესქელებული რძე), როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, გავრცელდა შემოწმებისას დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი.
დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. იმ ხარჯებთან მიმართებაში, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოყენებული იქნა "კრედიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითება. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა კვალიფიცირებული, რაზეც შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება შემმოწმებლებს არ წარდგენიათ, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 11.04.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6983 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 11.04.2025 წლის №007-45 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2025 წლის №11771 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის ანალიზით გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია და არც შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები წარუდგენია შემოწმებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 230 000 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან, თანხების დიდი ნაწილი საწარმოს ასაღები აქვს, მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაბეგრილიყო. შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გამოვლენილი ფულის ნაშთი არის საზოგადოების მიმართ არსებული დავალიანება და შესაძლებელია აღნიშნულის დამტკიცება. მომჩივანმა არგუმენტები დამატებით წარმოადგინა 8.07.2025 წლის 25427/2/2025 განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურმა რეალიზებული საქონლის 7 სახეობიდან საშუალო შეწონილით განსაზღვრა ფასნამატი 5% ოდენობით, რამაც გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადში იმაზე მეტი თანხის დარიცხვა, ვიდრე ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ აუდიტორი გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ 7 სახეობიდან 90 პროცენტი იყო შაქრის მიწოდება საბითუმო ფასად. კერძოდ, რეალიზებული შაქრის 30%-ის ფასნამატი არის 1%; 45%-ის პროცენტის ფასნამატია 2%,15% -ის ფასნამატია 3%,დანარჩენი 10%-ის ფასნამატი არის 4 დან 7 %-მდე, აღსანიშნავია, რომ ამ 10%- შიც 50%-ზე მეტის ფასნამატია 4%. უნდა გაიმიჯნოს შაქრის რეალიზაცია სხვა პროდუქციიდან და ცალკე დაანგარიშდეს ფასნამატი შაქრის რეალიზაციაზე.
ამასთან აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებდნენ უშუალოდ დავების განხილვის ეტაპზე, თუმცა იმის გამო, რომ არ იყვნენ მიწვეული დავების განხილვაზე შემოსავლების სამსახურში აღნიშული საკითხის დაყენების შესაძლებლობა არ მიეცათ. რაც შეეხება 230 000-იან ვალდებულებას საშემოსავლო გადასახადში, შპს „----ს“ მიმართ ეს დავალიანება აქვს შპს „---“, რომლის დირექტორი --- ამ წლის დასაწყისში დააკავეს ოჯახური ძალადობის გამო და 1 წლიან სასჯელს იხდის, მოხდა მის უფლებადამცველთან კომუნიკაცია, რომელმაც პირობა დადო, რომ მოინახულებდა ამ დღეებში ---ს საპატიმროში, რომელიც წერილობით დაადასტურებს მის დავალიანებას სათანადო ფორმით.
მომჩივანი ითხოვს მოხდეს აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურისთვის დაბრუნება, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები სამართლიანად იქნეს შეფასებული ყველა იმ არგუმენტის და საპატიმროდან მიღებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის 4 ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა შპს „----ას“ მოვალე კომპანიის დირექტორისგან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რასაც ართულებს ამ პირის სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი. საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასევე ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას, რაც შემოსავლების სამსახურში სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა რეალიზებული საქონლის 7 სახეობიდან საშუალო შეწონილით განსაზღვრა ფასნამატი 5% ოდენობით, რამაც გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადში იმაზე მეტი თანხის დარიცხვა, ვიდრე ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ აუდიტორი გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ 7 სახეობიდან 90 პროცენტი იყო შაქრის მიწოდება საბითუმო ფასად. კერძოდ, რეალიზებული შაქრის 30%-ის ფასნამატი არის 1%; 45%-ის პროცენტის ფასნამატია 2%,15% -ის ფასნამატია 3%,დანარჩენი 10%-ის ფასნამატი არის 4 დან 7 %-მდე, აღსანიშნავია, რომ ამ 10%-შიც 50%-ზე მეტის ფასნამატია 4%. უნდა გაიმიჯნოს შაქრის რეალიზაცია სხვა პროდუქციიდან და ცალკე დაანგარიშდეს ფასნამატი შაქრის რეალიზაციაზე. ამასთან აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებდნენ უშუალოდ დავების განხილვის ეტაპზე, თუმცა იმის გამო, რომ არ იყვნენ მიწვეული დავების განხილვაზე შემოსავლების სამსახურში აღნიშული საკითხის დაყენების შესაძლებლობა არ მიეცათ.
მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას მის მიერ შაქრის რეალიზაციის ნაწილში გამოყენებული ფასნამატის ოდენობა შეადგენს 2%-ს. ამასთან, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში სადავოდ არ გაუხდია, მის მიერ საბჭოში დამატებით წარმოდგენილი სადავო საკითხი სცდება შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებს. შესაბამისად, საბჭო, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამდენად, შემოსავლების სამსახურის 9.06.2025 წლის №11771 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შაქრით და საკონდიტრო ნაწარმით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი არ გამოვლინდა. შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 5%). შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთს (0 ლარი) დაემატა დოკუმენტური შეძენის მონაცემები და გამოაკლდა გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნაგანმარტებაში დაფიქსირებული საქონლის ნაშთი წლების ჭრილში. გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რპთ-დან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა შეძენილზე დიდი ოდენობით საქონლის რეალიზაციის ცალკეული შემთხვევები (მარილი, ნამცხვარი, შესქელებული რძე), როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, გავრცელდა შემოწმებისას დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი.
დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. იმ ხარჯებთან მიმართებაში, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოყენებული იქნა "კრედიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითება. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა კვალიფიცირებული, რაზეც შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება შემმოწმებლებს არ წარდგენიათ, ამიტომ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 9.06.2025 წლის №11771 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 12 (1,გ); 302 (3).