გადაწყვეტილება №24880/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24880/2/2025
01 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24880/2/2025).
დავის საგანი:
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 17.10.2024 წლის №21-11/77510, 27 ნოემბრის №21-11/87927 და 25 დეკემბრის №21-11/94953 გადაწყვეტილებები;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2432 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 7 ოქტომბერს №166489/21-11 და 15 ნოემბერს №189692/21-11 განცხადებებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხების საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოწერა.
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №21-11/77510, 27 ნოემბრის №21-11/87927 და 25 დეკემბრის №21-11/94953 გადაწყვეტილებებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით ჩამოწერას დაექვემდებარა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და თანხის ჩამოწერამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადი 49.73 ლარი და საურავი 93.11 ლარი (დასკვნა №------- 16.10.2024 წ.). ხოლო განცხადებაში ხსენებულ, სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით განემარტა, რომ აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერა ვერ განხორციელდება.
მომსახურების დეპარტამენტის ზემოხსენებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2025 წლის №2432 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8, 309-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით ჩამოწერას დაექვემდებარა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული, 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და თანხის ჩამოწერამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დასკვნა №------- 16.10.2024 წ.). ხოლო განცხადებაში ხსენებულ, სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით პირს განემარტა, რომ აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერა ვერ განხორციელდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აღიარებით ბრალზე და შეთანხმებით სასჯელზე. ამავე განაჩენით დამტკიცდა შემოსავლების სამსახურის სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრათ 404 143.2 ლარის გადახდა. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა 2007 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 28 აპრილის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა. შემოსავლების სამსახურისთვის გადასახდელი 404 143.2 ლარიდან გადახდილია 240 000 ლარი.
-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ივნისის განაჩენი - დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება და ------- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი - დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება სრულად ადასტურებს, რომ 404 143.2 ლარი წარმოადგენს გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებს და მისი გადახდა გადამხდელს დაეკისრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ თუ შემოსავლების სამსახური თვლის, რომ დავალიანება არ არსებობს, მაშინ მისი პასუხი უნდა იყოს, რომ -------- მიმართ დავალიანება არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ დავალიანება არსებობს, თუმცა არ ახდენს მის ჩამოწერას, ვინაიდან პირად ბარათზე არ ფიქსირდება.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი მის პრეტენზიაზე. მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი აქვს შემოსავლების სამსახურს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანება არ ფიქსირდება. ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათს აწარმოებს საგადასახადო ორგანო და დავალინების ბარათზე ასახვა/არ ასახვა სრულად მისი კომპეტენციაა და ამ მიზეზით უარის თქმა დაუსაბუთებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252- ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 10.03.2025 წლის №-------- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემების მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 142.84 ლარი (მ.შ გადასახადი 49.73 ლარი და საურავი 93.11 ლარი), რომელიც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად დაექვემდებარა ჩამოწერას (დასკვნა №------- 16.10.2024 წ.). რაც შეეხება, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხების საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩამოწერას, არ განეკუთვნება მომსახურების დეპარტამენტის კომპეტენციას, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ეხება საგადასახადო დავალიანების და არა ზიანის ჩამოწერას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში ხსენებული თანხები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული არ არის.
მომჩივნის განმარტებით, -------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დამტკიცდა შემოსავლების სამსახურის სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრათ 404 143.2 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხიდან გადახდილია 240 000 ლარი. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა 2007 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 28 აპრილის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და განმარტავს, რომ -------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენში მითითებული თანხა წარმოადგენს სახელმწიფოსთვის მიღებული ზიანის ანაზღაურების თანხას და მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობილია ბიუჯეტის სასარგებლოდ საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის გამო, არ წარმოადგენს გადასახადის თანხას. შესაბამისად, ამ თანხას არ ერიცხება საურავი, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილის გადაუხდელობის მიუხედავად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სადავო საკითხზე საგადასახადო ორგანოს პოზიციის მართებულობას.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო მომჩივნის მიერ მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს არც გადასახადს და არც საურავს, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ-მა მიმართა საგადასახადო ორგანოს, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხების ჩამოწერას.აღნიშნული თანხა არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული და შესაბამისად, ჩამოწერა ვერ განხორციელდება.
მომსახურების დეპარტამენტის ზემოხსენებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2025 წლის №2432 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სზაფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;309(37);252;272;