გადაწყვეტილება №19992/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19992/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 16.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19992/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №023-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11029 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 47 581,12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 29 948
საშემოსავლო გადასახადი - 29 181
ქონების გადასახადი - 767
ჯარიმა - 10 320,5
საურავი - 7 312,62
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №023-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების (სხვადასხვა საწარმოს/მეწარმის) მიერ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით საიჯარო მომსახურებად დაკვალიფიცირებული, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული გადაზიდვებით მესამე პირების მიერ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №023-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11029 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების (სხვადასხვა საწარმოს/მეწარმის) მიერ ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ
10 965 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019-2020 წლებში შეიძინა სპეციალური ავტომანქანები ბეტონმრევები, რადგან იყო მცირე მეწარმე სურდა მომსახურება გაეწია ორგანიზაციებისათვის და მიღებული შემოსავალი კანონის შესაბამისად დაბეგრილიყო 1%-ით, რასაც აკეთებდა კეთილსინდისიერად, ადგენდა დეკლარაციებს და იხდიდა შესაბამისად გადასახადს.
შემოწმების აქტში აუდიტორებს აღნიშნული აქვთ, თითქოს საქმიანობის სახე არის ქონების გაქირავება, აღნიშნული საქმიანობა აზრადაც არ მოსვლია, რადგან მცირე მეწარმის სტატუსი ჰქონდა და მომსახურების გაწევისათვის მიღებული შემოსავლები უნდა დაებეგრა 1%-ით წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის შემოსავლები პირველ ეტაპზე ხარჯებს ვერ დაფარავდა. რადგან იცოდა, რომ მთლიანი ბრუნვის 1% უნდა გადაეხადა ხარჯის დამადასტურებელი საბუთების შეგროვებას ყურადღებას არ აქცევდა, თორემ შემოწმების პერიოდი 2019, 2020 და 2021 წლები ნამდვილად არ დაუსრულებია მოგებით.
2019 წლის მაისის თვეში შეიძინა სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება ბეტონმრევი 27 000 ლარად და მერე ბეტონმრევი 2020 წლის თებერვლის თვეში 23 000 ლარად. ავტომანქანებს ნორმალურად რომ ემუშავათ მათ შეკეთებაზე იმდენივე დახარჯა, რაც მათ შეძენაში გადაიხადა. აუდიტორებმა გაქირავებად ჩაუთვალეს გაწეული მომსახურება და 20%-ით დაუბეგრეს შემოსავლები, რადგან არ უფიქსირდება საწვავის ხარჯი, აგრეთვე თანამშრომლები, რომლებზეც გადახდის წყაროსთან დაკავებული არ აქვს საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლებთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, რომ მომსახურებას გაწევდა საკუთარი საწვავის გარეშე, ბევრ შემთხვევაში კი საკუთარი საწვავით ახდენდა მომსახურების გაწევას, თუ მომხმარებელი დათანხმდებოდა, მაგრამ რადგან მცირე მეწარმე იყო, საწვავის შეძენის დამადასტურებელი საბუთების მოპოვება არ უცდია.
რაც შეეხება თანამშრომლებს - ორ მძღოლთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება და მათი საშუალებით ემსახურებოდა მომხმარებლებს, რაც შეეხება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას - არ ახდენდა საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ მუხლით ხელმძღვანელობდა და ამიტომ არ უკავებდა თანამშრომლებს საშემოსავლო გადასახადს, რადგან მათი ხელფასი ჯამურად არ აღემატებოდა წლიურად 6 000 ლარს და არც მისი შემოსავალი არ აღემატებოდა 500 000 ლარს.
ერთობლივი შემოსავალი 2019 წელს შეადგენდა 22 538 ლარს, 2020 წელს 34 860 ლარს და 2021 წელს 60 270 ლარს. აუდიტორებს შეფასების დროს მოჰყავთ საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წლის №415 დადგენილება, მაგრამ აღნიშნული დადგენილება არ კრძალავს სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების დროს გადასახადის გადამხდელს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა მოეხდინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნის საფუძველზე ნაწილობრივ შეამცირა არასწორად დარიცხული თანხები, კერძოდ ძირითადი თანხა 7 310 ლარი, ჯარიმა 3 655 ლარი, სულ 10 966 ლარი. 85 450 ლარი დატოვა იჯარის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრა 20%-ით და მასზედ გაწეული ხარჯი არ გაითვალისწინა. ასევე უარი მოუვიდა 26.02.2023 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11029 ბრძანების საფუძველზე, რაც ყოვლად გაუგებარია. ფაქტობრივად გაწირეს გაკოტრებისთვის, რადგან შეუძლებელია გააგრძელოს საქმიანობა, იმიტომ, რომ გადასახადის განაკვეთებს 1 პროცენტსა და 20 პროცენტს შორის იმდენად დიდი სხვაობა, რომ დიდი საწარმოებიც ვერ შეძლებენ მთლიან ბრუნვაზე გადაიხადონ 20%, როცა მოგება 20 პროცენტზე ნაკლებია.
გადასახადებს ყოველთვის კეთილსინდისიერად იხდიდა და თურმე შეცდომა დაუშვა არცოდნით და გამოუცდელობით, რადგან არც ბუღალტერი ჰყავდა დაქირავებული, რომ საგადასახადო ტერმინოლოგია სწორად გაეგო. იცოდა, რომ იყო მცირე მეწარმე, აკრძალულ საქმიანობას არაფერს ეწეოდა, იცოდა, რომ მცირე მეწარმეობა იყო მარტივი, კეთილსინდისიერად ადგენდა მცირე მეწარმის დეკლარაციებს და იხდიდა გადასახადს.
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის №11029 ბრძანებით რა მოტივით უთხრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი. იმედი აქვს გათვალისწინებული იქნება მისი არგუმენტები და საშუალება მიეცემა გააგრძელოს საქმიანობა. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ყოველივე და შემცირდეს აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №023-02 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 17 926 ლარი, ჯარიმა 10 421 ლარი და საურავი 7 424 ლარი და დაერიცხოს მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების (სხვადასხვა საწარმოს/მეწარმის) მიერ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, შემოწმებით საიჯარო მომსახურებად დაკვალიფიცირებული, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული გადაზიდვებით მესამე პირების მიერ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №34 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, შემოწმებით საიჯარო მომსახურებად დაკვალიფიცირებული, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული გადაზიდვებით მესამე პირების მიერ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);81(1);