გადაწყვეტილება №21348/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21348/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21348/2/2023).
დავის საგანი:
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;
2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №CB1506976 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №CB1506962 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27446 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 446.33 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 3 472.5 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწ.)
ჯარიმა - 118 973.83 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწ.)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ახალი ავტონაწილების იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.09.2022 წლის №23131 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2022 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2022 წლის 7 სექტემბერი). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 6 945 ლარი. ხოლო დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით (50.39% ფასნამატით) 1 189 738.24 ლარი.
აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 15 სექტემბერს შედგენილ იქნა №CB1506962 და №CB1506976 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად დაჯარიმდა ჯამში - 122 446.33 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2023 წლის №27446 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით და განმარტავს, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის შედეგებით გამოდის, რომ ფასნამატი შეადგენს 50.39 %-ს, რაც არ შეესაბამება რეალობას. გაუგებარია საიდან განისაზღვრა ამხელა ფასნამატი და რა შესადარისი ბაზა იქნა გამოყენებული. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ფიზიკურად წარმოუდგენელია მსგავსი ფასნამატებით საქონლის რეალიზაცია. კომპანიის რეალური ფასნამატი 20-25%-ის ფარგლებშია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა სმფ-ების ინვენტარიზაციისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხული სმფ-ების დიდი ნაწილი არის ძველი მოდელების ავტომობილების მეორადი ნაწილები (ე.წ.„ჩაწოლილი“ საქონელი) და კომპანიას უწევდა მათი რეალიზაცია მიზერული ფასნამატით, ხშირ შემთხვევაში კი - თვითღირებულებაზე დაბალი ფასით (იხ. დანართი - სია). ძნელად-რეალიზებადი, „ჩაწოლილი“ საქონელი ამჟამადაც ერიცხება საზოგადოებას და შესაძლებელია მათი ფიზიკურად იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ზოგ შემთხვევაში სმფ-ების რეესტრში არასწორად არის შეყვანილი საქონლის დასახელება (ასახულია ისეთი სმფ, რომელიც საერთოდ არ ქონია კომპანიას), ზოგ შემთხვევაში კი - არასწორად არის დაფიქსირებული საქონლის საბაზრო ფასები.
საჩივარზე თანდართულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღრიცხვის სია, რომელშიც:
- კითხვის ნიშანია დასმული არასწორი დასახელების მქონე საქონელზე;
- ზოგიერთ საქონელზე მიწერილია რეალური საბაზრო ფასი;
- ტირეებითაა მონიშნული ე.წ. „ჩაწოლილი“ საქონელი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოთაღნიშნული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27446 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ვქეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად: „ინვენტარიზაციის შედეგების პროექტის ჩაბარების შემდეგ 2023 წლის პირველ თებერვალს მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს წარუდგინა საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტს, კერძოდ: სმფ-ებზე გავრცელებულ ფასნამატს და მიუთითებდა, რომ რიგ საქონელზე გააჩნია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას და ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირებას.
2023 წლის 14 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №11 სხდომის ოქმის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიამ, გადასახადის გადამხდელის თანამონაწილეობით, განახორციელა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა და საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება). კერძოდ, სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1 327 101,45 ლარისა, შეადგინა 1 189 738,24 ლარი (ფასნამატი 66% ის ნაცვლად გამოყენებულ იქნა 50.39%). ასევე, აღურიცხავმა სმფ-ებმა (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 32 460 ლარისა შეადგინა 6 945 ლარი. სულ ჯამურად, დასარიცხი თანხები კორექტირებულია/შემცირებულია 26 494 ლარით“.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აღნიშნა, რომ სმფ-ის ფაქტიურ აღწერაში მონაწილეობდა მომჩივნის წარმომადგენელი იაგო სონღულაშვილი, რომელიც თავად უთითებდა საქონლის დასახელებასა და ფასებს სმფ-ის ფაქტიური აღწერის დანართებში, რაზედაც შემდგომ მოაწერა ხელი.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, განაცხადა, რომ მართალია იაგო სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ზემოაღნიშნულ დანართებს, თუმცა უთითებს, რომ აღნიშნული პირი ვერ ერკვევა ბუღალტერიასა და ფასებში.
ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურათა დაცვით. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;
2. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად: „ინვენტარიზაციის შედეგების პროექტის ჩაბარების შემდეგ 2023 წლის პირველ თებერვალს მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს წარუდგინა საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტს, კერძოდ: სმფ-ებზე გავრცელებულ ფასნამატს და მიუთითებდა, რომ რიგ საქონელზე გააჩნია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებას და ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირებას. 2023 წლის 14 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №11 სხდომის ოქმის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიამ, გადასახადის გადამხდელის თანამონაწილეობით, განახორციელა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა და საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება). კერძოდ, სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1 327 101,45 ლარისა, შეადგინა 1 189 738,24 ლარი (ფასნამატი 66% ის ნაცვლად გამოყენებულ იქნა 50.39%). ასევე, აღურიცხავმა სმფ-ებმა (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 32 460 ლარისა შეადგინა 6 945 ლარი. სულ ჯამურად, დასარიცხი თანხები კორექტირებულია/შემცირებულია 26 494 ლარით“.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურათა დაცვით. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4,9).