ბრძანება N 13701
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13701
11 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 17 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 17 მაისის №89709/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №225-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლისგან ავტომობილის (-------) შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვას, კერძოდ, ავტომობილის საბაზრო ფასად მიჩნეულ თანხასა და დამფუძნებელზე გადახდილ თანხას შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას. გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს ----------“-მ 2022 წლის სექტემბრის თვეში საწარმოს 60%-იანი წილის მფლობელისგან შეიძინა ავტომობილი 420 000 ლარად. თანხა სრულად არის გადახდილი კომპანიის მიერ. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ავტომობილი წარმოადგენს იშვიათ მოდელს. მისი ანალოგის მოძიება ქართულ ბაზარზე საკმაოდ რთულია. გადამხდელი მიუთითებს, გერმანიის ოფიციალურ საიტზე არსებულ მსგავსი მოდელის შესყიდვის ფასებზე (დართულია საიტიდან სქრინი) და აღნიშნავს, რომ ამ მოდელის საშუალო ფასი 2024 წლის მაისის მდგომარეობით უტოლდება 132 000 ევროს. შესაბამისად, გადამხდელი, კომპანიის მიერ 2022 წლის სექტემბრის თვეში გადახდილ 420 000 ლარს, ლოგიკურად მიიჩნევს. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ 2022 წლის ოქტომბრის თვეში მანქანა დაზიანდა, რამაც გამოიწვია მისი ფასის კლება. აქედან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სრულად გაუქმდეს დარიცხული მოგების გადასახადი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ არ იცნობს დარიცხვის გაანგარიშებას.
3.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ერთი თვის ვადაში სრულად დააბრუნებენ თანხას კომპანიის საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2912 და 28 მარტის №6803 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 25 აპრილის №9728 ბრძანება და ამავე თარიღის №225-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 477 165 ლარი, მათ შორის, გადასახადი 269 468 ლარი, ჯარიმა 132 471 ლარი, საურავი 75 226 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამისა და შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას 2022 წლის სექტემბრის თვეში საწარმოს 60%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი ---------- 420 000 ლარად შეძენილი აქვს მერსედესი ---------. თანხა სრულად არის გადახდილი კომპანიის მიერ. ავტომობილი 2022 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე, ------------- 271 000 ლარად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე რეალიზებული ავტომობილის ფასი ჩაითვალა საბაზრო ფასად, ხოლო საწარმოს დამფუძნებელზე გადახდილი ნამეტი თანხა ჩაითვალა საწარმოს მიერ მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 96-ე, 97-ე და 981 მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ქონების გადასახადს შორის. კერძოდ, გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა ქონების გადასახადით დაბეგრილი ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის დეკლარირებული ქონების გადასახადი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის N2471 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან 2024 წლის 13 თებერვალს ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 208 000 ლარის ოდენობით, ხოლო საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 419 937 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილის (მერსედეს ---------) საბაზრო ღირებულების კორექტირებას და მოგების გადასახადის დარიცხვას. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრის თვეში ავტომობილი დაზიანდა, რამაც გამოიწვია მისი ფასის კლება. შესაბამისად, გადამხდელი, კომპანიის მიერ 2022 წლის სექტემბრის თვეში გადახდილ 420 000 ლარს, ლოგიკურად მიიჩნევს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა ქონების გადასახადით დაბეგრილი ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებული ქონების საშუალო საბალანსო ღირებულება განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლისგან ავტომობილის შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ არ იცნობს დარიცხვის გაანგარიშებას.
3.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ერთი თვის ვადაში სრულად დააბრუნებენ თანხას კომპანიის საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების შედეგად, დგინდება, რომ კომპანიას საწარმოს 60%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირისგან, შეძენილი აქვს ავტომობილი. თანხა სრულად არის გადახდილი კომპანიის მიერ. ავტომობილი 2022 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალიზებული ავტომობილის ფასი ჩაითვალა საბაზრო ფასად, ხოლო საწარმოს დამფუძნებელზე გადახდილი ნამეტი თანხა ჩაითვალა საწარმოს მიერ მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2.გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ქონების გადასახადს შორის. შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის დეკლარირებული ქონების გადასახადი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
3.ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2.და მე-3 საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(1);18(2);96(ა);97(1,3);981(4);201(1);202(1);205(2);101(1);154