ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიწოდებული სარეკლამო საქონლის დღგ-ით დაბეგვრა N 11105
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიწოდებული სარეკლამო საქონლის დღგ-ით დაბეგვრა N 11105
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს და რეალიზაციას. საწარმო ძირითად გასაყიდ საქონელთან ერთად ეწევა სარეკლამო საქონლის (ტესტერები, სინჯები) იმპორტს. სარეკლამო საქონელი საწარმოს უცხოელი მომწოდებლებისგან გადაეცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ. სარეკლამო საქონლის გარეშე შეუძლებელია საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება (საქონლის რეალიზაცია), კერძოდ, აღნიშნული საქონელი (სინჯები, ტესტერები) საბითუმო/საცალო მომხმარებელს ძირითადი საქონლის შეძენისას მიეწოდება უსასყიდლოდ (დამატებითი საზღაურის მოთხოვნის გარეშე), სარეკლამო საქონლის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა პირადად განახორციელოს პროდუქციის თვისებების შემოწმება.
· საწარმო ძირითადი საქონლის საბითუმო/საცალო მომხმარებლებზე მიწოდებას ბეგრავს დღგ-ით, ხოლო სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას განიხილავს ძირითადი საქონლის მიწოდების ნაწილად და არ ახორციელებს დღგ-ით დაბეგვრას.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად.
· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო სარეკლამო საქონლის მიწოდებას საბითუმო/საცალო მომხმარებლებზე ახორციელებს დამატებითი საზღაურის მოთხოვნის გარეშე, აღნიშნული სარეკლამო საქონელი განხილულ უნდა იქნას საწარმოს მიერ საბითუმოდ/საცალოდ გასაყიდად განკუთვნილი ძირითადი საქონლის მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათის მქონედ და ამ ძირითადი საქონლის შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, საწარმოს მიერ ძირითადი საქონლის საბითუმო/საცალო მომხმარებლებზე მიწოდებისას, სარეკლამო საქონლის დამატებით საზღაურის გარეშე მიწოდებით, ცალკე დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არ წარმოიშობა.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 24 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით