გადაწყვეტილება №25244/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 25244/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25244/2/2025

02 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 31.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25244/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №261-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 114 410,41 ლარი.

მათ შორის: დღგ - 70 601

ჯარიმა - 27 256,27

საურავი - 16 553,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ი/მ ---ს საქმიანობაა კვების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა (კვების ობიექტი). რეალიზაციები სრულად საცალოა. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 227 711 ლარის საქონელი (უმეტესად ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები, ნახევარ-ფაბრიკატები). მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მისი შემოსავალი შეადგენს 216 945 ლარს, საბანკო ტერმინალით მიღებული შემოსავალი - 491 864 ლარს, ხოლო სხვა შემოსავალი - 35 397 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის მიხედვით მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 30 ივლისის მდგომარეობით გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნული თარიღიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №261-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №261-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყიდულობს და ყიდის მზა პროდუქციას, ძირითადად გამაგრილებელი სასმელებს, ნაყინს და ხილს. შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებით შეძენილია სულ 227 711 ლარის საქონელი, რომლიდანაც ნაწილი შეადგენს პირადი მოხმარების საქონელს (მაგ: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, კერამიკული ფილა და ა.შ) და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, ნაწილის მხოლოდ ტრანსპორტირებას ახდენს და რადგან მანქანის ბორტზე სხვა საქონელიც იდო, ზედნადების გამოწერა მოხდა მეწარმის სახელზე, რათა დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა აერიდებინა, მაგრამ ამ საქონელსაც არ აქვს კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან (მაგ: გაყინული ხორცი, გაყინული ქათამი, ბლინი, ხინკალი და ა.შ). ერთადერთი ნახევარ-ფაბრიკატი რასაც მეწარმე ამზადებს არის ნახევრად დამუშავებული კარტოფილი, რომელსაც ადგილზე ამზადებს და ყიდის პატარა ულუფებად კარტოფილი ფრის სახით. ამასთანავე ადგილზე ყიდულობს ხილს, ძირითადად სეზონურს (მანდარინი, ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, ატამი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ), რასაც ადგილზე უწევს რეალიზაციას.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული აუდიტის დეპარტამენტისთვის გადამხდელის მიერ არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ დაამძიმებდა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ზედნადებებით შეძენა დაახლოებით 205 000 ლარის და საპირწონედ აქვს შემოსავალი დაახლოებით 750 000 ლარი, რომელიც არარელევანტურია.

შემოწმებას წარუდგენს შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, რაც გამოიწვევს რიგ ცვლილებებს, როგორც დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადაზე, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის ფორმირებაზე. 2025 წლის 16 აპრილს აუდიტის დეპარტამენტს მიმართეს თხოვნით, მოეწოდებინა დარიცხვის გაანგარიშების ამსახველი ინფორმაცია, რათა სწორად მოხდეს როგორც დასაბეგრი ბრუნვის, ისე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ფორმირების საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ვერ მოხერხდა. იმედს იტოვებს, რომ დავის ჩანიშვნამდე მოხდება ინფორმაციის მოწოდება, რათა მომჩივნის მხრიდან მოხდეს დეტალური გაანგარიშების მითითება პერიოდების მიხედვით გამოწვეული ცვლილებების თანხობრივი მითითებით.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მარტის №261-4 საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 30 ივლისს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ. მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა კვების პროდუქტების საცალო ვაჭრობა. გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ჯიხურის ტიპის ობიექტზე. გადასახადის გადამხდელი ყიდულობს და ყიდის მზა პროდუქციას, ძირითადად გამაგრილებელ სასმელებს, ნაყინს და ხილს. მეწარმე ადგილზე ყიდულობს ხილს, ძირითადად სეზონურს მანდარინი, ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, ატამი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ რასაც ადგილზე უწევს რეალიზაციას.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული აუდიტის დეპარტამენტისთვის გადამხდელის მიერ არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ დაამძიმებდა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ზედნადებებით შეძენა დაახლოებით 205 000 ლარის და საპირწონედ აქვს შემოსავალი დაახლოებით 750 000 ლარი, რომელიც არარელევანტურია. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგენს შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, რაც გამოიწვევს რიგ ცვლილებებს, როგორც დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადაზე, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის ფორმირებაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 30 ივლისს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 164; 165; 172.