ბრძანება N 10163

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10163
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10163

10.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------" (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2022 წლის 5 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 დეკემბრის, 2023 წლის 22 თებერვლის, 23 მარტის და 20 აპრილის სხდომებზე (ოქმი №121, №17, №30 და №42) განიხილა ი/მ "------" -ს (ს/ნ "------") 2022 წლის 5 ნოემბრის №76006/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №006-424 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება მის საბანკო ანგარიშზე კომერციული ფართის მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად დაკვალიფიცირებას და განმარტავს, რომ საბანკო დაწესებულებასთან წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა, გაეყიდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება, თუმცა ვინაიდან ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იყო საკმარისი აღნიშნული დავალიანების დასაფარად, საჭირო გახდა სესხის აღება ფიზიკური პირებისგან. მომჩივანი აცხადებს, რომ კომერციული ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გაყიდა ფართი მოიჯარე ფიზიკურ პირებზე 188 000 ლარად, ხოლო დანარჩენი 177 131 აშშ დოლარი წარმოადგენდა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გაცემულ სესხს, რათა დაფარულიყო საბანკო დავალიანება და შესაძლებელი ყოფილიყო ფართის ახალ მყიდველებზე რეგისტრაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"- ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 4 ოქტომბრის №25354 ბრძანება და ამავე თარიღის №006-424 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 314 826 ლარი, მათ შორის, გადასახადი 161 426 ლარი, ჯარიმა 58 234 ლარი და საურავი 95 166 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ "------" -მ 2017 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით 105 000 აშშ დოლარად (260 578 ლარი) შეიძინა 193.37 მ 2 კომერციული ფართი და 139.56 მ 2 ავტოსადგომი (ს/კ ), მდებარე ქ. "------" 2018 წლის მარტში გადამხდელმა აღნიშნული კომერციული ფართი და იმავე მისამართზე საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი 19.66 მ 2 (ს/კ ------- ) გააერთიანა, შესაბამისად, კომერციული ფართი გახდა 213.03 მ 2 (ს/კ ------ ). აღნიშნული ფართი გადამხდელს იჯარით ჰქონდა გაცემული შპს „-----"

წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2019 წლის 26 მარტს კუთვნილი უძრავი ქონება "------"-მ გაყიდა 188 000 ლარად, მყიდველები: "------", "------" და "------". საგადასახადო შემოწმების პროცესში მოთხოვნილი იქნა ი/მ "------" საბანკო ამონაწერები, რომელთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ 227 321,15 აშშ დოლარი და 53 380 ლარი (სულ 663 100). გადამხდელს არ შეუსრულებია აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით, მეწარმეს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 26 მარტი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად და 561 949 ლარი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მეწარმეს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ :

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ი/მ "------"-მ 2017 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი კომერციული და იმავე მისამართზე საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა ფიზიკურ პირებს: "-----" , "-----" და "-----" . საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ 227 321,15 აშშ დოლარი და 53 380 ლარი. საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად და დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ვინაიდან მეწარმეს აღნიშნული ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული და იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში, გადამხდელს ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები (გარდა 188 000 ლარისა) წარმოადგენდა ფიზიკური პირების მიერ ი/მ "------"- ზე გაცემულ სესხს, რომლითაც მეწარმეს უნდა დაეფარა საბანკო დავალიანება. მისივე განმარტებით, მყიდველი პირები გამოიკითხნენ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სადაც დაადასტურეს, რომ ი/მ "------"-სგან იყიდეს უძრავი ქონება 188 000 ლარად, ხოლო ჩარიცხული თანხის დანარჩენი ნაწილი წარმოადგენდა გაცემულ სესხს.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურში საჩივრის ზეპირი განხილვის შემდგომ, 2023 წლის 28 მარტს წარმოადგინა განცხადება (რეგ. №"------" ) სესხის გადახდის გრაფიკთან და საგადახდო დავალებასთან ერთად. წარმოდგენილი სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 29 დეკემბრით, 2019 წელს ი/მ "-----"-ზე გაცემული სესხის (171 131 აშშ დოლარი) დაფარვა დაიწყება 2023 წლის 28 იანვარს და სესხის ვადად განისაზღვრება 5 წელი. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და საგადახდო დავალების მიხედვით, "------"-მ 2023 წლის 8 თებერვალს და 10 მარტს "------"-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 6 000 და 8 000 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ი/მ "------"-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არ არიან გამოკითხული "------","------","------" .

ყოველივე ზემოაღნიშნულზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე მყიდველი ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან

არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან

სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო

კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული

დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მის საბანკო ანგარიშზე კომერციული ფართის მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს არ შეუსრულებია უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით, მეწარმეს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მეწარმეს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე მყიდველი ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:157(1),160("ა"),161(1 "ა"),171(1),102(1 "ბ" )