ბრძანება N 3807
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3807
05 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 24 იანვრის №93902/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №007-318 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვას და დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. მომჩივანი მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №17250, 7 აგვისტოს №18301 და 23 დეკემბრის №26999 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------’’-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26882 ბრძანების საფუძველზე დანიშნული კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27526 ბრძანება და ამავე თარიღის №007–318 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 674 301 ლარი, მათ შორის გადასახადი 422 489 ლარი, ჯარიმა 227 047 ლარი და საურავი 24 765 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი პერიოდულად აწარმოებდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი რაოდენობის აღრიცხვას, რის შედეგადაც ჩამოწერდა სმფ-ის ფაქტობრივი მონაცემების ბუღალტრულ ნაშთთან შედარებისას გამოვლენილ სხვაობას. აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებდა მარაგების ინდივიდუალურ აღრიცხვას და ბუღალტრულ ჩანაწერებში თითოეულ საქონელს მინიჭებული ჰქონდა უნიკალური კოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კვარტლის ჭრილში გადასახადის გადამხდელი ქმნიდა ჯგუფს, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა უნიკალური კოდის მქონე სხვადასხვა საქონელი. ჯგუფში შემავალი საქონლის ჯამური ზედმეტობა ინაშთებოდა ამავე ჯგუფში არსებული სხვა საქონლის ჯამური დანაკლისით (როგორც რაოდენობრივად, ასევე, სარეალიზაციო ღირებულებებით) და მიღებულ შედეგს (სხვაობის არსებობის შემთხვევაში) გადამხდელი ასახავდა შესაბამის კვარტალში წარდგენილ დღგ-ისა და მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში არსებული დასაბეგრი თანხების გაანგარიშებებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იყო გაენაშთა კონკრეტული უნიკალური კოდის მქონე საქონლის გამოვლენილი დანაკლისი ამავე უნიკალური კოდის მქონე საქონლის დაფიქსირებულ ზედმეტობასთან.
საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით, 983 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიღებული კონკრეტული საქონლის რაოდენობრივი სხვაობით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს შესაბამის პერიოდებში წარდგენილი დღგ-სა და მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში არსებული დასაბეგრი თანხების მოცულობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვას და დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდი არ ასახავს ობიექტურ რეალობას და არ ადგენს რეალურ დანაკლისს. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ჯამური დანაკლისი (განაშთვის გარეშე) შეადგენს 3 910 601 ლარს (საიდანაც კომპანიას თავად ჰქონდა დაბეგრილი 2 628 225 ლარის ღირებულების დანაკლისი). თუმცა, იმავე ცხრილით, არსებული ზედმეტობა შეადგენს 2 766 859 ლარს. შედეგად, რეალური დანაკლისი (დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში შემცირებული დასაბეგრი ბაზა) შეადგენს ამ ორ თანხას შორის სხვაობას - 1 143 742 ლარს (დანაკლისის და ზედმეტობის განაშთვის შედეგად მიღებული დანაკლისის ოდენობა). შემოსავლების სამსახურის იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის დანაკლისის და ზედმეტობის ერთმანეთში გაუნაშთაობა (სმფ-ების აღრიცხვის მეოთხე დონეზე) სრულიად გაუმართლებელია და იწვევს კომპანიის ორმაგად დაბეგვრას ერთსა და იმავე დასაბეგრ ბაზაზე. აცხადებს, რომ კომპანია საქონელს ნაშთავს არა ინდივიდუალურ დონეზე, არამედ მის მიერ შექმნილი კატეგორიზაციის მეოთხე დონის ჯგუფების შიგნით. უფრო დეტალურად კი, კომპანიას ჰყავს შიდა ინვენტარიზაციის ჯგუფი, რომელიც გარკვეული სიხშირით (ძირითადად ყოველკვარტალურად) ინვენტარიზაციას ატარებს მაღაზიის სხვადასხვა სექციაში და ადგენს შესაბამისი ინვენტარიზაციის აქტს, რომლის მონაცემებიც ისახება კომპანიის საბუღალტრო ბაზებში. კვარტალში ერთხელ კომპანია აღნიშნული ინვენტარიზაციის აქტებზე დაყრდნობით არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს ბუღალტრულ მონაცემებს დანაკლისის/ზედმეტობის დადგენის მიზნით. ამგვარი შედარების ფარგლებში ანალიზი კეთდება საქონლის კატეგორიზაციის მეოთხე დონეზე არსებული ჯგუფების მიხედვით. კერძოდ, თუკი ფაქტობრივი და საბუღალტრო მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას მეოთხე დონის ჯგუფში „-------“ აქვს ჯამური დანაკლისი, აღნიშნული დანაკლისი შესაბამისად იბეგრება მოგების გადასახადით და დღგ-ით. თუმცა, ჯგუფის შიგნით არსებული საქონლის დანაკლისი/ზედმეტობა ერთმანეთში ინაშთება. მაგალითად, თუკი აღმოჩნდა, რომ ------- ------- არის 3 ერთეულის დანაკლისი, ხოლო ------- ------- არის 2 ერთეულის ზედმეტობა, აღნიშნული ერთმანეთში ინაშთება და მეოთხე დონის ჯგუფ „-------“ გამოვლენილი სალდირებული დანაკლისი - 1 ერთეული იბეგრება როგორც დანაკლისი მოგების გადასახადითა და დღგ-ით.
აცხადებს, რომ კომპანია ვაჭრობს „ღია საწყობის“ პრინციპით და ქურდობის, თაღლითობის და შეცდომების შედეგად არსებული გარკვეული ოდენობის დანაკლისი „-------“ მსგავსი ტიპის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მიუთითებს, „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებასა და „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 ოქტომბრის №26094 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მოცემულ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული მეთოდური მითითებებით და რეალიზებული სასურსათო საქონლის 1%-ის და არასასურსათო საქონლის 0.5%-ის ფარგლებში არსებული დანაკარგი არ უნდა ჩათვალოს დანაკლისად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი სრული ბრუნვა შეადგენდა 456 584 369 ლარს. ამავდროულად, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი და დაბეგრილი დანაკლისის სრული ღირებულება 1 261 896 ლარია, რაც კომპანიის ბრუნვის მხოლოდ 0.27%-ს შეადგენს და ამდენად, არაარსებითია. ასევე, დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე10 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობა თავადვე უშვებს ბუნებრივი (არაბრალეული) ცდომილების შესაძლებლობას, 2%-ის ფარგლებში. აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურს დადგენილი აქვს დანაკარგების ზღვრული ოდენობები სხვადასხვა სახის საქონელზე, რომლის ფარგლებშიც გარკვეული ოდენობის დანაკარგები, რომლებიც ზოგ შემთხვევებში 0.03%-დან 65%-მდე მერყეობს, არ ჩაითვლება დანაკლისად და არ დაიბეგრება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სმფ-ების გაშიფვრის შესახებ მტკიცებულებები/ინფორმაცია. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდურ მითითებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 ოქტომბრის №26094 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სმფ-ების გაშიფვრის შესახებ მტკიცებულებები/ინფორმაცია;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდურ მითითებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 13 ოქტომბრის №26094 ბრძანებით დამტკიცებულ „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვა და დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებები.
2. მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი პერიოდულად აწარმოებდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი რაოდენობის აღრიცხვას, რის შედეგადაც ჩამოწერდა სმფ-ის ფაქტობრივი მონაცემების ბუღალტრულ ნაშთთან შედარებისას გამოვლენილ სხვაობას. აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებდა მარაგების ინდივიდუალურ აღრიცხვას და ბუღალტრულ ჩანაწერებში თითოეულ საქონელს მინიჭებული ჰქონდა უნიკალური კოდი. კვარტლის ჭრილში გადასახადის გადამხდელი ქმნიდა ჯგუფს, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა უნიკალური კოდის მქონე სხვადასხვა საქონელი. ჯგუფში შემავალი საქონლის ჯამური ზედმეტობა ინაშთებოდა ამავე ჯგუფში არსებული სხვა საქონლის ჯამური დანაკლისით და მიღებულ შედეგს (სხვაობის არსებობის შემთხვევაში) გადამხდელი ასახავდა შესაბამის კვარტალში წარდგენილ დღგ-ისა და მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში არსებული დასაბეგრი თანხების გაანგარიშებებში. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იყო გაენაშთა კონკრეტული უნიკალური კოდის მქონე საქონლის გამოვლენილი დანაკლისი ამავე უნიკალური კოდის მქონე საქონლის დაფიქსირებულ ზედმეტობასთან.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სმფ-ების გაშიფვრის შესახებ მტკიცებულებები/ინფორმაცია; განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 159; 160(3-თ); 163(3-დ); 269(7)