საკარანტინო მიზნებისათვის სასტუმროში განთავსების მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა N 2540
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საკარანტინო მიზნებისათვის სასტუმროში განთავსების მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა N 2540
ფაქტობრივი გარემოებები
· პირმა, რომელიც ახორციელებს სასტუმრო საქმიანობას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შესაბამისი პირები სავალდებულო კარანტინის ფარგლებში უსასყიდლოდ განათავსა სასტუმროში
· პირმა აღნიშნული ოპერაცია არ დაბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით, ამასთან ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ხარჯებზე დღგ ჩაითვალა
შეფასება
· "საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 23.03.20 წ. N181 დადგენილებით, პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი მოთხოვნისთანავე ვალდებულნი არიან გამოყონ სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი სერვისები) შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის მიზნით. ამავე დადგენილებით დამტკიცებული N2 დანართის შესაბამისად, სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობის განკარგულებით (28.01.20წ. #164) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ს - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის ორგანიზება(საქონლის/მომსახურების შესყიდვა).
· სსკ-ის: - 983 (3დ) მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; - მე-100(4) მუხლის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; - 168 (4.ი) მუხლის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
· ვინაიდან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას აღნიშნული სსიპ გამოდის სახელმწიფოს სახელით, პირის მიერ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში შესაბამისი პირების უსასყიდლოდ განთავსება განიხილება სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად. შესაბამისად, ასეთი მომსახურება თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან და დღგ-ისაგან (ჩათვლის უფლებით); ასევე, შესაბამის შემთხვევებში, პირის ერთობლივ შემოსავლში ასახვას არ ექვემდებარება, ხოლო ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გამოიქვითება.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და მისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება