ბრძანება N 2444
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2444
10.02.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2022 წლის 12 აგვისტოს, 18 ოქტომბრის და 22 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის და 2023 წლის 16 იანვრის სხდომებზე (ოქმები №116; №3) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 12 აგვისტოს №147015/21, 18 ოქტომბრის №75575/1/2022 და 22 დეკემბრის №232608/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №005-110 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და მიუთითებს შემდეგს:
2017 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „----------“-მა 2017 წელს საკუთრებაში გადასცა შპს „----------“ -ის უძრავი ქონება. კერძოდ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. შპს „----------“-ს მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ უნდა მიეწოდებინა რვა სართულიან შენობაში მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ფართის ტერასა. ზემოაღნიშნული ფართები შავი კარკასის მდგომარეობაში შპს „----------“- 2019 წლიდან მიაწოდა შპს „----------“-ს ეტაპობრივად, შპს „----------“-მა ასევე შავი კარკასის (მშენებარე) მდგომარეობაში მოახდინა მისი საბაზრო ფასით რეალიზაცია. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კომპანიას სრულიად სამართლიანად ეკუთვნის დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, რომელიც ციფრობრივად უნდა აისახოს საგადასახადო შემოწმების აქტში შესაბამისი საბაზრო ფასების მითითებით.
გადასახადის გადამხდელი აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ ერთმანეთის მიმართ წარმოადგენენ არაურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამიტომ, შემოწმების პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე საქონლის თითოეული მიმღებისათვის შეძენილი საქონლის ფასი წარმოადგენს საბაზრო ფასს. შპს „----------“-მა შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან - შპს „----------“-გან, ხოლო ამის შემდგომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდიდან შპს „----------“ ასევე შავი კარკასის მდგომარეობაში იგივე უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი საბაზრო ფასზე მეტად მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს. მეტი მტკიცებულებისათვის შპს „----------“-მა დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) ჩართულობით განახორციელა რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გადამოწმება, რომელიც ფაქტობრივად იდენტური იყო შპს „----------“-ს საბაზრო ფასთან მიმართებაში. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან - შპს „----------“ და დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში. შესაბამისად, ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
მოგების გადასახადთან მიმართებით მიუთითებს, რომ თუნდაც საბაზრო ფასის ცვლილების პირობებში უნდა მოხდეს კომპანიაში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შეტანილი თანხების გათვალისწინება. ასევე, აცხადებს, რომ ერთ-ერთი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გამო დარიცხული მოგების გადასახადი უნდა იყოს ნაკლები, ნაცვლად 212 850 ლარისა შეადგენს 15 702,89 ლარს.
გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებული საჩივრით ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და მითითებულია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებები დაუბრუნდა საწარმოს და განხორციელებული ოპერაციები გაუქმებულია.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, მაგრამ არ ეთანხმება დარიცხული 14 077 ლარის ოდენობას, რადგან გაურკვეველია აღნიშნული ციფრის კალკულაცია. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ქონებაზე გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს შემოწმების აქტით არის განსაზღვრული. აგრეთვე, ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6560 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 ივლისის №19362 ბრძანება და ამავე თარიღის №005-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 997 882 ლარი, მათ შორის, გადასახადი 559 791 ლარი, ჯარიმა 207 795 ლარი, საურავი 230 296 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----------“-ს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასას ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. ასევე, გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 161-ე მუხლებით. დადგინდა, რომ გადამხდელს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოექმნა 2019 წლის ივნისში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი. შემოწმების მიერ საბაზრო ფასი აღებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში არსებული, ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. შემოწმებით დადგინდა გადამხდელის მიერ დღგ-ის 18% განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
შპს „----------“-ს და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება. რომლის მიხედვითაც შპს „----------“ საკუთრებაში გადასცა შპს „----------“-ს“ (ს/კ ----------) მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „----------“-ს და ამავდროულად მიწისა და შენობის სანაცვლოდ შპს „----------“-მა მიიღო 8 სართულიანი შენობიდან მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ტერასა. შპს „----------“-მა ურთიერთდამოკიდებულ პირს (დირექტორის შვილს) აღნიშნული 6 ბინა და ტერასა მიჰყიდა საბაზროზე დაბალ ფასად. გადამხდელს ბინების რეალიზაციისას კვ.მ. ფასი დაფიქსირებული აქვს 38$-დან 347$-ის ფარგლებში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა რეალიზებული ბინების ფასი. შემოწმებით დადგენილ იქნა იმავე საცხოვრებელ კორპუსში, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებლი 705$, ხოლო ტერასასთვის 564$. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შპს „----------“-ს 2019-2020 წლებში ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით უფიქსირდება, რომ ქონების გადასახადი დეკლარირებულია უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ ფართებზე, ტერასაზე და ავტოფარეხებზე. საწარმომ აღნიშნული ფართები მიაწოდა დირექტორის შვილს (1 ბინა 2022 წლის მაისში დირექტორს). გადამხდელს ასევე უფიქსირდება უძრავი ქონება ზემოთხსენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-2 სართული (ს/კ ----------) 389 კვ.მ., რომელიც გადამხდელის განმარტებით გამოყენებულ იქნება სამედიცინო საქმიანობაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ქონებაზე გადამხდელს გადასახადი არ გადაუხდია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმება უთითებს, რომ გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადამხდელის ძირითად საშუალებას. სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ ეტაპზე გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ასევე პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის პოზიციასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემდეგზე:
დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „----------“-ს და შპს „----------“-ს შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „----------“-მა საკუთრებაში გადასცა შპს „----------“-ს მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „----------“-ს და ამავდროულად მიწისა და შენობის სანაცვლოდ შპს „----------“-მა მიიღო უძრავი ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ასევე შემოწმების მიხედვით გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად და აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლიდან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონომდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“-მა შავი კარკასის მდგომარეობაში (მშებენარე ფართი) 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან - შპს „----------“გან, ხოლო ამის შემდგომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდიდან შპს „----------“-მა, ასევე შავი კარკასის მდგომარეობაში იგივე უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს. აგრეთვე, გადამხდელის განმარტებით, შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან - შპს „----------“ და დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში. გადამხდელი ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან და ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების საწარმოს საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით დადგენილია გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების ფლობის ფაქტი. აღნიშნული ქონებიდან ნაწილი მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გადამხდელის განმარტებით, გამოყენებულ უნდა იქნას სამედიცინო საქმიანობისთვის. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადამხდელის ძირითად საშუალებას. რაც, შეეხება სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებას, ვინაიდან, შესაბამის პერიოდში გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას, დარიცხულ გადასახადს და ითხოვს, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, მაგრამ არ ეთანხმება დარიცხული 14 077 ლარის ოდენობას, რადგან გაურკვეველია აღნიშნული ციფრის კალკულაცია. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ქონებაზე გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს შემოწმების აქტით არის განსაზღვრული.
ფაქტობრივი გარემოებები
1) გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანმა შავი კარკასის მდგომარეობაში (მშებენარე ფართი) 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან, ხოლო ამის შემდგომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდიდან მომჩივანმა, ასევე შავი კარკასის მდგომარეობაში იგივე უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს. აგრეთვე, გადამხდელის განმარტებით, შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან და დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში. გადამხდელი ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს გამყიდველისგან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
2) გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების ფლობის ფაქტი. აღნიშნული ქონებიდან ნაწილი მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გადამხდელის განმარტებით, გამოყენებულ უნდა იქნას სამედიცინო საქმიანობისთვის. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადამხდელის ძირითად საშუალებას. რაც, შეეხება სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებას, ვინაიდან, შესაბამის პერიოდში გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას, დარიცხულ გადასახადს და ითხოვს, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 272; 275;
(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“)