გადაწყვეტილება №20791/2/2023
📄 სრული ტექსტი
№20791/2/2023
27 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 8.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20791/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის №006-201 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 332 345 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 765 170
დღგ - 221 113
მოგების გადასახადი - 8 478
საშემოსავლო გადასახადი - 535 579
ჯარიმა - 340 506
საურავი - 226 669
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 22.05.2023 წლის №11338 ბრძანება და №006-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა ნულს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ უფიქსირდება), შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან.
შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ და ,,კ1“ ქვეპუნქტებით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაფუძნების დღიდან ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას. დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს, შესაბამისად, გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზება განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. ამასთან, 12 უწყვეტი თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის პირველი იანვრიდან, რაც მის მიერ არ არის შესრულებული.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხდა აუდიტის დეპარტამენტთან სრულყოფილად ინფორმაციის წარდგენა, შესაბამისად აუდიტორებმა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრეს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რისი უფლებაც მათ მინიჭებული აქვთ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია საწარმოში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით მათ მიერ ვერ მოხდა ისეთი საკითხების გათვალისწინება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის შემოწმების შედეგებს. საწარმოს გაკოტრების რეჟიმში 2023 წლის 20 ივნისს გაკოტრების მმართველის --------ს მიერ მიმართულია შემოსავლების სამსახურისათვის, რითაც მოთხოვნილია სრული და დეტალური ინფორმაცია საწარმოს მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 2023 წლის 22 მაისის №006-201 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების წარმოშობის საფუძვლებზე. თუმცა, შემოსავლების სამსახურში დავების განხილვამდე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული იყო მხოლოდ ფულადი სახსრების გაანგარიშების ცხრილი (საკითხი №1).
შესაბამისად მოკლებული იყო შესაძლებლობას სცოდნოდა თუ რა გაანგარიშებებისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. დღეის მდგომარეობით აუდიტორების მიერ მიეწოდა გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნული გაანგარიშების ცხრილების საფუძველზე წარმოადგენთ პოზიციას თუ რატომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისი საკითხის გაანგარიშებებს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მონაცემების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის იდენტიფიცირება მოხდა შესყიდვის დოკუმენტების ანალიზის მიხედვით. კერძოდ, შესყიდვის სასაქონლო ზედნადებში მითითებული „დაბეგვრის ტიპის“ შესაბამისად განისაზღვრა, თუ რომელი საქონლის მიწოდება წარმოადგენდა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. აღნიშნული მეთოდი სრულად ეყრდნობა საქონლის გამყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადებში მითითებულ „დაბეგვრის ტიპს“. ვინაიდან, შესყიდვებს ახორციელებდა არაერთის მომწოდებლისაგან ზოგიერთ საქონელთან მიმართებაში სასაქონლო ზედნადებებში გამყიდველ მხარეს არასწორად აქვს მითითებული კონკრეტული საქონლის დაბეგვრის ტიპი, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე დაბეგვრაში მოხვედრილია ისეთი მედიკამენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან დაბეგვრას. მის მიერ იდენტიფიცირებულია 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელზეც გამყიდველ მხარეს არასწორად ჰქონდა მითითებული „დაბეგვრის ტიპი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ – „ო“ ქვეპუნქტებში კი გათვალისწინებულია ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. შესაბამისად, არ ეთანხმება აუდიტის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ისეთი საქონლის გათვალისწინებას, რომელიც საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე და ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას მისი ჩართულობით, რათა სწორად განისაზღვროს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის რეალიზაციები, ხოლო ის ფაქტი, რომ გამყიდველის მიერ ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად არის მითითებული დაბეგვრის ტიპი დასტურდება იმითაც, რომ ზოგიერთი მედიკამენტთან დაკავშირებით გამყიდველების მიხედვით შეძენის ზედნადებებში სხვადასხვა დაბეგვრის ტიპია მითითებული. მაგალითად მედიკამენტებზე „ამოქსიკლავი“, „ბეტალოკი“, “ბრონქოდიაზინა“, “სუპრასტინი“, „დიდროფი“, “ეგილოკი“, „ვალსაკორი“, „პინოსოლი“, „სტრესამი“ და ა.შ ზოგიერთ ზედნადებში დაბეგვრის ტიპად მითითებულია „ჩვეულებრივი“, ზოგიერთ ზედნადებში „დაუბეგრავი“, ხოლო რეალურად აღნიშნული მედიკამენტი წარმოადგენს გათავისუფლებულ საქონელს. ასეთი 100-ზე მეტი სახეობის მედიკამენტის იდენტიფიცირება მოხდა მის მიერ და ითხოვს მიეცეს საშუალება ხელახლა მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა მისი თანამონაწილეობით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებაროს შემცირებას. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით განსაზღვრული საქონლის იმპორტი და მიწოდება. აღნიშნული ბრძანების მე-2 დანართის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ დანართის პირველი მუხლის, მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია (ტესტები, ბახილები, სახის დამცავი ფარები, სამედიცინო ხელთათმანები, სამედიცნო ხალათები, კომბინიზონები, ქუდები, პირბადეები, ნიღბები, დამცავი სათვალეები, უკონტაქტო თერმომეტრები, ჟანგბადი) 2020 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში გათავისუფლებულია დღგ-სგან. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ფაილების მიხედვით, კი ზემოხსენებულ პერიოდში აღნიშნული საქონლის რეალიზაციები მოხვედრილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, შესაბამისად ითხოვს ხელახლა მოხდეს მისი თანამონაწილეობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშება და შესაბამის პერიოდებში ზემოხსენებული საქონლის რეალიზაციების შესაბამისად შემცირდეს დასაბეგრი ბრუნვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და ,,კ1 “ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით:
ა.ა) სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნისთვის განკუთვნილი სეს ესნ-ის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტი;
ა.ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ა.გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი;
ა.დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი;
ა.ე) სეს ესნ-ის 9619 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა დაფუძნების დღიდან ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრი პროდუქციის შეძენას. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ ფიქსირდება. შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან. შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან - 1.01.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას. საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდეს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზოგიერთ საქონელთან მიმართებაში სასაქონლო ზედნადებებში მომწოდებელს არასწორად აქვს მითითებული კონკრეტული საქონლის დაბეგვრის ტიპი, შესაბამისად დაბეგვრაში მოხვედრილია ისეთი მედიკამენტები, რომლებიც არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. იდენტიფიცირებულია 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელზეც არასწორადაა მითითებული „დაბეგვრის ტიპი“. ითხოვს მიეცეს საშუალება ხელახლა მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა მისი მონაწილეობით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებაროს შემცირებას.
მომჩივანი ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტსა და 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის საქონლის იმპორტი და რეალიზაცია (ტესტები, ბახილები, სახის დამცავი ფარები, სამედიცინო ხელთათმანები, სამედიცნო ხალათები, კომბინიზონები, ქუდები, პირბადეები, ნიღბები, დამცავი სათვალეები, უკონტაქტო თერმომეტრები, ჟანგბადი) 2020 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში გათავისუფლებულია დღგ-სგან. ამ პერიოდში აღნიშნული საქონლის რეალიზაციები მოხვედრილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ითხოვს ხელახლა მოხდეს მისი მონაწილეობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშება.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს ასევე, მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა დოკუმენტაცია რომლითაც დადგინდებოდა ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ფაქტობრივ გარემოებად მოცემულია, რომ საწარმოს მიერ გაწეული გარკვეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა შემოწმების ეტაპზე, ხოლო სამართლებრივ დასაბუთებაში მოყვანილია საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც გაწეულ ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, კი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია მის მიერ მიღებული სასაქონლო-ზედნადებების მიხედვით. შესაბამისად, ის ხარჯი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით არ არის შესაბამისობაში დაბეგვრის სამართლებრივ საფუძველში მითითებული საგადასახადო ნორმასთან, რადგან ყველა იმ ხარჯთან დაკავშირებით, რომელიც შემოწმების ეტაპზე დაიბეგრა მოგების გადასახადით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72- ე მუხლის მოთხოვნებს და პირიქით, სწორედ ამ დოკუმენტებიდან მოხდა დაბეგრილი ხარჯების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, მის მიერ გაანალიზდა შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაბეგრილი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, კერძოდ: მოგების გადასახადით დაბეგრილია ავტომობილების მიმდინარე და შეკეთების ხარჯები, კერძოდ, ისეთი საქონლის შეძენები როგორებიცაა ძრავის ზეთი, ზეთისა და ჰაერის ფილტრები, აკუმულატორი, საქარე მინის ჯაგრისი, მაყუჩის გოფრა, საწვავის ფილტრი, სალონის ფილტრი, აღნიშნული ნაწილების შეცვლის მომსახურება, გადაბმულობის ავზი, ჰალოგენური ნათურა და სხვა. მაშინ, როდესაც საწარმოს საკუთრებაში დღემდე უფიქსირდება ავტომობილები და საქმიანობიდან გამომდინარე აღნიშნული ავტომობილებით ხდებოდა ერთის მხრივ მარაგების შეძენა, ხოლო მეორეს მხრივ მყიდველების მომარაგება ავტომობილისათვის აუცილებელია ტექნიკურად გამართულ მდგომაროებაში ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარჯების უმეტესობა დაკავშირებულია ექსპლუატაციის ხარჯებთან შესაბამისად აღნიშნული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯებად განხილვა მიაჩნია, რომ არ არის სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში. ასევე, ვინაიდან წარმოადგენს აფთიაქს გააჩნია საოფისე სივრცე, რომელიც დამფუძნებლისაგან უსასყიდლო იჯარის გზით ჰქონდა მიღებული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ ფართში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვები დაბეგრილია მოგების გადასახადით. საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ იმ ფართის რემონტი საიდანაც საწარმო ახორციელებს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებული მოგების გადასახადი უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. ასევე, ცხრილის ანალიზით ირკვევა, რომ დაბეგრილია ისეთი ელექტრონული ტექნიკის შეძენა, როგორიცაა მონიტორი, მაუსი, კლავიატურა, ტელეფონი, მეხსიერების ბარათი, ყურსასმენი და სხვა. აღნიშნული ტექნიკა სრულად გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში და მათ გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და მიაჩნია, რომ აღნიშნული ხარჯების დაბეგვრა არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ასევე, მოგების გადასახადით დაბეგრილია ისეთი მიმდინარე ხარჯები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებების შეძენა. კერძოდ: აეროზოლების, დომესტოსის, სიფ.კრემის, ტუალეტის ქაღალდის და ა.შ. აღნიშნული ჰიგიენური საქონლის გარეშე რთულად წარმოსადგენია თუ როგორ უნდა მოხდეს საწარმოს თანამშრომლების მიერ ოფისში მუშაობა და ეკონომიკური აქტივობა. შესაბამისად არც ზემოხსენებული საქონლის შეძენის დაბეგვრა მიაჩნია მართლზომიერად. ასევე, გარკვეული საქონელი (სასმელი და ტკბილეული) სადღესასწაულო დღეებში შეძენილია პარტნიორი კომპანიებისათვის გადასაცემი საჩუქრის მიზნობრიობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამომდინარე მიაჩნია, რომ ერთის მხრივ საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული სამართლებრივი დასაბუთება, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტური დადასტურება, ხოლო მეორეს მხრივ მოგების გადასახადით ძირითადად დაბეგრილია ისეთი, ხარჯები რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამიტომ ითხოვს მისი ჩართულობით მოხდეს მოგების გადასახადით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შედეგად, გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყველა იმ ხარჯთან დაკავშირებით, რომელიც შემოწმების ეტაპზე დაიბეგრა მოგების გადასახადით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72- ე მუხლის მოთხოვნებს. მოგების გადასახადით დაბეგრილია ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, კერძოდ: ავტომობილების მიმდინარე და შეკეთების ხარჯები, მაშინ როცა საწარმოს საკუთრებაში კიდევ უფიქსირდება ავტომობილები და საქმიანობიდან გამომდინარე, აღნიშნული ავტომობილებით ხდებოდა ერთის მხრივ მარაგების შეძენა, ხოლო მეორეს მხრივ მყიდველების მომარაგება. ასევე, ვინაიდან წარმოადგენს აფთიაქს გააჩნია საოფისე სივრცე, რომელიც დამფუძნებლისაგან უსასყიდლო იჯარის გზით ჰქონდა მიღებული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ ფართში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ცხრილის მიხედვით აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვები დაბეგრილია მოგების გადასახადით. ფართის რემონტი, საიდანაც საწარმო ახორციელებს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აგრეთვე, დაბეგრილია ისეთი ელექტრონული ტექნიკის შეძენა, როგორიცაა მონიტორი, მაუსი, კლავიატურა, ტელეფონი, მეხსიერების ბარათი, ყურსასმენი და სხვა. აღნიშნული ტექნიკა სრულად გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში და მათ გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. გარდა ამისა, მოგების გადასახადით დაბეგრილია ისეთი მიმდინარე ხარჯები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებების შეძენა. კერძოდ: აეროზოლების, დომესტოსის, სიფ.კრემის, ტუალეტის ქაღალდის და ა.შ. აღნიშნული ჰიგიენური საქონლის გარეშე რთულად წარმოსადგენია თუ როგორ უნდა მოხდეს საწარმოს თანამშრომლების მიერ ოფისში მუშაობა და ეკონომიკური აქტივობა. ასევე, გარკვეული საქონელი (სასმელი და ტკბილეული) სადღესასწაულო დღეებში შეძენილია პარტნიორი კომპანიებისათვის გადასაცემი საჩუქრის მიზნობრიობით. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტური დადასტურება, მოგების გადასახადით დაბეგრილია ისეთი, ხარჯები რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამიტომ მოითხოვს, მისი ჩართულობით მოხდეს მოგების გადასახადით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელოს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ.ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ.ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. მე-2 დავის საგნის ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა ნულს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ უფიქსირდება), შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1. საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 171(1"ღ"), 173(1"ა"), 97(1"ბ"), 982(1"ა""ბ").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა"), 168(1"კ""კ1").