გადაწყვეტილება №8903/2/2019

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 10.06.2020
№ დოკუმენტი 8903/2/2019
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№8903/2/2019

10.06.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----------------

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.06.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტიება შპს -------------ს 6.08.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის№8903/2/2019).

 

დავის საგანი:

დებიტორული დავალიანების (აქტივის) ჩუქებად ჩათვლა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2019 წლის №094-84 „საგადასახადო მოთხოვნა“;

2.შემოსავლების სამსახურის 26.07.2019 წლის №25786 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 474 102 ლარი.

მათ შორის:

დღგ - (-15 812) ლარი

მოგების გადასახადი - 326 609 ლარი

ჯარიმა - 163305 ლარი

საურავი - 0 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, რომელთა შეძენაც ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 7.01.2017 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2019 წლის 28 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მოყვება რეზიდენტი იურიდული პირებზე რიცხული დებიტორული დავალიანება, რომლის მიმართ არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (წერილობითი მოთხოვნა ან სხვა სახის სამართლებრივი მოქმედება), რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მის დაფარვასთან.

 

შემოწმებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე, დავალიანების თანხები ჩაითვალა მოთხოვნის (აქტივის) ჩუქებად 2018 წლის დეკემბრის თვეში და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 98³ მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2019 წლის №17483 ბრძანება, 31.05.2019 წლის №094-84 საგადასახადო მოთხოვნა რომელიც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.07.2019 წლის №25786 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 26.07.2019 წლის №25786 ბრძანება 6.08.2019 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98³ მუხლების პირველ ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და 96–ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საჩივრის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არსებული დებიტორული დავალიანება წარმოშობილია 2010-2014 წლების საანგარიშო პერიოდებში, მოთხოვნის რეჟიმშია და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ აღნიშნული ჩაითვალოს ვალის პატიებად (მოთხოვნის ჩუქებად). ბუღალტრული ჩანაწერებით ირკვევა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ასახულია 1400 საბუღალტრო ანგარიშზე (არსებული მოთხოვნა არ არის ჩამოწერილი როგორც უიმედო ვალი) და კომპანია თანხის ამოღების მოლოდინშია.

შემმოწმებელს წარედგინა ინფორმაცია, სადაც აღწერილია, რომ თითოეულ მათგანზე განხორციელებულია შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, გაგზავნილია შეტყობინებები, შეტანილია სარჩელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ა.შ.. ადრესატი არ იძებნება იურიდიულ მისამართზე და კომპანიის მიერ გაგზავნილი დაზღვეული წერილები ბრუნდება უკან, რომლის დოკუმენტაცია არსებობს და ცნობილია შემოწმებისათვის. ამასთან, შემოწმების პროცესში გამოიკვეთა ის გარემოებაც, რომ შპს ----- არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და, რომ არა ზემოხსენებული დარიცხვა, ნაცვლად თანხების დარიცხვისა შემოწმების აქტით ბიუჯეტიდან 15 812 ლარის მოთხოვნის უფლებაც უჩნდება.

დებიტორული დავალიანება წარმოშობის მომენტშივე დაბეგრილია მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას, რადგან ჩუქებად განხილვა ნიშნავს ერთხელ მოგების გადასახადით დაბეგრილის მეორედ, ამავე გადასახადით დაბეგვრას.

დაევალათ დოკუმენტაციის წარდგენა, თუმცა მიაჩნია, რომ დოკუმენტების წარდგენის გარეშეც შესამცირებელია დარიცხვა. უსამართლოდ მიაჩნია ერთობლივ შემოსავალში ასახული და მოგების გადასახადით დაბეგრილი მოთხოვნების კვლავ მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომ - ადმინისტრაციული კოდექსი) 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს და მტკიცებულებათა შეგროვების გამოკვლების და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით, კერძოდ, შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გააჩნია რეზიდენტ იურიდიულ პირებზე რიცხული დებიტორული დავალიანება, რომლის მიმართ არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (წერილობითი მოთხოვნა ან სხვა სახის სამართლებრივი მოქმედება), რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მის დაფარვასთან. შესაბამისად, დებიტორული დავალიანების თანხა 2018 წლის დეკემბრის თვეში, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ჩაითვალა დებიტორული დავალიანების მოთხოვნის (აქტივის) ჩუქებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამავდროულად, მომჩივანის განმარტებით, არსებული დებიტორული დავალიანება წარმოშობილია 2010-2014 წლების საანგარიშო პერიოდებში, მოთხოვნის რეჟიმშია და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ აღნიშნული ჩაითვალოს ვალის პატიებად (მოთხოვნის ჩუქებად). შემმოწმებელს წარედგინა ინფორმაცია, სადაც აღწერილია, რომ თითოეულ მათგანზე განხორციელებულია შესაბამისი რეაგირება: გაგზავნილია შეტყობინებები, ადრესატი არ იძებნება იურიდიულ მისამართზე და კომპანიის მიერ გაგზავნილი დაზღვეული წერილები ბრუნდება უკან (რომლის დოკუმენტაცია არსებობს), შეტანილია განცხადება აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ა.შ. ამასთან, დებიტორული დავალიანება წარმოშობის მომენტშივე დაბეგრილია მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე კოდექსის 98³ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული დავალიანების (მოთხოვნების) ჩუქებად განხილვა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას.

ამდენად, საქმესთან არსებული მასალების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ იკვეთება, რომ გარიგების მიზანს წარმოადგენდა უსასყიდლო მიწოდება, დებიტორული დავალიანება აღრიცხულია 2010-2014 წლების საანგარიშო პერიოდებში, რომელიც დაბეგრილია მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით და არ არის ჩამოწერილი, ასევე გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოვალეებს გაეგზავნათ შესაბამისი პრეტენზიები, ამასთან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მომჩივანმა მიმართა სამართლებრივ მექანიზმს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და არც დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის), როგორც აქტივის ჩუქება დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული დავალიანების (მოთხოვნების) ჩუქებად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო ნაწილში გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2019 წლის №094-84 „საგადასახადო მოთხოვნა“ და შემოსავლების სამსახურის 26.07.2019 წლის №25786 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.