ბრძანება N 18862
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18862
25 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 23 ივლისის, 24 ივლისის და პირველი აგვისტოს
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისისა და 7 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №61 და №64) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 23 ივლისის №116224/21, 24 ივლისის №97054/1/2025 და პირველი აგვისტოს №25562/2/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №081-149 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ რეალიზებული უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და არა კომერციულ ფართს (სასტუმროს). განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება არასოდეს ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული. შესაბამისად, ითხოვს, ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-ით დაბეგვრას და დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11758 და 9 ივნისის №11799 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14238 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 626 217 ლარი, მათ შორის გადასახადი 367 881 ლარი, ჯარიმა 129 773 ლარი და საურავი 128 563 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7650 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ფ/პ ------- 2021 წლის 31 მარტს შეძენილი ჰქონდა ------- მდებარე უძრავი ქონება (ბინა) (ს/კ -------) 650 000 ლარად, რომელიც გაყიდა 2023 წლის 20 თებერვალს. უძრავი ქონების მყიდველს წარმოადგენს შპს „-------“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ქონების ღირებულება შეადგენს 600 000 აშშ დოლარს. ფ/პ ------- მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით შპს „-------“ გარდა გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა, არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 1 597 940 ლარიდან 613 740 ლარი დაუბრუნდა შპს „-------“ (ჩარიცხვა განხორციელდა ------- საბანკო ანგარიშზე). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა 334 200 ლარის ოდენობით (1 597 940-650 000-613 740).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ასევე ჩატარდა შპს „-------“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ფ/პ ------- მიერ დაბრუნებული თანხა (613 740 ლარი) ჩაითვალა საწარმოს იმჟამინდელ დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შპს „-------“ გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა და შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, „საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ გამოიკვლიოს/შეისწავლოს სადავო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია მესამე პირებისგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საგამოძიებო სამსახურს საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და რეალობის დადგენის მიზნით. შესაბამისად, 2024 წლის 11 ნოემბრის №15679/15-04-11 წერილით შემოწმებას გაეგზავნა ფ/პ -------, ფ/პ ------- და ფ/პ ------- გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, გაირკვა, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენდა კომერციულ ფართს (სასტუმროს). მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარმოდგენილი იქნა ფ/პ -------, ფ/პ ------- და ფ/პ ------- წერილები, სადაც განმარტავენ, რომ გამოკითხის ოქმში დაფიქსირებული გარემოება ფართის კომერციული სტატუსის შესახებ შეცდომით იქნა მითითებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტში გადმოიგზავნა ფ/პ ------- გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, ფ/პ ------- განმარტავს, რომ მის მიერ დაკითხვის ოქმში აღნიშნული საკითხი, რომ ფართი წარმოადგენდა სასტუმროს ტიპის უძრავ ქონებას, იყო მექანიკური შეცდომა. აღნიშნავს, რომ ეს ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელსაც სჭირდებოდა სარემონტო სამუშაოები.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გასაჩივრების ეტაპზე შემოწმებისთვის დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის, ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებების, აგრეთვე, საგამოძიებო სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტში გადმოგზავნილი მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებას არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით, კერძოდ, უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხის 5%-ით დაბეგვრის საფუძველი. აღნიშნული ფართის ფიზიკური პირის საცხოვრებელი მიზნით გამოყენება არ დასტურდება და ქონების შეძენა-რეალიზაციის ოპერაციები განხორციელებულია ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული ოეპრაცია დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმებისთვის დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე, არ დადასტურდა ფართის საცხოვრებელი მიზნით გამოყენება, ხოლო ქონების შეძენა-რეალიზაციის ოპერაციები ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ ------- დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირებულია 2023 წლის 5 ნოემბერს, ხოლო შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 20 თებერვალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ რეალიზებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფასის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა რეალურად გაყიდა საცხოვრებელი ბინა და არა კომერციული ფართი (სასტუმრო), რომელიც არ ყოფილა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. აღნიშნულის დასტურად საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ, უძრავი ქონების ფოტოსურათები, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტის პირადი ბარათის ამონაწერი მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ, შპს „---- გაზის“ ცნობა და აბონენტის პირადი ბარათის ამონაწერი. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას.
ასევე, საჯარო რეესტრიიდან ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება (ს/კ -------) რეგისტრირებულია როგორც „ფართი ბინა“.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება მათ შორის საცხოვრებელი ფართის მიწოდების დაბეგვრის საკითხს, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: დღგ-ით დასაბეგრ პირად პირი განიხილება იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ამასთან ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კერძოდ: არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. განსხვავებით არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებასა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აქვს ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათი.
შემოსავლების სამსახური, საქმეში არსებულ მასალებზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ არ დასტურდება, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნული ფართის (ბინის) მიწოდების განხორციელება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ -------) რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმებისთვის დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე, არ დადასტურდა ფართის საცხოვრებელი მიზნით გამოყენება, ხოლო ქონების შეძენა-რეალიზაციის ოპერაციები ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებულად.
შემოწმებას არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით, კერძოდ, უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხის 5%-ით დაბეგვრის საფუძველი. აღნიშნული ფართის ფიზიკური პირის საცხოვრებელი მიზნით გამოყენება არ დასტურდება და ქონების შეძენა-რეალიზაციის ოპერაციები განხორციელებულია ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული ოეპრაცია დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით. ასევე განისაზღვრა გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 81; 159; 165