გადაწყვეტილება №22939/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22939/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22939/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22939/2/2024).

 

დავის საგანი:

უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-129 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 439 904,85 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 2 179 758

ჯარიმა - 1 089 879

საურავი - 1 170 267,85

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია რეგისტრირებულია 2018 წლის 11 აპრილიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, 2019 წლის 19 ნოემბრიდან მინიჭებული აქვს თიზ-ის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო ორგანომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- არ ახორციელებს თავისუფალი ზონის საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევას, თიზში საქონლის შეტანას და იმავე საქონლის გატანას ზონიდან, მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნია თიზ-ში ნებადართულ საქმიანობად.

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა აღნიშნული არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი სახით (არ მოიცავს სრულ პერიოდს, ამასთანავე არ არის წარმოდგენილი დამოწმებული ფორმით). გარდა აღნიშნულისა წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები საზოგადოების კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის ცნობა საბანკო ან/და უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოდან, რითაც დადგინდებოდა ზუსტად რა სახისა და რამდენ ანგარიშს ფლობს საწარმო უცხოურ საბანკო დაწესებულებებში).

შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 ანგარიშზე). მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, შემოწმებისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად, განსაზღვრული იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 97-ე, 982 და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები საწარმოს კუთვნილი ანგარიშებიდან და არასრულყოფილი ბუღალტრული დოკუმენტაცია. არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის. ზოგიერთი მომწოდებლისგან გადარიცხული თანხების სანაცვლოდ, საწარმოს საერთოდ არ უფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი და პირებთან მოთხოვნები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებულია ნაშთად. გარკვეულ შემთხვევებში კი მიუხედავად საქონლის მოძრაობისა აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი. შესაბამისად, შემოწმებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში მითითებულ გარემოებასა და საკითხის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული (ავანსად გადახდილი) თანხის სესხად დაკვალიფიცირებას, რადგან თანხის სანაცვლოდ მომდევნო პერიოდებში მიღებული აქვს საქონელი და მოწოდების პროცესი გრძელდება, ხოლო მიღებული საქონლის პარალელურად ამ კომპანიების მიმართ მცირდება მოთხოვნაც. მიუთითებს, რომ 2020 წელს გადარიცხული თანხების საპასუხოდ 2023 წელშიც გაგრძელდა საქონლის მოწოდების ოპერაციები, რომელიც შემოწმებით ჯერ არ არის შესწავლილი და შესაბამისად არ არის ასახული შუალედური აქტის შედეგებში. საჩივარზე თანდართულია დოკუმენტები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია და საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ------- ახორციელებს ტროპიკული ხილით ვაჭრობას. კომპანია აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყიდულობს ტროპიკულ ხილს და ყიდის უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. კომპანია ახორციელებს საქონლის შეძენას, ტრანსპორტირებას და მყიდველებისთვის მიწოდებას საქონლის ქვეყანაში მიღებისას. გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაჭრობა მყიდველებსა და მომწოდებლების შორის ხორციელდება ავანსების გადარიცხვით, რათა სეზონისათვის უზრუნველყოფილ იქნას პროდუქციის შენახვა და შემდგომში მიწოდება. ტრანსპორტირებას ახორციელებს შპს -------. ამ მიზნით იგი იყენებს მაერსკის, ზუმვეგ ზეელანდ ქალსთორეს და სხვა გადამზიდი კომპანიების მომსახურებას, რომლებიც ახორცილებენ აღნიშნული პროდუქციის გადაზიდვისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ვინაიდან ეს არის ტროპიკული ხილი, აღნიშნული პროდუქციის გადაზიდვაც და შემდგომში მიწოდებაც ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების დაცვით. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია დავები სატრანსპორტო კომპანიასთან პროდუქციის შენახვის ხარისხთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით კრედიტ ნოტების გაწერა, კომპანიის მხრიდან მყიდველთან შეთანხმება იდება პროდუქციის პირდაპირ საზღვარზე მიწოდებაზე.

კომპანია არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლით, ოპერაციისთვის კვალიფიკაციის ცვლილებას და შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კერძოდ, 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. აღნიშნული ჩანაწერი გვხდება ასევე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7284 ბრძანებაშიც შპს ------- საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღწერილი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომწოდებლისათვის წინასწარ ხდება თანხების გადახდა, რათა სეზონისათვის მოხდეს პროდუქციის შენახვა და მოწოდება. არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 8 მილიონი ლარის ღირებულების საქონლის ნაწილზე შემდგომ პერიოდებში მიღებულია საქონელი და ნაშთი არ ფიქსირდება, ამდენად, ამ პირობებში უსაფუძვლოა გადარიცხული ავანსების არარეზიდენტ პირებზე სესხად მიჩნევა, მით უფრო, როცა 12-14 მილიონი ლარის ღირებულების საქონლის მოძრაობა ფიქსირდება მომდევნო პერიოდებში. შემოწმებამ მხოლოდ ის კომპანიები გაითვალისწინა, რომლებთანაც ნაშთი სრულად ნულდება 2021 და 2022 წელს, ხოლო ის კომპანიები, რომლებთანაც ფიქსირდებოდა საქონლის მოძრაობა, ხოლო ნაშთები პერიოდულად იზრდებოდა და თანდათან მცირდებოდა არ იქნა გათვალისწინებული.

საქონლის მოძრაობა 2023 წლამდე არ ფიქსირდება დაახლოებით 4 მილიონი ლარის ავანსზე მხოლოდ იმ ის გამო, რომ კომპანიას ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სახვადასხვა ადგილას განთავსებულ საწარმოებთან, რომლებთანაც ვალდებულებების შესრულების შეფერხება გამოიწვია ისეთმა გლობალურმა პრობლემებმა, რომლებიც ოპერაციის მხარეთა ძალისხმევაზე არ იყო დამოკიდებული. მოწოდების შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა პანდემია, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ქარიშხალი, რომელმაც გაანადგურა პლანტაციები. საგულისხმოა, რომ მომწოდებლები უარს არ აცხადებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და საქონლის მოწოდება მხოლოდ გადავადებულია გარკვეული პერიოდით.

აუდიტის დეპარტამენტისთვის შესამოწმებელ პერიოდზე მიწოდებულია სრული საბუღალტრო ინფორმაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, ინვოისები ასევე, სხვა დოკუმენტაცია (ოფიციალური მიმოწერა, რომლის მიხედვით მიმწოდებლები შპს ------- აწვდიან მათ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას იმ კონკრეტულ პერიოდში, თუმცა ისინი უარს არ აცხადებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ხორციელდება გადავადება მხოლოდ გარკვეული პერიოდით), რომლითაც დასტურდება მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციების ნამდვილი შინაარსი, რაც გამორიცხავს განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველზე, არარეზიდენტ პირებზე ავანსის სახით გაცემული თანხების სესხად კვალიფიკაციის მიზანშეწონილობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით. ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლა, რამაც გამოიწვია კომპანიისთვის უსაფუძვლოდ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის. გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. შემოწმებისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი.

შემოწმებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად და განსაზღვრული იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს ეარმოადგენს უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის. მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, შემოწმებისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად, განსაზღვრული იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9), 982(3-ზ)