ბრძანება N 21180
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21180
29 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ს“ (ს/ნ -------------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------------;
იურ. მის.: --------------------------------)
2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------------ს“ (ს/ნ -------------------) 2025 წლის 5 აგვისტოს №-------/1/2025 და №----/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №001-116 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ისაგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია. აცხადებს, რომ მისი საქმიანობაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას საწარმო ახდენდა მის მიერ დაქირავებულ მაღაზიებში. განმარტავს, რომ თვითონ აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას (მწვანილი, ბოსტნეული, კიტრი, პომიდორი და ბაღჩეული კულტურები: საზამთრო, ნესვი, გოგრა, მარცვლეული კულტურა, სიმინდი). კერძოდ, ოჯახის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე (ს/კ ------; ს/კ ------; ს/კ -----; ს/კ -------) საწარმომ 2022, 2023 და 2024 წლების ზაფხულში სეზონზე მოიყვანა და მიიღო დაახლოებით 75-80 ტონა საზამთროს და 15 ტონამდე ნესვის მოსავალი, ასევე, საკუთარ ხისა და პოლიმერული მასალისაგან დამზადებულ სათბურებში მიიღო დაახლოებით 20 ტონამდე პომიდვრისა და კიტრის მოსავალი, სიმინდი დაახლოებით 16 ტონა (რეალიზაცია ხდებოდა „ჭყინტი ტაროს“ სახით). ამას ემატებოდა ოჯახის საკუთრებაში არსებული ხუთი რქოსანი პირუტყვისაგან (ძროხის) მიღებული რძისა და საკარმიდამო ნაკვეთში მიღებული ხილის, მწვანილისა და სეზონური ბოსტნეულის რეალიზაცია.
აცხადებს, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ 1 164 839 ლარის დასაბეგრ ბრუნვაში 70% შეადგენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისაგან მიღებულ თანხებს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია. მიიჩნევს, რომ ვინაიდან საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია, საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დღგ-ისგან გათავისუფლდეს დასაბეგრი ბრუნვის 1 164 839 ლარის 70%. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9094 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------------ს“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13814 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-116 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 363 891 ლარი, მათ შორის, გადასახადი 207 676 ლარი, ჯარიმა 104 239 ლარი და საურავი 51 976 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბანკის ამონაწერები. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 45 641 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 210 479 ლარი. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ბანკის ამონაწერით. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 18 სექტემბერს --:-- საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიღებულ და გამოწერილ ელექტრონულ დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადებებში და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში) ჩანს რძის შემცვლელი პროდუქტის (მაწონის რძისამე 3,2%) შეძენა-რეალიზაცია, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი აქვს დღგ-ით. შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გადამხდელისგან ბევრჯერ იყო მოთხოვნილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, კერძოდ: საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები არსებობის შემთხვევაში. ასევე, კომპანიის საქმიანობაში მონაწილე ნებისმიერი პირის, მათ შორის, ბუღალტრის საკონტაქტო, მაგრამ დირექტორის განმარტებით ჩამოთვლილთაგან არ იცოდა არაფერი და ვერ წარმოადგენდა ვერანაირ ინფორმაციას. წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ბანკების ამონაწერები. საჩივარში დაფიქსირებულ ქონებასთან და საკადასტრო კოდებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს „-------------ს“ (ს/ნ -------------------) სახელზე ფიქსირდება მხოლოდ თანასაკუთრებაში 22 კვ.მ ფართი. შემოწმებთ დადგინდა, რომ გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ 2022 წლის პირველი 3 თვის დღგ-ის დეკლარაცია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მხოლოდ 2022 წლის იანვარში (1 148 ლარი). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, მათ შორის, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებთან დაკავშირებით, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------ს“ (ს/ნ -------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9094 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13814 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-116 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 363 891 ლარი, მათ შორის, გადასახადი 207 676 ლარი, ჯარიმა 104 239 ლარი და საურავი 51 976 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბანკის ამონაწერები. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 45 641 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 210 479 ლარი. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ბანკის ამონაწერით. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 168(1); 169(3); 172(4);