ბრძანება N 22866
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22866
21 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 3 აგვისტოს №97310/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №007-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ დირექტორისთვის არ იყო ცნობილი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №9178 და 19 ივნისის №13182 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2025 წლის 2 მაისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14414 ბრძანება და ამავე თარიღის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 77 174 ლარი, მათ შორის გადასახადი 43 319 ლარი, ჯარიმა 21 610 ლარი და საურავი 12 245 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 6 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 30 აგვისტოს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქ. ----- გამგეობებთან სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, დროულად წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8504 ბრძანებით, 2025 წლის 8 მაისს ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით“ გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) და გასს-ის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ----- დოკუმენტურად შეძენილია 256 305 ლარის საქონელი, ხოლო ბანკით გადარიცხულია ჯამურად 438 300 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, სადაც განმარტავს, რომ გადარიცხული თანხის სხვაობა (181 995 ლარი) არ არის დაკავშირებული კომერციულ საქმიანობასთან. შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებელი - უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად. ზემოაღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის. კერძოდ, დგინდება, რომ 2022-2025 წლებში საბანკო ამონაწერებით გაცემულია ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ------ დოკუმენტურად შეძენილი ჰქონდა 256 305 ლარის საქონელი, ხოლო ბანკით გადარიცხული იყო ჯამურად 438 300 ლარი, შემოწმების მიერ, აღნიშნული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, ხოლო მიღებული სარგებლის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად განხილვა, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოგების გადასახადის ნაწილში, მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებ თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 2022-2025 წლებში ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „ -----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სახეა სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით“ გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და გასს-ის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ -ისგან დოკუმენტურად შეძენილია 256 305 ლარის საქონელი, ხოლო ბანკით გადარიცხულია ჯამურად 438 300 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაცია შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. ხოლო, ფიზიკური პირის მიერ უპროცენტო სესხის შედეგად მიღებული სარგებელი - უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად. ზემოაღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა. ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);96;97;982;154;