N 282 - 08/06/2017 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 08.06.2017
№ დოკუმენტი 282
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა) უნდა განხორციელდეს:

ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან

ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან

გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე