გადაწყვეტილება №19794/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19794/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19794/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- - ის “ 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19794/2/2023).

 

დავის საგანი:

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №094-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 494 307 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 430 283

დღგ - 853 688

მოგების გადასახადი - (-490 343)

საშემოსავლო გადასახადი - 11 021

ქონების გადასახადი - 55 917

ჯარიმა - 432 353

საურავი - 631 671

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ნოემბრის №45062 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2016 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა 2016 წლის 16 ივნისის №17193 ბრძანება და 17 ივნისის №094-168 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის №19479 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2016 წლის 7 ნოემბრის №13055/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კომპანიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ივნისის №094-168 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის №19479 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის №13055/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №094-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დავის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 168-ე, 173-ე, 174-ე მუხლებით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი სადავო საკითხის დამატებით შესწავლისას, რომელთა საფუძველზეც მიჩნეულ იქნა, რომ შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არ არის დასაბუთებული შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აცხადებს, რომ - საწარმოს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ წისქვილკომბინატს საქართველოში, საგადასახადო შემოწმების აქტით გაუუქმდა ხორბლის შეძენისას რამდენიმე მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები;

- ჩათვლების გაუქმების ერთადერთ საფუძველს, საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, რომ საწარმოს მიერ ზემოხსენებული კომპანიებისაგან შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა ქართული წარმოშობის ხორბალს, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან ჩათვლის უფლებით (საგ. კოდ.§168.4.ფ.). შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ხორბლის მიწოდებისას არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის ფაქტურის გამოწერა, ხოლო საწარმოს არ უნდა განეხორციელებია დღგ-ის ჩათვლა;

- თბილისის საქალაქო სასამართლო მის 26.12.2017 N3/8717-16 გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 06.12.2018 N3ბ/2619-18 და უზენაესი სასამართლოს 07.04.2021 Nბ1-355(2კ-19) განჩინებებით დარჩა ძალაში, მიიჩნევს (გვ.9 აბზ.1), რომ იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, აღნიშნულ ჩვენებებს არ შეიძლება მიენიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი (საქმე Nბს-723-708 (კ-12)) და საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეეფასებინა საგადასახადო კონტროლის (საგ. კოდ.§§255-268) ღონისძიების ფარგლებში მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

- სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებად და მას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები არ განუხორციელებია, კერძოდ.: საგადასახადო ორგანოს შეეძლო მოეხდინა მომწოდებელი პირების (საგადასახადო შემოწმება (საგ.კოდ.§§262-268), რომლის საფუძველზეც ის მოიპოვებდა მომწოდებლების მიერ საწარმოზე მიწოდებული ხორბლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებს და საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას შეაფასებდა მის მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად. საგადასახადო ორგანოს, მომწოდებლებთან (გასვლითი, კამერალური ან გადაუდებელი) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის გარეშეც, შეეძლო საწარმოსათვის მოწოდებული ხორბლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა მომწოდებლებისაგან საგ.კოდ. §70-ის საფუძველზე.

თუ მომწოდებლების მიერ ხორბლის შეძენის დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემები დაემთხვეოდა საგამოძიებოს ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, აღნიშნული იქნებოდა უტყუარი დასტური იმისა, რომ მომწოდებლების მიერ საწარმოსათვის მიწოდებული ხორბალი წარმოადგენდა ქართულ (ქართული წარმოშობის) ხორბალს და საგადასახადო ორგანო მხოლოდ ამის შემდეგ იყო უფლებამოსილი მოეხდინა გარემოების საგადასახადოაუდიტორული შეფასება (გაეუქმებინა თუ არა დღგ-ს ჩათვლა).

- სასამართლო მიიჩნევს (გვ.9 ბოლო აბზ.), რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს უნდა შეეფასებინა ორი განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულება, კერძოდ, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხორბლის ქართულ წარმოშობასთან და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არ არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, მიწოდების ხელშეკრულებებში, მომწოდებლების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებში, ასევე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ხორბლის არაქართული წარმოშობისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არსებობასთან დაკავშირებით, და ასევე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში უნდა მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიეღო მოპოვებული ინფორმაციის დეტალური შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.

- ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მისი 26.12.2017 N3/8717-16 გადაწყვეტილებით დაავალა საგადასახადო ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;

- სასამართლოს ზემოხსენებული დავალების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ გამოსცა 2023 წლის 08 თებერვლის N310/4 დასკვნა, რომლის მიხედვით „სადავო საკითხთან შემოწმებასთან დაკავშირებული, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ჩემს (საგადასახადო აუდიტორის) ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოვლენილა, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული სადაო საკითხის კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტი არ გადაანგარიშდა“.

- საგადასახადო ორგანოს ზემოხსენებული დასკვნა მის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. დავების განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) 08.05.2023 N10030 ბრძანებით გადამხდელის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შემოსავლების სამსახურმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა მითითებული სადავო საკითხების დამატებით შესწავლისას, რომელთა საფუძველზეც მიჩნეული იქნა, შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არ არის დასაბუთებული შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. საგადასახადო ორგანოს (აუდიტის დეპარტამენტს) დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

- სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საგადასახადო ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი სახის გარემოება არ შეუსწავლია. ის სადაო დასკვნაში ფორმალურად უთითებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოკვლეული და შეფასებული გარემოებების გარდა სხვა დამატებითი გარემოება არ გამოვლენილა და აღნიშნული საფუძვლით არ ახდენს სადაო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას) ე.ი. საგადასახადო ორგანო სადაო საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული გამოკვლევებისა და შეფასებების საფუძველზე აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებების თანხას ტოვებს უცვლელს;

- საგადასახადო დავა, ისევე როგორც სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა იმ საკითხს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული გამოკვლევები, მსჯელობები და შეფასებები, არ წარმოადგენენ საკმარის საფუძველს, რომ საგადასახადო ორგანოს საწარმოსთვის განეხორციელებია დღგის ჩათვლების გაუქმება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს უნდა მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმაციის გამო) და გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოებები. თუ საგადასახადო ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ვერ მოიპოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის დამატებითი მტკიცებულებები და შესაბამისად, თუ საგადასახადო ორგანო გადაანგარიშების პროცესში ვერ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დასაბუთებულს გახდიდა საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსათვის დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა მოეხდინა აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (გაუქმება).

- საწარმო დამოუკიდებელ მოთხოვნად აყენებდა აქტით დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების გაუქმებას, რადგან ის წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და სადაო დღგ-ის თანხების ჩათვლის მომენტში ის მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი. საგადასახადო სანქციის თანხები დავების განმხილველი ორგანოების მიერ (თავის დროზე) შემცირებას არ დაექვემდებარა იმ გარემოების გამო, რომ სისხლის სამართლის ფარგლებში ერთ-ერთი პირის მიცემული ჩვენების მიხედვით, შპს „-----“ ხელმძღვანელობამ სადავო ხორბლის „ქართული“ წარმოშობის შესახებ იცოდა. შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების მომენტში საწარმო ვერ იმოქმედებდა კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის ფარგლებში. თუმცა ამ კუთხითაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გააკეთა მითითება, რომ როცა სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, აღნიშნულ ჩვენებებს არ შეიძლება მიენიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი (საქმე Nბს-723-708 (კ-12)). მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, რომ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული იქნა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნული განაჩენით დადგინდა თუ არა შპს „----- -ის “ (ან მისი ხელმძღვანელობის) მიერ ხორბლის „ქართული“ წარმოშობის ცოდნის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადგენილი არ იქნებოდა საქმეზე საბოლოო განაჩენით, საგადასახადო ორგანოს უნდა მოეხდინა საწარმოსათვის (როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის) დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების შემცირება. აღნიშნული საკითხის შესწავლა/გამოკვლევაც არ მომხდარა საგადასახადო ორგანოს მიერ;

- დამატებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შეადგენს - 1 თვეს. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 7 აპრილს. შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის ბოლო ვადა შეადგენდა 2021 წლის 7 მაისს. ამ ვადის გასვლის შემდგომ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის ზოგადი წესი. საგადასახადო ორგანომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა 2023 წლის 20 თებერვალს, რომელშიც მოცემული საგადასახადო ვალდებულებები წარმოადგენენ 2014 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები უნდა გაუქმდეს (და დაკორექტირდეს [შემცირდეს] სადაო საგადასახადო მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები), რადგან მათი გამოცემისას სათანადოდ არ მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლენილა, რომელიც შეცვლიდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებებს, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;

2. საწარმოს უნდა შეუმცირდეს სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხები, რადგან საწარმო დღგ-ს ჩათვლის მიღებისას მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი და მან არც იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა ხორბლის „ქართული“ წარმოშობა. საგამოძიებო ორგანოების მიერ დადგენილი არ არის საწარმოს მენეჯმენტის მიერ ხორბლის „ქართული“ წარმოშობის ცოდნის ფაქტი;

3. სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები უნდა გაუქმდეს, რადგან კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ და შესაბამისად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, კორექტირებული მოთხოვნის წარდგენა მოხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

საწარმო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (შემმოწმებელმა) არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი შეეხება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ანუ იმისთვის, რომ გაირკვეს აღნიშნული ნორმის გამოყენების მართლზომიერება, უნდა დადგინდეს კონკრეტული პროდუქცია იყო თუ არა საქართველოში წარმოებული. საგადასახადო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე აპელირებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-723-708 (კ-12)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, რომელიც მოწმეთა ჩვენებაში ასახული ქმედების მართლწინააღმდეგობას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დაადასტურებდა. ამდენად, მაკონტროლებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებას მიანიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი, იგი უნდა შეფასდეს საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის საბუღალტრო-ეკონომიკური, საფინანსო და სხვა მასალებში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ფაქტი. ასევე დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმწოდებლებმა განმარტეს, რომ მიწოდებული ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს. ამრიგად, საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებების არსებობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მიერ შეძენილი საქონლის წარმოშობა, რამდენად წარმოადგენდა იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მოსარჩელე დღგ-ის ჩათვლას ვერ მიიღებდა. ამდენად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას, რაზეც არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხის მართლზომიერად მიჩნევა. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პირდაპირ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის მართლზომიერების დადგენასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 8 თებერვალს შედგენილი დასკვნის მიხედვით, მომჩივანს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან ხორბლის შეძენისას მასზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი აქვს დღგ ჯამში 853 687 ლარის ოდენობით. სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების მიერ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გაირკვა, რომ შპს „----- - ის “ მიერ (შპს „N1 -სგან “, შპს „N2-სგან “, შპს „N3-სგან “ და შპს „N4-სგან “) შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით განთავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლებით

შემოწმებით, შემცირებას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიღებული ჩათვლები. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევა-შეფასების შედეგად, არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა შემოწმების აქტით დარიცხული სადავო საკითხის კორექტირება. შედეგად გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დავის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის ,რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ივნისის №094-168 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის №19479 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის №13055/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №094-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დავის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

168(4)