კონვენცია საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

კონვენცია 20.10.2002
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

კონვენცია

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის

შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის

თავიდან აცილების შესახებ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება

და

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა

სურთ რა დადონ კონვენცია შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ:

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I

კონვენციის გამოყენების სფერო

მუხლი 1

პირები, რომელთა მიმართ გამოიყენება კონვენცია

ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1.ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალებზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.

2.შემოსავლებსა და კაპიტალებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების ნამატიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.

3.არსებული გადასახადები რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია:

a) საქართველოს შემთხვევაში:

I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

III) საწარმოთა ქონების გადასახადი და

IV) ფიზიკურ პირთა გადასახადი.

(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან როგორც ,,საქართველოს გადასახადები")

b) საბერძნეთის რესპუბლიკის შემთხვევაში:

I) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო და ქონების გადასახადი:

II) იურიდიულ პირთა საშემოსავლო და ქონების გადასახადი.

(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან როგორც ,,საბერძნეთის გადასახადები")

4.კონვენცია გამოიყენება, აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატების ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ყოველი წლის ბოლოს აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახებ.

თავი II

განსაზღვრებანი

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებანი

1.მოცემულ კონვენციაში, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი ,,ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო" და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო" ნიშნავს საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს გამომდინარე კონტექსტიდან;

b) ტერმინი ,,საბერძნეთის რესპუბლიკა" მოიცავს საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიასა და ზღვის ნაწილს, ხმელთაშუა ზღვის ფსკერსა და მის წიაღისეულს, რომელზეც საბერძნეთის რესპუბლიკას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გააჩნია სუვერენული უფლებები ასეთი ზონის ბუნებრივი რესურსების გამოკვლევის, მოპოვების ან გამოყენების მიზნით;

c) ტერმინი ,,საქართველო" ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას, რომელიც მოქცეულია საქართველოს საზღვრებს შიგნით, აგრეთვე შიდა წყლებს, ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ მდებარე საჰაერო სივრცეს, ტერიტორიულ ზღვასთან მდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ და კონტინენტურ შელფს, რომლის მიმართაც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

d) ტერმინი "პირი" მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ გაერთიანებას;

e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს იურიდიულ პირს ან ნებისმიერ წარმონაქმნს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება იურიდიულ პირად;

f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა’’ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო საჰაერო ხომალდებით, ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ტრანსპორტის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;”.

i) ტერმინი "ფაქტიური მართვის ადგილი" ნიშნავს ადგილს, სადაც ხორციელდება საწარმოს ფაქტიური და ყოველდღიური მართვა და როგორც ამგვარი მართვის შედეგი, საწარმო იღებს შემოსავალს, რომელიც განკუთვნილია იმ მართვის ადგილისათვის;

j) ტერმინი "კომპეტენტური ორგანო" ნიშნავს:

I) საბერძნეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

2) ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას აქვს გამოყენებისას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია. ტერმინის ნებისმიერი მნიშვნელობა ამ სახელმწიფოს არსებული საგადასახადო კანონების შესაბამისად ისარგებლებს უპირატესობით იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.

მუხლი 4

რეზიდენტი

1.ამ კონვენციის მიზნებისან გამომდინარე, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, ეკონომიკური საქმიანობის ადგილის, ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ნებისმიერი ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ტერმინი მიუხედავად ზემოთქმულისა არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ ქვეყანაში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

2.იმ შემთხვევაში, როედსაც პივრელი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე ქვეყნის ნაციონალური პირი ან არც ერთის, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად. რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

 

მუხლი 5.

მუდმივი დაწესებულება

 

1. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს ბიზნენის ან ეკონომიკური საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს ბიზნესი ან ეკონომიკური საქმიანობა.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს;

f) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს;

g) შენობას ან ნაგებობას, რომელიც გამოყენებულია ბუნებრივი რესურსების გამოკვლევისათვის.

3.სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი ითვლება მუდმივ დაწესებულებად, თუ ისინი არსებობს 9 თვეზე მეტ ხანს.

4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:

a) ნაგებობების (მოწყობილობების) გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობის შენახვის დემონსტირების ან მიწოდების მიზნით;

b) საქონლის ან ნაკეთობათა იმ მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის ანდემონსტრირების მიზნით;

c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს სხვა საწარმოსათვის მათი გადამუშავების მიზნით;

d) ბიზნესის ან ეკონომიკური საქმიანობის მუდმივი ადგილის დაფუძნებას a) - e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, თუ საქმიანობის მუდმივი ადგილის საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშვება ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-6 პუნქტში, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონე, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, ხორციელდება ბიზნესის ან ეკონომიკური საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით და ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ გადააქცევს ბიზნესის ან ეკონომიკური საქმიანობის ამ მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6.არ ჩაითვლება რომ, საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამ სახელმწიფოში ის ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7.ის ფაქტი რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება კომპანიის მიერ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია ან რომელიც ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

თავი III

შემოსავლის დაბეგვრა

 

მუხლი 6

შემოსავლები უძრავი ქონებიდან

 

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, საქონელს ან მოწყობილობას, გამოიყენებული სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვისს ან დამუშავების უფლებისათვის. ხომალდები, გემები და საჰაერო ხომალდები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან, იჯარით გაცემიდან, პირდაპირ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. 1-ლი და მე-3 პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე, შემოსავლებზე საწარმოს უძრავი ქონებიდან და შემოსავლებზე იმ უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გასაწევად.

 

მუხლი 7

მოგება ბიზნესიდან ან ეკონომიკური საქმიანობიდან

 

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვავაში, როცა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო განკერძოებული საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3.მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას გამოიქვითება იმ ხარჯები, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი ან საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, დამოუკიდებლად იმისა, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში სადაც განლაგებულია მუდმივი დაწესებულება თუ მის ფარგლებს გარეთ.

4.მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

5.წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.

6.იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, მაშინ იმ მუხლების დებულებებს ამ მუხლის დებულებები არ შეეხება.

 

მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირება

 

1.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ 1997 წლის 10 აპრილს თბილისში ხელმოწერილი შეთანხმების მე-20 მუხლის დებულებაზე, რომლებიც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებში გემების ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრას, არ გავრცელდება ამ კონვენციის დებულებები.

2.საერთაშორისო გადაზიდვებში თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი.

3.მეორე პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული (ასოცირებული) საწარმოები

 

1. იმ შემთხვევაში, როდესაც

a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების გამო არ დაერიცხა, შეიძლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.

2.იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს გადასახადით იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი ქვეყნის საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრისას სათანადო წესით იქნება გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.

 

მუხლი 10.

დივიდენდები

 

1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ბენეფიციალურ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 8 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აღნიშნული შეზღუდვის გამოყენების პირობებს გადაწყვიტავენ ურთიერთშეთანხმების გზით.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3.ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance“ აქციებიდან ან „jouissance“ უფლებებიდან, სამთომომპოვებელი აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მონაწილეობას მოგებაში, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი საწარმო.

4. პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ამ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი, არის რა ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესაბულების მეშვეობით, ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და რომელთანაც დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში ასევე არ გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5.როცა კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და იღებს შემოსავლებს ან მოგებას მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დააკისროს გადასახადი კომპანიის გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდები გადაიხდება იმ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან რომელთან დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგებები მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებებიდან.

 

მუხლი 11

პროცენტი

 

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ასეთი პროცენტი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს, აგრეთვე, იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტების ბენეფიციალურ მფლობელს, მაშინ გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტების მთლიანი თანხის 8%-ს. ხელშემკვრელ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აღნიშნული შეზღუდვის გამოყენების პირობებს გადაწყვიტავენ ურთიერთშეთანხმების გზით.

3.ტერმინი "პროცენტი" მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად და კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და ობლიგაციების ან სავალე ვალდებულებებზე პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით.

4.პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ახორციელებს ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც პროცენტი წარმოიშვება იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან, ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5.ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი, და ეს პროცენტი გადაიხდება ასეთი მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

6.თუ პროცენტების გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნებზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამატი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

 

1.ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ამასთან, ამგვარი როიალთი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს როიალთის ბენეფიციალურ მფლობელს, გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალთის საერთო თანხის 5 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აღნიშნული შეზღუდვის გამოყენების პირობებს გადაწყვიტავენ ურთიერთშეთანხმების გზით.

3.ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალთი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურულის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მინიჭებისათვის, კინემატოგრაფიული ფილმების და რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმების, კასეტების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო მოწყობილობის გამოყენებისათვის, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციისათვის.

4.1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალთის ბენეფიციალური მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ბიზნეს ან ეკონომიკურ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას, იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რის მიმართაც გადაიხდება როიალთი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5.როიალთი შეიძლება ჩაითვალოს წარმოქმნილად ხელშემკვრელი სახელმწიფოში როდესაც გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. იქ სადაც პირი, რომელიც იხდის როიალთის, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აქვს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა რომელთანაც დაკავშირებით როიალთის გადახდის ვალდებულება წარმოქმნილი იყო და ასეთი როიალთები წარმოიქმნება ასეთი მუდმივი წარმომადგენლობის ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ასეთი როიალთები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

6.თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალთის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

13 მუხლი

ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი

 

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს გადასახადებით ამ მეორე სახელმწიფოში.

2.შემოსავლები იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ფიქსირებული ბაზის განკარგულებაში მყოფი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში მდებარეობს დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავალების ჩათვლით, ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

შემოსავლები, საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების ან ხსენებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატირებასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომელშიც მე-8 მუხლის დებულებების თანახმად იბეგრება ამგვარი საზღვაო და საჰაერო ხომალდების მოგება.

4.შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელიც აღნიშნულია 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობა

 

შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, მეორე ხელშეკრულ სახელმწიფოში შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ კერძოდ მოიცავს , დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

 

მუხლი 15

დამოკიდებული პირადი მომსახურეობა

 

1.მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი დაქირავებული მუშაობა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამასთან, თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში ასეთი ანაზღაურებანი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში.

2.პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული გასამრჯელო, იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწრფოს რეზიდენტს; და

c) გასამრჯელო არ წარმოიქმნება მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზის მიერ, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომელშიც მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატირებისაგან მიღებული მოგება იბეგრება.

 

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

 

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი გადახდები, რომლებსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მენეჯერი ან დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 17

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

 

1.მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2.იმ შემთხვევაში როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს თავად, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი მიუხედავად ამ ხელშეკრულების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებისა, დაიბეგრება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის და სპორტსმენის საქმიანობა.

 

მუხლი 18

პენსიები

 

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

 

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლებისათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b)ამასთან, ამგვარი გასამრჯელო, ხელფასი და სხვა ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

(i)არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან

(ii)არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ხეშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის ამ სახელმწიფოსათვის, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადახდილი პენსია, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) მაგრამ, ამგვარი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.

3.მე-15 მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ანაზღაურებებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ბიზნესის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 20

პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები

 

ანაზღაურებანი, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტში ან სხვა სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებაში სწავლებისათვის, მაღალ დონეზე კვლევის ან პედაგოგიური საქმიანობისათვის მისი ამ სახელმწიფოში დროებითი ყოფნის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ აღემატება ორ წელიწადს, არ დაიბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლებზე, მიღებული კვლევითი სამუშაოებიდან, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირის ან პირების პირადი გამორჩენისათვის.

 

მუხლი 21

სტუდენტები

 

სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და აღნიშნულ პირველ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ სასწავლებლად ან სტაჟირების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურებანი განკუთვნილია საცხოვრებლად, სასწავლებლად და სტაჟირებისათვის, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ ამ ანაზღაურების წყაროები მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 22

სხვა შემოსავლები

 

ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში და წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში.

 

თავი IV

 

მუხლი 23

კაპიტალი

 

1.მე-6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და განლაგებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენს იმ მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან წარმოდგენილი იმ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3.კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდებით და ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ მეორე სახელმწიფოში, რომელშიც მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატირებისას მიღებული მოგება იბეგრება.

4.ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

თავი V

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდები

 

მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

 

1.საბერძნეთის რესპუბლიკაში

a) თუ, საბერძნეთის რესპუბლიკის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, საბერძნეთის რესპუბლიკა ამ პუნქტის (ii) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად დაუშვებს:

i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადების ტოლია;

ii) ამ რეზიდენტის კაპიტალის გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამგვარი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე, ვითარებიდან გამომდინარე მიეკუთვნება შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

b)იმ შემთხვევაში, როდესაც დივიდენდი გადახდილია საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ საბერძნეთის რესპუბლიკის რეზიდენტისათვის,კრედიტი ითვალისწინებს (1-ლი პუნქტის დებულებების თანახმად ნებისმიერი არსებული გადასახადის დამატებით) გადასახადს, რომელსაც იხდის განმანაწილებელი კომპანია იმ მოგებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც გადახდილი იქნა ამგვარი დივიდენდი.

2.საქართველოში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:

თუ, საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საბერძნეთის რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს:

i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ii) ამ რეზიდენტის კაპიტალის გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამგვარი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვავში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე, ვითარებიდან გამომდინარე მიეკუთვნება შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საბერძნეთის რესპუბლიკაში.

 

თავი VI

სპეციალური დებულებები

 

მუხლი 25

არადისკრიმინაცია

 

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებები, რომელთაც ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებულნი იმავე გარემოებებში. ეს დებულებები 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებული ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე პირობებში.

3.იმ მუდმივი წარმომადგენლობის დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ. ეს დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებს, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და დაკლებები დაბეგვრაში, მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4.იმ შემთხვევის გამოკლებით როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის

1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი, ტექნიკური მომსახურეობის ანაზღაურება ან სხვა გადახდები, გადახდილი ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ამ საწარმოს მოგების განსაზღვრის მიზნით დაექვემდებარა გამოქვითვებს იმავე პირობით, როგორითაც ისინი შეიძლება გადახდილ ყოფილიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.

ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი ქონების განსაზღვრის მიზნით დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორითაც ის შეიძლება დაკისრებული ყოფილიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.

5. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, , რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6.ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადის მიმართ.

 

მუხლი 26

ურთიერთშესათანხმებელი პროცედურა

 

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც იწვევს დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კანონმდებლობაში.

3.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანმხებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კონვენციაში გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის.

4.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში, მათგან ან მათი წარმომადგენლებისაგან შემდგარი ერთობლივი კომისიის ჩათვლით, წინა პუნქტების გაგებაში თანხმობის მიღწევის მიზნით.

 

მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ გადასახადზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება მანამდე, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ჩართოებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობის ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. არცერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:

a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;

c) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე საჭირო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

 

მუხლი 28

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულების თანამშრომლები

 

არაფერი ამ კონვენციაში არ შეეხება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა საგადსახადო პრივილეგიებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებებით.

 

თავი VII

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 29

ძალაში შესვლა

 

კონვენცია ძალაში შევა შესაბამისი მთავრობების მიერ თავიანთ სახელმწიფოებში კონსტიტუციური ფორმალობების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს და მისი დებულებები გავრცელდება კონვენციის ძალაში შესვლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ მიღებულ შემოსავლებზე ან საკუთრებაში მყოფ კაპიტალზე.

 

მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

 

ეს კონვენცია ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის შეწყვეტა, კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა დიპლომატიური არხების მეშვეობით შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას შეტყობინების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ მიღებულ შემოსავლებზე ან მფლობელობაში მყოფ კაპიტალზე.

 

რის დასტურსაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

 

შესრულებულია ორ პირად ქ. თბილისში, 1999 წლის 10 მაისს ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით

 

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით