ბრძანება N 12090

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2026
№ დოკუმენტი 12090
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12090

03 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 28 აპრილისა და 5 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმი №36 და №41) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 28 აპრილის №102027/1/2026 და 5 მაისის №102192/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის

№----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი საწარმოს შვილობილი კომპანიის მიერ არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისთვის გაცემული დივიდენდის არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შპს „-----“ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს - „-----“ გააჩნია მუდმივი დაწესებულება საქართველოში - „-----“, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და მინიჭებული აქვს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი -----. მუდმივი დაწესებულების მეშვეობით არარეზიდენტმა კომპანიამ საქართველოში განახორციელა მაშტაბური მშენებლობის - ---- და ----- ის მშენებლობა. აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ კომპანიამ დააარსა შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს „------“, რომლის დაარსება მოხდა საქართველოში არარეზიდენტი კომპანიის მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და არარეზიდენტი კომპანია შვილობილ საწარმოში მონაწილეობას კორპორატიულ და საგადასახადო სამართლებრივად მიაკუთვნებს საქართველოში მისი მუდმივის დაწესებულების აქტივს, რაც არა მარტო შინაარსობრივად, არამედ ფორმალური დოკუმენტების (ფინანსური ანგარიშგება, კრების ოქმები და ა.შ.) დონეზეც ნათლად იკვეთება. მიუხედავად ზემოხსენებული გარემოებისა, სამეწარმეო რეესტრში არარეზიდენტი კომპანიის მუდმივი დაწესებულება შვილობილი კომპანიის დამფუძნებლად ვერ აღირიცხა, რადგან კორპორატიულსამოქალაქო სამართლებრივად მუდმივი დაწესებულება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არ არის. სწორედ ამიტომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრმა კომპანიის დამფუძნებლად მიუთითა - არარეზიდენტი კომპანია.

მომჩივანს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, ქართული საწარმოს (შპს „----“) მიერ დივიდენდის გადახდა განხორციელდა ქართული საწარმოსთვის თუ უცხოური საწარმოსთვის. უდავოა ის გარემოება, რომ „-----“ წარმოადგენს უცხოური (ავსტრიული) კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურდიული პირს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. უდავოა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო სამართლებრივად იურიდიული პირის ფილიალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს. თუმცა საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით, „-----“ მართალია წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს, მაგრამ მისი ფილიალი საქართველოში წარმოადგენს საქართველოს საწარმოს, ე.ი. სამოქალაქო სამართლებრივად ერთი პირის საქმიანობა საგადასახადო სამართლებრივად წარმოქმნის 2 საწარმოს - ავსტრიაში საქმიანობის ნაწილში უცხოურ საწარმოს და საქართველოში საქმიანობის ნაწილში საქართველოს საწარმოს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც კორპორატიული სამართლებრივი დოკუმენტებიდან (პარტნიორთა კრების ოქმები, დირექტორის ბრძანებები და სხვ.), ასევე ფინანსური დოკუმენტაციიდან (ყოველწლიური ანგარიშგებებიდან, საბუღალტრო რეესტრებიდან და სხვ.) და საბანკო-საგადახდო დავალებიდან ნათლად ჩანს, რომ „არარეზიდენტი პირი“ (უცხოური საწარმო) შვილობილი კომპანიიდან - შპს „-----“ მიღებულ დივიდენდის შემოსავალს, ისევე როგორც შვილობილ კომპანიაში წილის ფლობასთან დაკავშირებულ ხარჯს (შენატანებს), მიაკუთვნებს (განიხილავს) „ფილიალის“ (ქართული საწარმოს) შემოსავლად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შვილობილი კომპანიის მიერ არარეზიდენტი პარტნიორი პირისთვის - „-----“ გადახდილი დივიდენდი წარმოადგენს არა უცხოური საწარმოსთვის, არამედ ქართული საწარმოსთვის გადახდილ დივიდენდს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაბეგვრას არ ექვემდებარება. აღნიშნულს მომჩივნის განმარტებით ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსიც, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მიერ მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გაცემული დივიდენდი არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

ასევე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ შპს „----“ მიერ მისი არარეზიდენტი დამფუძნებელი პირისთვის (პარტნიორისთვის) გადახდილი დივიდენდი წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისთვის გადახდილ დივიდენდს და დივიდენდის გადახდა არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული დივიდენდი მოგების გადასახადით დაიბეგრება „ფილიალის“ მიერ მისი შემდგომი განაწილების (გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ) საანგარიშო პერიოდში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას და ქონების საბაზრო ღირებულებად 1 კვ.მ.-ზე საშუალოდ 9 500 ლარის განსაზღვრას. მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის ოფისი წარმოადგენს შეზღუდული განკარგვის უფლებით სერვისის გამწევი კომპანიისთვის გადაცემულ დამხმარე ფართს, რომლის გამოყენების უფლება სერვისის კომპანიას აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული მიზნებისთვის მესაკუთრეებისთვის სერვისის გაწევის პროცესში. შესაბამისად, მისი საბაზრო ფასის შეფასებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული კომპლექსში სარეალიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონებების საბაზრო ფასი. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რაც დაადასტურებს, რომ კომპლექსში კომერციული ფართის გაყიდვა განხორციელდა - 3 450 აშშ დოლარად (კვ.მ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ორგანომ გამოითხოვოს კომპლექსში განხორციელებული უძრავი ქონებების ბოლო გაყიდვებიდან რამდენიმე და საბაზრო ფასი განსაზღვროს აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის №12404 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7722 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 693 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 467 ლარი, ჯარიმა 12 995 ლარი და საურავი 3 231 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის და სსიპ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმო ----- (ს/ნ -----), რომელსაც თავის მხრივ აქვს ფილიალი საქართველოში, კერძოდ: უსფ(წ) „-----“ (ს/ნ -----). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამით და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 მარტს შპს „-----“ გაცემული აქვს თანხა დივიდენდის სახით „------ის ფილიალზე საქართველოში -----“ (ს/ნ ----). შემოწმებით, ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელს წარმოდგენს არარეზიდენტი კომპანია და არა მისი ფილიალი „------ ------“, გაცემული დივიდენდი ჩაითვალა არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 97-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, რომელიც 2022 წელს კაპიტალში შემოტანილია დამფუძნებელი კომპანიის მიერ. გადამხდელის განმარტებით კაპიტალში ქონების შეტანა მოხდა თვითღირებულებით, აღნიშნული ღირებულებით არის განსაზღვრული 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებამ, 2024 წლისთვის ქონების ღირებულების დადგენის მიზნით ჩაატარა ანალიზი და შეისწავლა ბაზარზე არსებული ფასები, მათ შორის დამფუძნებელი კომპანიის მიერ ამავე კომპლექსში (-----) რეალიზებული საოფისე ფართების ფასები. შედეგად, დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ ქონების ღირებულებას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილით და დაკორექტირდა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე საშუალოდ 9 500 ლარი (3 450 აშშ დოლარი). შედეგად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტი საწარმოს მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის და სსიპ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმო -----, რომელსაც თავის მხრივ აქვს ფილიალი საქართველოში, კერძოდ: უსფ(წ) „-------ის ფილიალი საქართველოში -----“ (ს/ნ -----). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამითა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით დადგინდა, რომ 2025 წლის 21 მარტს შპს „-----“ გაცემული ჰქონდა თანხა დივიდენდის სახით „------“ (ს/ნ -----). შემოწმებით, ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელს წარმოდგენს არარეზიდენტი კომპანია და არა მისი ფილიალი „-------“ (ს/ნ -----), გაცემული დივიდენდი ჩაითვალა არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.

5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც 2022 წელს კაპიტალში შემოტანილია დამფუძნებელი კომპანიის მიერ. გადამხდელის განმარტებით კაპიტალში ქონების შეტანა მოხდა თვითღირებულებით, აღნიშნული ღირებულებით არის განსაზღვრული 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებამ, 2024 წლისთვის ქონების ღირებულების დადგენის მიზნით ჩაატარა ანალიზი და შეისწავლა ბაზარზე არსებული ფასები, მათ შორის დამფუძნებელი კომპანიის მიერ ამავე კომპლექსში (----) რეალიზებული საოფისე ფართების ფასები. შედეგად, დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების ღირებულებას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილით, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 1კვ.მ.-ზე საშუალოდ

9 500 ლარი (3 450 აშშ დოლარი). შედეგად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი საწარმოს შვილობილი კომპანიის მიერ არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისთვის გაცემული დივიდენდის არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებამ დაადგინა, რომ კომპანიამ დივიდენდი ოფიციალური უცხოელი დამფუძნებლის ნაცვლად მის საქართველოში მოქმედ ფილიალს გადაუხადა. ვინაიდან ოფიციალურ დამფუძნებელს თავად უცხოური საწარმო წარმოადგენს და არა მისი ადგილობრივი ფილიალი, საგადასახადო ორგანომ ეს ტრანზაქცია პირდაპირ არარეზიდენტზე გაცემულად მიიჩნია. აღნიშნული დარღვევის გამო, კომპანიას დაეკისრა სანქცია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სახით.

საგადასახადო შემოწმებამ დაადგინა, რომ კომპანიამ კაპიტალში შემოტანილი უძრავი ქონება თვითღირებულებით დაადეკლარაირა, რაც მკვეთრად ჩამორჩებოდა საბაზრო ფასს. არსებული ფასების ანალიზის საფუძველზე, დაკორექტირდა დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც 1 კვ.მ.-ზე საბაზრო ღირებულებად 9 500 ლარი განისაზღვრა და კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97;130;134;154;201;202;