ბრძანება N 3368

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 3368
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3368

19 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 1 დეკემბრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის და 2024 წლის 25 იანვრის სხდომებზე (ოქმი №134 და №7) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 1 დეკემბრის №85729/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანიამ საგადასახადო ორგანოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართა ნებაყოფლობით და მხოლოდ შემდგომ განახორციელა საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა ააიპ „---ვის“. ოპერაციის განხორციელებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ემსახურებოდა საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას, რადგან კომპანიას არ გააჩნდა დღგით დასაბეგრი სხვა ოპერაცია. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედ 160-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი რედაქცია საერთოდ აღარ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას. ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2780 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ნოემბრის №27070 ბრძანება და ამავე თარიღის №006-551 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 692 780 ლარი, მათ შორის, გადასახადი 826 718 ლარი, ჯარიმა 413 359 ლარი, საურავი 452 703 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

2020 წლის 26 მარტს შპს „---მ“ საგადასახადო ორგანოს მიმართა დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის. უკვე 27 მარტს განხორციელდა საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა ა(ა)იპ „----სთვის (ს/ნ ---) 1 800 000 აშშ დოლარად, რომელიც დღემდე არ არის ანაზღაურებული მყიდველის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს მოცემული ოპერაციის განხორციელებისას არ მოუმართავს საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით ოპერაციის განხორციელების თარიღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით არ შეატყობინა საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ, ხოლო ოპერაცია განიხილა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდებად და გაათავისუფლა დღგ-ისგან, პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ.

დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე. შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმისათვის, რომ მიწოდება შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მიზნებისათვის ჩაითვალოს დღგ-ისაგან გათავისუფლებულად საჭიროა ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობა, კერძოდ:

 მიწოდება უნდა განხორციელდეს დღგ-ის გადამხდელებს შორის;

 მიწოდების ობიექტი უნდა იყოს საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივი და მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთი ოპერაციის ფარგლებში;

 მხარეებმა მიწოდების შესახებ 15 კალენდარულ დღეში წერილობით უნდა შეატყობინონ საგადასახადო ორგანოებს;

 მიწოდების ობიექტი არ უნდა იყოს იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში მიწოდების ობიექტი არის საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციები, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფი, მიწოდება განხორციელდა ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგის გადამხდელებს შორის და ობიექტი არ იყო იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობა, თუმცა მხარეებმა მიწოდების შესახებ 15 კალენდარულ დღეში წერილობით არ შეატყობინეს საგადასახადო ორგანოს. შედეგად, არ არის შესრულებული შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ყველა პირობა. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიამ საგადასახადო ორგანოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართა ნებაყოფლობით და მხოლოდ შემდგომ განახორციელა საწარმოს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის გადაცემა ააიპ „---თვის“. ოპერაციის განხორციელებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ემსახურებოდა საგადასახადო ორგანოს ინფორმირებას, რადგან კომპანიას არ გააჩნდა დღგ-ით დასაბეგრი სხვა ოპერაცია. ამასთან, ოპერაციის განხორციელების შემდგომ კომპანიამ იგივე ფორმით განაგრძო საქმიანობის განხორციელება. ხოლო 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე7 ნაწილი არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ინფორმირების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შპს „---“ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „---“ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №006-551 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ნოემბრის №27070 ბრძანება და ამავე თარიღის №006-551 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 692 780 ლარი, მათ შორის, გადასახადი 826 718 ლარი, ჯარიმა 413 359 ლარი, საურავი 452 703 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 2 (2) ; 269 (7).

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 160; 161; 167; 168 (4).