გადაწყვეტილება №25422/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.07.2025
№ დოკუმენტი 302206690
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25422/2/2025

24 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------------ო (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ოს 4.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25422/2/2025).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. ვალის მართვის დეპარატმენტის 7.05.2025 წლის №002-11567 შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 18.06.2025 წლის №13031 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

8.12.2024 წელს -----ის მოქალაქე --------ოს (პასპ/ნ ----, ს/ნ ----) მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „---------ოს“ გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი -------, სანომრე ნიშანი:----) შემოყვანა და ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 8.03.2025 წელი.

ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. საბაჟო ორგანომ 6.05.2025 წელს მომჩივნის დაუსწრებლად შეადგინა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 6.05.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 1 000 ლარი და ზედმეტობა - 79,33 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №002-11567 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.06.2025 წლის №13031 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენს სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუქმების საფუძველს.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

ვინაიდან წარმოიშვა საგადასახადო დავალიანება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

12.02.2025 წელს მოპარეს მანქანის ნომრები (-----), პოლიციას მიმართა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, საქმის ნომერი (---------). გარკვეული დროის მერე დააჯარიმეს 1 000 ლარით, საზღვარი რომ არ გადაკვეთა. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას, რადგან არ ჰქონდა საშუალება საზღვარი რომ გადაეკვეთა და ასევე ითხოვს დროებით ნომრებს და დამატებით ვადას, 28.02.2026 წლამდე, რათა მანქანა გაიყვანოს საქართველოდან. ამჟამად არ ფლობს რეგისტრაციის სანომრე ნიშნებს და შესაბამისად, ვერ გადაადგილდება. ამ დროისთვის პოლიციას ნომრები არ უპოვია. იდენტური სანომრე ნიშნების კანონიერად აღდგენა შეუძლებელია. დროებითი ქართული სანომრე ნიშნების აღებაც ვერ მოხერხდა, რადგან წესის თანახმად, აუცილებელია უცხოური ნიშნების დაბრუნება, რაც შეუძლებელია მათი დაკარგვის გამო. იმავე სანომრე ნიშნების (-----) აღდგენა პრინციპულად შეუძლებელია. მათი მიღება მხოლოდ -------ში ჩასვლით შეიძლება, სადაც მისცემენ ახალ სანომრე ნიშნებს და ახალ ტექნიკურ პასპორტს, სხვა ნომრით.

ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა, რადგან კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ 8.12.2024 წელს -------ის მოქალაქე -------ოს მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ---------, სანომრე ნიშანი:------) შემოყვანა და ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 8.03.2025 წელი. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 12.02.2025 წელს მოპარეს მანქანის ნომრები (-------), პოლიციას მიმართა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანმა შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დასტურდება მომჩივნის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტის გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

დადგენილია, რომ 6.05.2025 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 000 ლარი და ზედმეტობა 79,33 ლარი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მომჩივანს სალდირებულად გააჩნდა საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანა და ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 8.03.2025 წელი.აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. საბაჟო ორგანომ 6.05.2025 წელს მომჩივნის დაუსწრებლად შეადგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 6.05.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 1 000 ლარი და ზედმეტობა - 79,33 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის №002-11567 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №13031 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238( „ა“); 239(1და მე-2);

ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 165;