ბრძანება N 16902
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16902
12 ივლისი 2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. -----------------)
2023 წლის 31 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „------------“(ს/ნ -------------) №81379/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №002-65 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეული სარეკლამო მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით დადგენილი საბაზრო ფასი ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სს „-----------ბანკისთვის“ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრა, 2007 წელს შპს „-----------“-სა და შპს „------------“ შორის დადებული ანალოგიური სარეკლამო მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულებისა და მასში 2009 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის დანაწესს.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ყურადღებას ამახვილებს მათ მიერ წარდგენილ შპს „---------“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშზე (დასკვნაზე) - ,,შპს „---------“-ის მიერ მითითებული მომსახურების საბაზრო ღირებულების შესახებ“. აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნის დეტალური გაცნობის შედეგად უდავოდ დგინდება შემფასებლის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებული საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტები. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული მიზეზი, რატომ არ მოხდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნის გამოყენება, მაშინ როდესაც თავად ვერ უზრუნველყო კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მითითების შესრულება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ სადავო დარიცხვა სრულად უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას, რადგან საგადასახადო ორგანომ თავდაპირველი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა დაასაბუთა მისი სასარგებლო ფაქტები და წარადგინა დამოუკიდებელი, კვალიფიციური შემფასებლის მიერ შედგენილი დასკვნა სადავო ოპერაციასთან მიმართებით საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს №24812 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2016 წლის 12 დეკემბრის №35410 ბრძანება და ამავე თარიღის №006-778 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 59 770 ლარი, მათ შორის: გადასახადი 38 982 ლარი, ჯარიმა 20 788 ლარი, საურავი 0 ლარი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2016 წლის 12 დეკემბრის №006-778 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. დავის საგანს წარმოადგენდა საგადასახადო შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის (--------- ბანკი) გაწეული სარეკლამო მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის, მათ შორის საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპი. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა შპს „-----------“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიში შპს „-----------“-ის მიერ მითითებულ მომსახურებაზე საბაზრო ღირებულების შესახებ. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის №1945 ბრძანებით გადამხდელის ზემოაღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელიც 2017 წლის 9 თებერვალს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის №14081/2/17 გადაწყვეტილებით შპს „-----------“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა 2017 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №006-778 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის №1945 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემოსავლების სამსახურისთვის შპს „-------------“-ზე დასარიცხი დღგ-ისა და შემცირებული ზარალის ერთ ერთეულ ბარათზე 0.12 აშშ დოლარის გათვალისწინებით გაანგარიშების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით, შპს „-----------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „------------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
„1. შპს „-----------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „-----------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის
№006-778 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის №1945 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის №ბს917(2კ-20) განჩინებით, საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შეუმცირდა.
აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 3 მაისის №002-65 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრისა და უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინების შესაბამისად, განხორციელდა სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და შეფასება, შედეგად განვმარტავთ, რომ შპს ,,-----------"-ის (ს/ნ -----------) მიერ გაწეული მომსახურების მსგავსი ან მითუმეტეს ანალოგიური მომსახურების გაწევა საქართველოს ბაზარზე არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული მომსახურება არ წარმოადგენს იმგვარ პროდუქტს, რომელიც ბრუნავს საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე, შესაბამისად, საერთაშორისო ბირჟებიდან ამგვარი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით საბაზრო ფასის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის მიერვე განხორციელებული დროში ყველაზე ახლოს არსებული ოპერაციის ფასის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოვახდინოთ კონკრეტულ ოპერაციაზე საბაზრო ფასის განსაზღვრა და შევასრულოთ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემული დავალება, ვინაიდან არ არსებობს სადავო ოპერაციასთან უახლოესი 30 დღიანი პერიოდის განმავლობაში ანალოგიური ოპერაცია.
რაც შეეხება შპს ,,----------"-ის (ს/ნ -----------) მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია სარეკლამო მომსახურების საბაზრო ფასი, აღნიშნულ დასკვნაშიც მითითებულია, რომ ანალოგი საქართველოში არ არსებობს და მოძიებულ იქნა სხვა ქვეყნების მონაცემები და საქართველოს პირობებისთვის, ირიბი ანალოგის სახით, გამოყენებულ იქნა საქართველოს პრესაში რეკლამის განთავსება. შემოწმება ვერ გაიზიარებს აღნიშნულ დასკვნას, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდის შემთხვევაში ცდომილება შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ რეკლამის განხორციელების პერიოდმა, ხოლო შეფასების დასკვნიდან არ ირკვევა თუ რას ეფუძნება ექსპერტის რიგი გადაწყვეტილებები, რაც უნდა ემყარებოდეს დადგენილ ფაქტებს. ამასთან, იდენტურ მომსახურებად ვერ იქნება მიჩნეული უცხოური ბაზრის (------ და ------ მეტროპოლიტენის ბარათები) მონაცემები და საქართველოს პრესაში რეკლამის განთავსება.
აღსანიშნავია ასევე შპს ,,----------"-ის (ს/ნ -----------) წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემოწმებით შპს ,,------------"-ის (ს/ნ ------------) მიერ სს „---------- ბანკისთვის“ იგივე სარეკლამო მომსახურებაზე, შპს „---------"-სა და შპს „-----------"-ს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით დადგენილი ფასის გამოყენება, რა ღირებულებაც გამოყენებულ იქნა შემდგომ საგადასახადო შემოწმებაში. შესაბამისად, დარიცხვა განხორციელებულია ერთი და იგივე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებაზე, ერთი და იგივე საბაზრო ღირებულების გამოყენებით.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს.
6. თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით. 7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ,მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3ბ/2620-18), რომელშიც განმარტებულია შემდეგი:
„სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სადავო ნორმით ოპერაციის საბაზრო ფასის დადგენისას გათვალისწინებულია 30-დღიანი შეზღუდვა, რომელიც წინ უსწრებს ან მოსდევს სადავო ოპერაციას, რაც განპირობებულია სადავო ოპერაციის ღირებულების მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების იმპერატიული დანაწესი კონკრეტული მიწოდებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი საბაზრო ფასის მოძიების დროის ინტერვალს. კანონმდებელი მიუთითებს, რომ პირველ რიგში, არსებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაირკვეს არსებობდა თუ არა მიწოდების მომენტში დადებული სხვა გარიგებები. თუ არსებობდა, მაშინ საბაზრო ფასი დგინდება ამ გარიგებების გამოყენებით. სხვა მომენტებში დადებული გარიგებები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო თუ მიწოდების მომენტისთვის არ არსებობდა გარიგებები, ან არსებობდა, მაგრამ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა გარიგების ფასზე, მაშინ აიღება დროით ყველაზე უფრო ახლოს მყოფი გარიგებები. აღსანიშნავია, რომ კოდექსი საბაზრო ფასის დასადგენად არ განიხილავს 30 დღეზე მეტით დაცილებულ გარიგებებს. ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სს „------------ ბანკისთვის“ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრა 2007 წელს შპს „ ---------- -სა“ და შპს „ ----------“ შორის დადებული ანალოგიური სარეკლამო მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულებისა და მასში 2009 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის ზემოაღნიშნულ დანაწესს“.
ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს შემდეგს: „სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, იმ ნაწილში რომ დასაბეგრი ობიექტის ზუსტი ოდენობით განუსაზღვრელობა საგადასახადო ორგანოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, არ მოახდინოს დარიცხვა, რაც გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელთათვის ხელის შეწყობას არაკანონიერად გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაში, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს ინტერესს და ფაქტობრივად, უშედეგოს გახდიდა საგადასახადო კონტროლის განხორციელებას, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, საბაზრო ფასი დადგინდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი და სათანადო პრინციპის შერჩევის საფუძველზე, რათა, ერთი მხრივ, გაანგარიშებული ფასი მაქსიმალურად ახლოს იყოს გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ფასთან, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაბარზომიერი და გაუმართლებელი შეზღუდვა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების მიხედვით „განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, საბაზრო ფასის დასადგენად რატომ არ იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობები. რატომ არ იქნა მოძიებული სხვა სარწმუნო ინფორმაცია თუნდაც ოფიციალური წყაროებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზიდან და ა.შ. მოპასუხეებს ასევე სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ საბაზრო ფასის განსაზღვრის შეუძლებლობა დანახარჯების მეთოდის, რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდების გამოყენებით.“
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ შპს „----------“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშზე (დასკვნაზე) - ,,შპს „----------“-ის მიერ მითითებული მომსახურების საბაზრო ღირებულების შესახებ“. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემფასებლის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტები და გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: გაყიდვათა პირდაპირი შედარების მეთოდი, შემოსავლების განაღდების (კაპიტალიზაციის) მეთოდი და გაწეული დანახარჯების მეთოდი.
შემოსავლების სამსახური ზემოაღნიშნულ შეფასების დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შეფასების მითითებული მეთოდები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე6 ნაწილის დებულებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის უსასყიდლოდ გაწეული სარეკლამო მომსახურების საბაზრო ფასი განსაზღვროს შპს „----------“-ის მიერ მითითებული „მომსახურების საბაზრო ღირებულების შესახებ“ შპს „----------“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის უსასყიდლოდ გაწეული სარეკლამო მომსახურების საბაზრო ფასი განსაზღვროს შპს „------------“-ის მიერ მითითებული „მომსახურების საბაზრო ღირებულების შესახებ“ შპს „------------“ დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გაწეული სარეკლამო მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით დადგენილი საბაზრო ფასი ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 3 მაისის №002-65 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
2(2);100(1);19(2);298(2);18(6,7)