ბრძანება N 21013

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 21013
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21013

25 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის და 23 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №74 და №87) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №78672/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-124 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მისთვის არ არის წარმოდგენილი იდენტიფიცირებული კონკრეტული ხარჯები, რაზეც შემმოწმებლებმა ვერ შეძლეს დოკუმენტის მოძიება. კომპანიის ყველა ხარჯის გაწევის ოპერაცია ეყრდნობა შესაბამის დოკუმენტს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას არ გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამ ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა კომპანიის წარმომადგენლებთან შესაბამისი კომუნიკაცია. ითხოვს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნუსხის გადაცემას, რათა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და შემცირდეს ამ ნაწილში დარიცხული თანხები.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-------“-სგან ბონუსის სახით მიღებულ თანხაზე დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი (შპს „-------“) შპს „-------“ სთავაზობს გარკვეული სახის ბონუსს (ფასდათმობას), თუ შპს „-------“ მხრიდან შესყიდული პროდუქციის მაჩვენებელი მიაღწევს გარკვეულ დონეს. აღნიშნული ნიშნულები დარეგულირებულია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შპს „-------“ მიერ ზემოხსენებული ბონუსის მიღების საფუძველსაც სწორედ აღნიშნული პირობა წარმოადგენდა.

მომჩივანი მიუთითებს დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების (ბრძანება N207) მე-9 დანართზე და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაში, შპს „-------“ არ არის ვალდებული დაბეგროს ბონუსად მიღებული თანხა. ასეთ დროს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორექტირება უნდა მოახდინოს გამყიდველმა მხარემ. აცხადებს, რომ შპს „-------“ ბონუსის მიღების ოპერაცია არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2020 წელს კომპანიაში აფასდა შენობისა და მანქანადანადგარის ღირებულება. შემმოწმებლის მიერ კი განხორციელდა ზემოხსენებული ქონების ღირებულების აფასება 2019 წელს და ქონების გადასახადის აფასებული ღირებულებიდან დარიცხვა. ამასთან, გაურკვეველია რის მიხედვით, რა კრიტერიუმებითა და რა ფასებზე დაყრდნობით აფასდა ქონება შემმოწმებლების მხრიდან. ასევე, გადამხდელისთვის არ იქნა მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია 2020 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშების თაობაზე. მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადი არამართლზომიერადაა განსაზღვრული როგორც 2019, ისე 2020 წელს და ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების შემცირებას.

4. მომჩივანი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმას. აცხადებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელს არ მიეწოდა შესაბამისი ინვენტარიზაციის აქტი. მიწოდებული იქნა მხოლოდ გაანგარიშების ექსელის ფაილი, რომელიც გაანგარიშებულია რიგი უზუსტობებით/შეცდომებით და არ იძლევა არანაირი ანალიზის საშუალებას. ექსელის ფაილები შეიცავს როგორც მექანიკურ შეცდომებს, ასევე ინფორმაციულ უზუსტობებს. აღნიშნული ინფორმაციის ამგვარი უზუსტობა კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემმოწმებელების მიერ არ მომხდარა შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და გადამხდელთან შეჯერება. სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია ის რიცხვითი მაჩვენებელები, რაც შემმოწმებლების მიერ იქნა გამოყენებული დანაკლისის გაანგარიშების მიზნით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დანაკლისის იგივე მაჩვენებლი არის გაცილებით ნაკლები, რაც კიდევ ერთხელ მყარად ადასტურებას იმ მოსაზრებას, რომ შემმოწმებელების მიერ დანაკლისის გაანგარიშება არის სრულიად არასწორი და აუცილებელია ამ ინფორმაციის თავიდან და გადამხდელთან ერთად შესწავლა. შესაბამისად, ითხოვს აუდიტორთან ერთად აღნიშნული ჯარიმის გაანგარიშების დეტალურად და სიღრმისეულად გავლას. აცხადებს, რომ გააჩნია იმავე პერიოდზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შიდა აქტი და აცხადებს მზადყოფნას დეტალურად გაიაროს ზემოხსენებული საკითხი შემმოწმებელთან ერთად.

5. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანმა აღნიშნა, რომ სხვა სადავო საკითხების შესახებ პოზიციას დააფიქსირებდა საჩივრის ზეპირსიტყვიერი განხილვისას, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №23956 და 2022 წლის 22 დეკემბრის №32373 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33682 ბრძანება და №094-124 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 170 030 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 012 ლარი, ჯარიმა 106 121 ლარი, საურავი 20 897 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ საბუღალტრო პროგრამა ორისის, შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტერიაში გატარებული აქვს ისეთი შეძენები ღირებულებით - 16 330 ლარი, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული შეძენები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ -------) ბონუსის სახით მიღებული აქვს 69 657 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შპს „-------“ აღნიშნულ თანხაზე დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შპს „-------“ წარმოდგენილი აქვს 2019-2020 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით ქონების გადასახადის ანგარიშში გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, სხვაობები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში გადასახადის გადამხდელს ასახული აქვს 2020 წელს ქონება (შენობა-ნაგებობა, მანქანადანადგარები) აფასებული ღირებულებით, რაც დეკლარაციაში ასახული არ აქვს. გამოვლენილ სხვაობაზე შპს „-------“ დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს სასაწყობე ფართში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფების შედარება, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი 876 007 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 და 160-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ საბუღალტრო პროგრამა ორისის, შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტერიაში გატარებული აქვს ისეთი შეძენები (ღირებულებით - 16 330 ლარი), რომლებზეც შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნულზე დარიცხულია მოგების გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ ბუღალტერთან შემმოწმებლის მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და თითოეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი შესყიდვა უშუალოდ მასთან იქნა გავლილი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ -------) 2019 და 2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ბონუსის სახით მიღებული აქვს 69 657 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისად, შპს „-------“ აღნიშნულ თანხაზე დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, ბონუსის დაბეგვრასთან, მიმართებაში შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბონუსის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხარეთა მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შედეგად, რომელიც იწვევს შესაბამის იურიდიულ შედეგებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა მიერ ნების გამოვლენის შედეგად წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მყიდველის მიერ მხარეთა შორის შეთანხმებული მოქმედებების შესრულების შემთხვევაში, მომწოდებელს წარმოეშობა შეთანხმებული ფულადი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ის გარემოება, რომ მხარეებს არ აქვთ განხორციელებული კორექტირება, არ ცვლის ოპერაციის შინაარს და არ ათავისუფლებს შპს „-------“ აღნიშნული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვისგან, შესაბამისად, სადავო ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ წარმოდგენილი აქვს 2019-2020 წლების ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) წლიური დეკლარაციები. შემოწმებით დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით ქონების გადასახადის ნაწილში გამოვლინდა სხვაობები. კერძოდ, სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში გადასახადის გადამხდელს ასახული აქვს 2020 წელს ქონება (შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები) აფასებული ღირებულებით, რაც დეკლარაციაში ასახული არ აქვს. 2019 წლის სხვაობები კი გამოვლენილია შემდეგი გარემოებით: შემოწმებამ 2018 წლის ქონების, კერძოდ, შენობა-ნაგებობების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის ქონების ღირებულება (შენობა-ნაგებობები) განისაზღვრა მსგავსი ან იდენტური ქონების საბაზრო ფასის შესაბამისად, რაც ასახულია 2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საკითხი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარმოედგინა ექპერტიზის დასკვნა რეალურ ღირებულებაზე, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი, რის შედეგადაც უცვლელი დარჩა შემოწმებით განსაზღვრული 2018 წლის ქონების ღირებულება. შემოწმებით, 2019 წლის ქონების გადასახადის განგარიშებისას საწყის სააბალანსო ღირებულებად აღებული იქნა 2018 წლის საბოლოო საბალანსო ღირებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რაიმე სახის ალტერნატიული დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ობიექტზე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფების შედარება. კერძოდ, შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი (წარმოებაში გადატანილი) სმფ-ების თვითღირებულება. საბოლოო ნაშთის ანგარიში დაეყრდნო შემდეგ ინფორმაციას: სმფ-ების საწყის ნაშთად აღებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საწყისი ნაშთის შესახებ, რომელსაც დაემატა მის მიერ განხორციელებული ელექტრონული შეძენების თვითღირებულება (საბაჟო და ადგილობრივი შეძენა) და შემცირდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულებით, რომელიც დაეყრდნო გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვებს. ამ გზით მიღებული სმფების ბუღალტრული ნაშთი შემცირდა გადამხდელის მიერ 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით წარმოებაში გადატანილი სმფ-ების თვითღირებულებით. აღნიშნული ანგარიშის შედეგად, მიღებულ იქნა ბუღალტრული ნაშთის ღირებულება, რომლის მეტობამ სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტიურ ნაშთან შედარებით შეადგინა - 876 007 ლარი, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა დანაკლისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%- ის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. ბონუსის სახით მიღებულ თანხაზე დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას.

3. შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საბუღალტრო პროგრამა ორისის, შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტერიაში გატარებული აქვს ისეთი შეძენები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული შეძენები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

2. შესამოწმებელ პერიოდში ორგანიზაციას ბონუსის სახით მიღებული აქვს თანხა, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

3.შემოწმებით დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით ქონების გადასახადის ანგარიშში გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2020 წელის ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციაში ქონება (შენობა-ნაგებობა, მანქანადანადგარები) აფასებული ღირებულებით არ აქვს ასახული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

4. საწარმოს სასაწყობე ფართში განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი, რაც დაექვემდებარა დაჯარიმებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 და 160-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1); 983; 160; 202; 286; 275; 269(7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 921;