გადაწყვეტილება№20904/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 20904/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20904/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ აწ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" ) (საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია ი/მ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის (საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია ი/მ "-------") 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20904/2/2023).

დავის საგანი:

უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №006-593 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17852 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 672 905.33 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 369 030

ჯარიმა - 102 508

საურავი - 201 367.33

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

მომჩივანს 2016 და 2017 წლებში შპს „------“-სგან (ს/ნ "------") შეძენილი აქვს ქ."----"-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი ბინები. სულ შეძენილი აქვს 37 ბინა, საერთო ფართი 2 873 კვ.მ. გადამხდელმა 2016-2017 წლებში აღნიშნული ბინები თანხის მიღების სანაცვლოდ კერძო იპოთეკარებთან დატვირთა იპოთეკით, რათა დასრულებულიყო ბინების მშენებლობა. გადამხდელმა ვერ დაფარა აღნიშნული სასესხო ვალდებულებები, რის გამოც 2019-2020 წლებში განახორციელა ხსენებული 37 ბინის რეალიზაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლება ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. აღნიშნულ შემთხვევაში გადამხდელს რეალიზებული აქვს 37 ბინა, რაც წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლის მიხედვით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. 30.08.2019 წელს კი დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს და გადასახადის გადამხდელი დაექვემდებარა დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციას. სულ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 2 050 180 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

ამასთან, გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები არ დაუდგინდა, რადგან ბინების რეალიზაციისას ნამეტი თანხა არ ფიქსირდება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32361 ბრძანება და 22.12.2022 წლის №006-593 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 25.05.2023 წლის №19237/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4661 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/არგუმენტაციის გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 37 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციას .

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ ბინების რეალიზაციის ეკონომიკურ საქმიანობად განხილვა არასწორია, რადგან აღნიშნული ოპერაციები განახორციელა "-------"-ის მერიის მოთხოვნით, იპოთეკარებისგან სესხად აღებული თანხების დასაბრუნებლად, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით (ქალაქ "------"-ის მუნიციპალიტეტის მთავრობის და საკრებულოს განკარგულებები და სამმხრივი ხელშეკრულება).

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლა/შეაფასა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია და ყველა საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება აღნიშნული ბინების რეალიზაციის და შემდგომ იპოთეკარებისთვის დავალიანების გადახდის ვალდებულების განსაზღვრა, "-------"-ის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან საკრებულოს მიერ. აღნიშნული განკარგულებები განსაზღვრავს მხოლოდ იმ საკითხებს, რაც უშუალოდ უკავშირდება დაუმთავრებელი მშენებლობების სამშენებლო განვითარების ხელშეწყობისთვის ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, როგორიცაა სარეკრეაციო ზონის და განაშენიანების კოეფიციენტის ცვლილებები, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო ქონების რეალიზაცია განეხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული ბინების იძულებით ან სხვა ისეთი მიზეზით რეალიზაციის ფაქტი, რაც გამორიცხავდა განხორციელებული ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად კვალიფიკაციას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი არ არის დასაბუთებული და დავის განმხილველი ორგანოს მიერ არაა გათვალისწინებული მის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის ჩადენას ან ასეთი ქმედების განზრახვას, კერძოდ:

10.07.2008 წელს "------"-ში,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დაფუძნდა ინდ. მენაშენთა ამხანაგობა "------" (შემდგომში „ამხანაგობა“), მიწის ნაკვეთი №"-----". აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რამდენჯერმე შეთანხმდა სამშენებლო პროექტები და გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვები (შესაბამისი რეკვიზიტები დასახელებული აქვს განაცხადში, რომელიც განხილულია ქ. "------" მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ), ამხანაგობის მაშინდელი ხელმძღვანელების მიერ დაწყებული იქნა და შესრულდა 250 000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, რაც მოიცავდა ადგილობრივი მოსახლეობის ქირით გაყვანას, გეოლოგიურ, საპროექტო სამუშაოებს და ასევე მომარაგებული იქნა ნახევარ მილიონამდე დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომელიც ადგილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა (აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებით).

ამასთან, 2008 წლის აგვისტოში საყოველთაოდ ცნობილი საომარი მდგომარეობის და საომარი მოქმედებების შემდეგ, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ეკონომიკური კრიზისი, ამხანაგობის ძველმა ხელმძღვანელობამ ვეღარ შეძლო სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება, დაუგროვდა ვალები და ვალდებულებები როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, ასევე მესამე პირთა მიმართ, რომლებმაც შეიძინეს ფართები სამშენებლო პროექტში 2007 - 2008 წლებში, ასევე გაიზარდა მოთხოვნები აღებული ვალდებულებების მიმართ. ამასთან, 2008 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებებით, სს „------- -სგან “ წლიური 30 პროცენტიანი სარგებლით 309 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო, აუქციონზე გასაყიდად გასული იყო ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობა, რის გამოც ამხანაგობაში მშენებლობის სტატუსით დამფუძნებელ წევრად შევიდა იბა „------“, რომლისგანაც რელურად არარსებული, მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა და აიღო ვალდებულება ამხანაგობისათვის გადაეხადა თანხა იმ იმედით, რომ აშენების შემთხვევაში გაისტუმრებდა ვალდებულებებს და დარჩებოდა მოგება. მართლაც მოახერხა დასახელებული ქონების მეშვეობით იპოთეკური სესხების აღება და ამხანაგობის წინაშე ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულებები, რის შედეგადაც მოხერხდა ვალდებულებების გამო აუქციონზე გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, განხორციელდა დაწყებითი სამშენებლო სამუშაოები. ასევე, განახორციელდა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი და მაცხოვრებლების გაყვანა ქირით და სხვა.

თუმცა, საბოლოოდ ქ. "------"-ის მერიის მიერ პროექტი არსებული სახით გაუქმდა, დაკორექტირდა მესამედი მოცემულობით, შესაბამისად 100-ზე მეტი მობინადრე, მათ შორის ის და მისი იპოთეკარები დარჩნენ დაზარალებული. რის გამოც, ამხანაგობა იძულებული გახდა მოეძებნა და შეეყვანა ინვესტორი, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს შპს „N1“. ქ. "------"-ის მერიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად შპს „N1-მა “ მის ნაცვლად გაისტუმრა იპოთეკური ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც მისგან გადაიფორმა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკარები არ იძლეოდნენ მათგან სავალდებულოდ საჭირო და აუცილებელ თანხმობებს კორექტირებული პროექტის განხორციელებაზე და დაზარალებულთან დაკმაყოფილებაზე.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ პროექტის განუხორციელებლობამ უნებურად ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში იპოთეკარების წინაშე, რაც სამართალდამცავთა მიერ შეფასდა როგორც მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაული და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რა პერიოდშიც განხორციელდა ყველა ის ოპერაცია, რაც საგადასახადო ვალდებულების საფუძვლად იქნა მიჩნეული საგადასახადო ორგანოს მიერ.

მიაჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს მისი მხრიდან მისი ნამდვილი ნების საფუძველზე რაიმე სახის ეკონომიკური აქტივების სისრულეში მოყვანას, რაც შეიძლება გახდეს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების საფუძველი. ყველა ის ტრანზაქცია, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ განხილულია დაბეგვრის მიზნებისათვის, განხორციელებულია ქ. "------"მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო ასობით დაზარალებული მობინადრე და მისი მხრიდან მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის ხელშეწყობა საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები არ ემყარება საკითხის სრულყოფილ, ობიექტურ და სამართლიან შესწავლას, რის გამოც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს მომჩივნის მხრიდან რაიმე სახის ეკონომიკური აქტივების სისრულეში მოყვანას, რაც შეიძლება გახდეს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების საფუძველი. ყველა ის ტრანზაქცია, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ განხილულია დაბეგვრის მიზნებისათვის, განხორციელებულია ქ. "------"მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო ასობით დაზარალებული მობინადრე და მისი მხრიდან მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის ხელშეწყობა საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზე.

აღნიშნული არგუმენტების და მისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების მიზნით საჩივარი საბჭოს 25.05.2023 წლის №19237/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლა/შეაფასა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია და საქმისათვის ყველა არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება აღნიშნული ბინების რეალიზაციის და შემდგომ იპოთეკარებისთვის დავალიანების გადახდის ვალდებულების განსაზღვრა, "------"-ის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან საკრებულოს მიერ. აღნიშნული განკარგულებები განსაზღვრავს მხოლოდ იმ საკითხებს, რაც უშუალოდ უკავშირდება დაუმთავრებელი მშენებლობების სამშენებლო განვითარების ხელშეწყობისთვის ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, როგორიცაა სარეკრეაციო ზონის და განაშენიანების კოეფიციენტის ცვლილებები, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო ქონების რეალიზაცია განეხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული ბინების იძულებით ან სხვა ისეთი მიზეზით რეალიზაციის ფაქტი, რაც გამორიცხავდა განხორციელებული ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად კვალიფიკაციას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის არგუმენტს, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 2016 და 2017 წლებში საწარმოსგან შეძენილი აქვს მშენებარე საცხოვრებელი ბინები. სულ შეძენილი აქვს 37 ბინა, საერთო ფართი 2 873 კვ.მ. გადამხდელმა 2016-2017 წლებში აღნიშნული ბინები თანხის მიღების სანაცვლოდ კერძო იპოთეკარებთან დატვირთა იპოთეკით. გადამხდელმა ვერ გადამხდელს რეალიზებული აქვს 37 ბინა, რაც წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლის მიხედვით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. 30.08.2019 წელს კი დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს და გადამხდელი დაექვემდებარა დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციას.გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები არ დაუდგინდა, რადგან ბინების რეალიზაციისას ნამეტი თანხა არ ფიქსირდება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის არგუმენტს, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

157,160,161,282.