N 7015-რს - 15/07/2020 - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტის ორგანო) ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა;
ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება;
გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში;
ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 ივლისი 2020 წ.
N7015-რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე