ბრძანება N 5890

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 18.03.2026
№ დოკუმენტი 5890
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5890

18 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 23 თებერვლის

საჩივრის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი N 21) განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) N 29450/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის N EL307807 საბაჟო სამართალდარღვევის და N AL068615 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- მივლინებით ყოფნისას საჩუქრად მიიღო სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი, რომელთა რაოდენობაც არ ქმნის იმის ვარაუდს, რომ ეს საქონელი არის კომერციული დანიშნულების. შეცდომაში შეიყვანა მებაჟე - ოფიცერმა, როდესაც მას ხელმოსაწერად წარუდგინა განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ და უთხრა მას რომ ეს არის ქონების ჩამორთმევის (კონფისკაციის აქტი). ქართული ენის არცოდნის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეცა განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისთვის, ასევე ზუსტად გაეგო თუ რას მოითხოვდა მებაჟე მისგან და/ან რაში სდებდა მას ბრალს. მებაჟე - ოფიცერს შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილი და მოეყვანა თარჯიმანი. ჩამორთმეული ალკოჰოლური სასმელის ყველა ბოთლი იყო მარკირებული აქციზური მარკით. მისი უმნიშვნელოდ მცირე რაოდენობა კი გამორიცხავს იმის ვარაუდს, რომ ეს საქონელი შემოჰქონდა რეალიზაციის მიზნით და ექვემდებარებოდა საქართველოს აქციზური მარკით სავალდებულო მარკირებას.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ითვალისწინებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას. ოქმის შედგენის შემდეგ დაწერა განცხადება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 11 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან N ----- სატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა საქართველოს მოქალაქე -----. უფლებამოსილი მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა, მისთვის გასაგებ ----- ენაზე. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მან უარი განაცხადა, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.

ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ავტომობილის სალონში, უკანა სავარძლის ქვემოთ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ალკოჰოლიანი სასმელები, კერძოდ: 1 ცალი - „-----“ 0.7ლ, 2 ცალი - „-----“ 0.5ლ, 2 ცალი - „-----“ 0.5ლ, 2 ცალი - „-----“ 0.5ლ, 1 ცალი - -----“ 0.5ლ. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი N -----.

ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 11 თებერვალს შედგენილი N EL307807 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

----- უფიქსირდება საზღვრის კვეთის მრავალი ფაქტი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2026 წლის 11 თებერვლის n AL068615 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

მომჩივნის მიმართ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 11 თებერვლის N ----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, 1552 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

ამდენად, ვინაიდან საჩივარი 2026 წლის 11 თებერვლის N ----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებს და სცილდება შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განხორციელდა საქონლის ჩამორთმევა, რომელიც ჩამორთმევის მომენტიდან ჩაითვალა სახელმწიფო საკუთრებად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2026 წლის 11 თებერვლის N EL307807 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის სადავო ოქმით 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი პრივატიზება ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა საქონლის ჩამორთმევა, რომელიც ჩამორთმევის მომენტიდან ჩაითვალა სახელმწიფო საკუთრებად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას და შესაბამისად სანქცია, რომელიც შეეფარდა მომჩივანს (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) გათვალისწინებულია აღნიშნული მუხლით, ხოლო ვინაიდან მომჩივანი გადააადგილებდა აქციზური მარკის საქონელს, მათი ჩამორთმევა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

რაც შეეხება საჩივარში საქართველოს საბაჟო კოდექის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებას, აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბაჟო კოდექსის მე-80 მუხლს არ აქვს მე-5 ნაწილი.

საგულისხმოა ასევე, რომ ----- გახლავთ საქართველოს მოქალაქე, თუმცა მასთან ზეპირი გამოკითხვა წარიმართა მისთვის გასაგებ ----- ენაზე, რაც დასტურდება სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერითაც. შესაბამისად, ის თარჯიმნის მომსახურებას არ საჭიროებდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი 2026 წლის 11 თებერვლის N AL068615 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანი საზღვარზე შემოსვლისას უარყოფდა დეკლარირებადი ნივთების არსებობას, თუმცა შემოწმების შედეგად ავტომობილში აღმოჩნდა დამალული ალკოჰოლური სასმელები, რომლის შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ახორციელებდა. შემოწმების შედეგად პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს, მუხლი :168(3);.