გადაწყვეტილება №79354/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№79354/1/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 24.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79354/1/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის №007-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 406 694 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 188 457
დღგ - 2 180
მოგების გადასახადი - 73 539
საშემოსავლო გადასახადი - 112 482
ქონების გადასახადი - 256
ჯარიმა - 98 237
საურავი - 120 000
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სარეცხი საშულებებისა და ბავშვის მოვლის საშულებების საცალო/საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო: 1. სააღრიცხვო დოკუმენტაციით საწარმოს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება), მათ შორის დებიტორული დავალიანების ნაწილი წარმოადგენს 2017 წლის საწყისს ნაშთს. აღნიშნული დავალიანება ეკუთვნის ჯამში 38 სხვადასხვა სხვადასხვა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს (სასაქონლო ზედნადებების მიხედვით), რომლებიც საქონლის შეძენას ახდენდნენ საწარმოს მიერ იჯარით აღებულ საწყობში.
ამასთან შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ პირებზე რეალიზაცია ძირითადად ხდება ერთჯერადად ერთი სასაქონლო ზედნადების ფარგლებში. საწარმოს აღნიშნული პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (3 წელზე მეტი დროის განმავლობაში) არ უფიქსირდება ზემოხსენებულ პირებთან სხვა ოპერაციები (მათ შორის საქონლის ან მომსახურების რეალიზაცია და თანხის გადახდა-მიღება) ან/და თანხის მოთხოვნის სამართლებრივი ღონისძიებები. საწარმომ ვერ წარადგინა აღნიშნულ პირებთან შედარების აქტები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილში დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე უსასყიდლო სესხად და განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაანგარიშებული სარგებელი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად (მათ შორის 2017 წლის საწყის ნაშთად დაფიქსირებული მოთხოვნის ნაწილიც) და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. საწარმოს უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები. აგრეთვე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ამ ფონზე, გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლები წარმოებს პროპორციის დაცვის გარეშე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 168-ე და 174-ე მუხლებით. შედეგად, საწარმოს მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა პროპორციას და დღგ-ის შესაბამისი თანხები აღდგა ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციის გათვალისწინებით გაანგარიშდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ამასთან, ჩათვლების გამიჯვნა განხორციელდა მიღებული საქონლის/მომსახურების შინაარსის მიხედვით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.12.2020 წლის №37467 ბრძანება და №007-501 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2021 წლის №12797 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო ხსენებული მტკიცებულებების და მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის №1059 ბრძანება და №007-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სარეცხი საშუალებებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების საცალო/საბითუმო ვაჭრობას. კომპანიას უფიქსირდება დებიტორული დავალიანებების ნაშთები, მათ შორის 2017 წლის საწყისი ნაშთის სახით. აღნიშნული დებიტორული დავალიანებებიდან რამდენიმე პირთან (38 სხვადასხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირი) არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი შემმოწმებლების მიერ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, მიჩნეულ იქნა როგორც გადახდილი და დაფარული კლიენტის მიერ, შესაბამისად „მიღებულ“ თანხას მისცეს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული სესხის კვალიფიკაცია, შედეგად სესხის ძირი დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უპროცენტო სესხიდან ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით.
აღნიშნული გარემოებების ასეთი ფორმით კლასიფიკაცია შემმოწმებლების მიერ არ არის მართებული და სწორი, ვინაიდან აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილის მიღება რეალურად არ მომხდარა და რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის საბანკო ამონაწერები და ასევე კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა რომელიც სრულად არის ნაწარმოები საბუღალტრო პროგრამაში. აღრიცხვიდან ასევე სხვა მტკიცებულებებიდან დგინდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაფარული არ არის. აგრეთვე, გამოწერილი ზედნადებების შენიშვნაში მითითებულია, რომ საქონლის მიწოდება მოხდა „კონსიგნაციის“ პირობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დებიტორული დავალიანება ნამდვილად წარმოიშვა. ამასთან, შემმოწმებლების მიერ მხედველობაში არ არის მიღებული მსოფლიოში არსებული პანდემია, რამაც გაართულა თავის დროზე არარეზიდენტებთან კომუნიკაცია, რათა კომპანიას ეწარმოებინა აღნიშნული არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან შემმოწმებლების მიერ მოთხოვნილი შედარების აქტები. თავის მხრივ არც შემმოწმებლების მიერ იქნა მოძიებული მესამე მხარიდან ინფორმაცია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ დებიტორული დავალიანება ნამდვილად არ აქვს კომპანიას მიღებული.
აქედან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ცალკე დავის საგანს წარმოადგენს ის, რომ შესამოწმებელ 1.01.2017-1.08.2020 პერიოდში ანაზღაურებულად იქნა განხილული 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული მოთხოვნაც, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ერთის მხრივ, მის მიერ წარდგენილი აღრიცხვისა და პირველადი დოკუმენტების მონაცემები ადასტურებს იმას, რომ თანხის მიღება არ მომხდარა, ხოლო მეორეს მხრივ, ასეც რომ არ იყო, გაუგებარია 2017 წლამდე არსებული მოთხოვნები, რატომ ჩაითვალა 2017 წელს გაცემულ სესხად. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნიათ და გაუგებარია რა კანონიერ და ლოგიკურ საფუძველებს ეყრდნობა ის, რომ 2017 წლამდე არსებული მოთხოვნები ჩაითვალოს 2017 წელს გაცემულ სესხად. შესაბამისად, ასეთი მიდგომა უსამართლო და არაკანონიერია.
ამასთან აშკარად არასწორად არის დათვლილი საშემოსავლო გადასახადი ვინაიდან მისი ვარაუდით საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია მთლიანი თანხა 562420 ხელფასად, მაშინ როდესაც ეს თანხა აქტის მიხედვითვე მიჩნეული იქნა უპროცენტო სესხად მოგების გადასახადში და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვისაც. აქტში აშკარად წერია, რომ ეს თანხა უპროცენტო სესხის გაცემის გამო დაიბეგრა, როგორც საშემოსავლო ასევე მოგების გადასახდის ნაწილში და არა მთლიანი თანხის დაბეგვრა მოხდა ხელფასად თუ მთლიანი თანხა დაიბეგრა ხელფასად მაშინ საინტერესოა, როგორღა იქნა ეს თანხები დაბეგრილი მოგების გადასახადში გაცემულ სესხად აღიარების გამო? აშკარაა რომ დათვლაში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი შეცდომა, რაც გაანგარიშებული უნდა იქნას შემმოწმებლების მხრიდან.
2. კომპანიას უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები, აგრეთვე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ამ ფონზე, შემმოწმებლის მიერ გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლების გაანგარიშება მოხდა არასწორად და შესაბამისად არასწორად მოხდა დღგ-ისა და შესაბამისი სანქციების დარიცხვა.
კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების არსებობის მიუხედავად არ არის გათვალიწინებული:
1. 18%-იანი ბრუნვებზე 100%-ით დაკავშირებულ შესყიდვების დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება. ასეთი დღგ-ის ჩათვლების გაანგარიშება მოხდა არასწორად.
2. შემოწმების აქტით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების გაზრდა მოხდა 23 347 ლარით, ხოლო ჩათვლების შემცირება 14229 ლარით, რაც აშკარად არაპროპორციული თანხებს წარმოადგენს, რაც ნიშნავს რომ აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებაში დაშვებულია შეცდომა.
3. აშკარად არასწორად არის შეფასებული კომპანიის გამიჯვნადი, გაუმიჯნავი და ძირითადი საშუალებების დღგ-ის ჩათვლის პრინციპები, რაც მიანიშნებს იმაზე რომ საგადასახადო კოდექსის 174- ე მუხლის დარღვევით არის გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხები.
4. დაშვებული სხვა შეცდომები დღგ-ის ჩათვლის ნაწილში.
ამასთან, შემმოწმებლებისათვის წარდგენილი იყო პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი შესაბამისი ლოგიკური ახსნა-განმარტებებით, თუმცა შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი და არგუმენტები.
აქედან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხების ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
გამომდინარე იქიდან რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო ხსენებული მტკიცებულებების და მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება არ დაკორექტირებულა.
აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია რომ:
1. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა გადაწყვეტილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, შედარების აქტები. შესაბამისად ამ ნაწილში არ მომხდარა გადაანგარიშება და ასევე საკითხი დამატებით განხილვას აღარ დაექვემდებარა.
2. კომპანიას უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები, აგრეთვე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები (მთლიანი ბრუნვის 93%). საწარმოს მიერ ჩასათვლელ დღგ-ს ძირითადად წარმოადგენს საწყობის იჯარისა და ტრანსპორტის შეკეთების ხარჯებისთვის გადახდილი დღგ. გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის წარმომადგენელმა წარადგინა ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გამიჯვნის გაანგარიშება. გადამხდელის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი საქონელი საწყობში მეტ ფართს იკავებს (არ არსებობს რაიმე მტკიცებულება) გადახდილი დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ შეთავაზებული პროპორციით (60% - დასაბეგრისათვის, 40% - გათავისუფლებულისათვის). იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, იჯარის და ტრანსპორტის შეკეთების მომსახურებისათვის საწარმოს ყოველთვიურად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და ხელშეკრულებების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოპერაციების მიხედვით, გამიჯვნა შეუძლებელია. დამატებით შესწავლის შედეგად გადაანგარიშების საფუძვლები არ გამოვლინდა და შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №26117-21-14 წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
1. საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიას, რომ „1.01.2017-1.08.2020 პერიოდში ანაზღაურებულად იქნა განხილული 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული მოთხოვნაც; რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით“ არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, საწარმოს 2017 წლამდე არარეზიდენტ ფ.პ-ებზე დებიტორულ ნაშთად დაფიქსირებული ჰქონდა 267 0504 ლარი, 2017-2020 წლებში კი დამატებით დებიტორული დავალიანება გაიზარდა 416 718 ლარით (რაც დასტურდება საწარმოს ბუღ აღრიცხვითაც). ფაქტობრივი გარემოებებისა და საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შემოწმებით თანხის ანაზღაურების პერიოდად ჩაითვალა საქონლის რეალიზაციის პერიოდი. შესაბამისად 2017 წლის შემდგომ ანაზღაურებულად და უპროცენტო სესხად ჩაითვალა 416 718 ლარი და მოგებით დაბეგრვასაც დამატებით მხოლოდ აღნიშნული ნაწილი დაექვემდებარა. ხოლო დანარჩენი ნაწილი ანაზღაურებულად და უპროცენტო სესხად გაცემულად ჩაითვალა 2017 წლამდე, რასაც შემოწმების პერიოდი არ მოიცავდა და მოგების გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარა.
ასევე, საჩივარში დაფქსირებულია პრეტენზია, რომ „არასწორად არის დათვლილი საშემოსავლო გადასახადი“, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში და შემდგომაც გაეგზავნა სრული გაანგარიშება, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული არგუმენტაცია ან საკუთარი გაანგარიშება გადამხდელს არ წარმოუდგენია. ამასთან, გაანგარიშება შესრულებულია სწორად. კერძოდ, რადგანაც მთლიანი დებ დავალიანება განხილულ იქნა უპროცენტო სესხად 2017- 2020 საანგარიშო პერიოდზე დაანგარიშებული იქნა ყოველთვიური სარგებლის ოდენობა ფინ. მინისტრის მიერ განსაზღვრული საპ. განაკვეთით (წლიური 20%), რამაც მთლიან ნაშთზე (684 223 ლარი) 43 თვეზე (შესამოწმებელი პერიოდი) შეადგინა 562 420 ლარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სესხის ძირითადი ნაწილი 2017 წლის იანვარში იქნა გაცემულად ჩათვლილი.
2. საწარმოს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული სრული ბრუნვების პროპორციულად გაანგარიშდა ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა და არა დამატებით გამოვლენილი ბრუნვის მიხედვით.
ამასთან, ჩათვლების გამიჯვნა განხორციელდა მიღებული საქონლის/მომსახურების შინაარსის მიხედვით. ჩათვლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ორივე სახის საქონლის შესანახად განკუთვნილი საწყობის იჯარის მომსახურებისთვის გადახდილი დღგ. რეალიზაციის ზედნადებების მიხედვით ორივე სახის საქონლის რეალიზაცია მიმდინარეობდა აღნიშნული საწყობიდან. გადამხდელის განმარტებით ჩასათვლელი დღგ-ის გამიჯვნა უნდა განხორციელდეს გადამხდელის მიერ განსაზღვრული პროპორციით, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ მის შეფასებას. საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ჩათვლების საწყობის ფართის ან საქონლის რაოდენობისა და მოცულობის პროპორციულად გამიჯვნას. შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია გაანგარიშებული იქნა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ბრუნვების გათვალისწინებით (94%-გათავისუფლებული, 6%-დასაბეგრი). აღნიშნული გაანგარიშებები შემოწმების პროცესში სრულად იქნა მიწოდებული გადამხდელის წარმომადგენილისათვის.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან განიხილავს საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას, თუ რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.12.2020 წლის №37467 ბრძანება და №007-501 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.04.2021 წლის №12797 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო ხსენებული მტკიცებულებების და მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის №1059 ბრძანება და №007-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 25.02.2022 წლის №13093/2/2021 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 174 (6).