გადაწყვეტილება №20110/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20110/2/2023
20 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 29.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20110/2/2023).
დავის საგანი:
დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10483 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 31.03.2022 წელს ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის მაისის თვის (№------------) დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია
17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი რომელზეც გადასახადის გადამხდელის მიერ 31.03.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია დაზუსტებული დეკლარაცია შესწავლილი და ასახულია ამავე აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. კომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას ასევე ირკვევა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდგომ.
31.03.2022 წელს წარმოდგენილ 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (№-----------) მიბმულია შპს „------------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი ----------- ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებთან (-------- და --------, რომელთა განაშთვის საკითხი მოცულია მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების აქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 31.03.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაცია (№------------) არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის (დაზუსტებული, №-----------) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10483 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებზე და იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 31.03.2022 წელს წარდგენილ 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (№------------) მიბმულია შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------------. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან (-------------- და -----------), რომელთა განაშთვის საკითხი მოცულია შპს „-------------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია არ არის იმგვარი გარემოება, რომელიც დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შემდეგ კომპანიის დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ არ ჰქონდა მიღებული და ასახული ისეთი ოპერაციები, რომლებიც შესრულებულია და დოკუმენტირებული არ არის. ამიტომ, კომპანიამ მოითხოვა შესაბამისი კომპანიებიდან გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიიღო და ჩათვლის მიზნით დააზუსტა დეკლარაციები. ამ ქმედების მიზანია მხოლოდ შემცირდეს კომპანიის დავალიანება და შემდგომ დარჩენილი დაიფაროს.
აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დეკლარირებულია საგადასახო შემოწმებამდე. შპს „----------“-ს იგივე პერიოდში ასევე შესრულებული ჰქონდა 81 300 ლარის მომსახურება და დაფარული იყო დავალიანებაც სრულად. ორივე კომპანიამ არასწორად ჩათვალა, რომ ავანსის ანგარიშფაქტურების გამოწერა საკმარისი იყო შესრულებული მომსახურების დასადასტურებლად და დღგ-ის სრულად ჩასათვლელად. ამ შეცდომის გამოსწორების მიზნით გამოიწერა 2022 მარტის თვეში, 10.05.2019 წელს დასრულებული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა 2019 წლის იანვრის და მაისის დეკლარაციები.
2019 წის იანვარში დაზუსტებით გაუქმდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით გახორციელებული შემცირება. ხოლო, 2019 წლის მაისის დაზუსტებული დეკლარაციით, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან ჩათვლილი იყო ავანსის ანგარიშფაქტურების მიღების თარიღით.
აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის განმარტება არასწორია, ვინაიდან ანგარიშფაქტურა ------------- გამოწერილია 31.03.2022 წელს, შემოწმების შემდეგ და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ვერ იქნებოდა.
უნდა გაუქმდეს №10483 ბრძანება და 2019 წლის იანვრის და მაისის დაზუსტებული დეკლარაციები უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის ბარათზე, რაც გამოიწვევს დავალიანების შემცირებას 12 401,69 ლარით და კომპანიას დაეხმარება დარჩენილი დავალიანების დაფარვაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 31.03.2022 წელს წარდგენილია 2019 წლის მაისის თვის (№-------------) დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2019 წლის იანვარში დაზუსტებით გაუქმდა ავანსის ანგარიშფაქტურებით გახორციელებული შემცირება. ხოლო, 2019 წლის მაისის დაზუსტებული დეკლარაციით, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან ჩათვლილი იყო ავანსის ანგარიშ-ფაქტურების მიღების თარიღით. ანგარიშ-ფაქტურა ------------ გამოწერილია 31.03.2022 წელს, შემოწმების შემდეგ და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ვერ იქნებოდა.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №------------
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 31.03.2022 წელს წარდგენილია 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია.მომჩივანი მიუთითებს, რომ 2019 წლის იანვარში დაზუსტებით გაუქმდა ავანსის ანგარიშფაქტურებით გახორციელებული შემცირება. ხოლო, 2019 წლის მაისის დაზუსტებული დეკლარაციით, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან ჩათვლილი იყო ავანსის ანგარიშ-ფაქტურების მიღების თარიღით. ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 31.03.2022 წელს, შემოწმების შემდეგ და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ვერ იქნებოდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;69(3);