გადაწყვეტილება №21043/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21043/2/2023
27 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21043/2/2023).
დავის საგანი:
მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №059-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23159 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 340 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 982
მიწა-არასასოფლო - 26 400
მოგების გადასახადი - 6 687
საშემოსავლო გადასახადი - 1 895
ჯარიმა - 17 491
საურავი -18 867
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარიტუალო მომსახურება, დამკრძალავი ბიუროს ორგანიზება და მათთან დაკავშირებული სამუშაოები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 4.11.2022 წლის წერილის (№-------) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 დეკემბრის შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდება 100 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიის მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე არ არის შესრულებული მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულება. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის და 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკუთრებაში არსებულ 100 000 კვ.მ. მიწაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32082 ბრძანება და №059-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლზე, 204-ე მუხლზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 206-ე მუხლის პირველის ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში და დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. -------) წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მასზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მოწყობილია კერძო სასაფლაო. სასაფლაო ფუნქციონირებს 2003 წლიდან.
კომპანიის შემოსავალს წარმოადგენს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავისთვის მიწის გამოყოფის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, რომელიც არის ერთჯერადი შემოსავალი. სხვა სახის შემოსავალი კომპანიას არ გააჩნია.
რადგან კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია სასაფლაო, მასზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათი.
იმის მიუხედავად, რომ შემოწმებისათვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მსჯელობა, თუ რატომ არ ვრცელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე საგადასახადო შეღავათი.
მათი ვარაუდით, შემმოწმებელი ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის ბოლო ნაწილს („გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა“), ანუ თვლის, რომ ვინაიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავისთვის მიწის გამოყოფა ფასიანია, კომპანია აღნიშნული მიწის ნაკვეთს (სასაფლაოს) იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში და მასზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება.
აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში, ყველა სასაფლაოზე (მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ, თუ კერძო) საფლავისთვის მიწის გამოყოფა ფასიანია. შესაბამისად, ამ ლოგიკით, ყველა სასაფლაოს ტერიტორია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული მიწის ნაკვეთი ყოფილა და მათზე ქონების გადასახადში დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება. საგადასახადო კოდექსის ჩანაწერის ამგვარი ინტერპრეტაციის შემთხვევაში, სასაფლაოებით დაკავებული მიწების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზანი, მიუხედავად კანონმდებლის აშკარა სურვილისა ქონების გადასახადის გადახდისგან გაათავისუფლოს აღნიშნული მიწები, ვერ მიიღწევა.
მომჩივნის აზრით, სასაფლაოებით დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შინაარსი უნდა იქნეს გაგებული შემდეგნაირად:
• სასაფლაოებით დაკავებული მიწები გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან;
• თუ სასაფლაოს ტერიტორიაზე ხორციელდება სხვა ეკონომიკური საქმიანობა (მაგ.: ფუნქციონირებს საფლავის ქვების დამამზადებელი საწარმო), მაშინ მიწის ნაკვეთის ამ ნაწილზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება.
კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ასეთი პრაქტიკაა გავრცელებული სხვა სასაფლაოების შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა, მათი არგუმენტების გაზიარებას და აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა ქონების გადასახადში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირება) მოხდენა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 2023 წლის 20 სექტემბრის №23159 ბრძანებით (გადაწყვეტილებით), გაუგებარი საფუძვლით, მის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, კერძოდ:
შემოსავლების სამსახურს, მის გადაწყვეტილებაში მოყვანილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადთან დაკავშირებული საგადასახადო კოდექსის დებულებები, მაგრამ ისევე, როგორც საგადახადო შემოწმების აქტში, შემოსავლების სამსახურის №23159 ბრძანებაში საერთოდ არ არის მსჯელობა, თუ რატომ არ ვრცელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე საგადასახადო შეღავათი.
ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში, არგუმენტად მოყვანილია შემდეგი გაუგებარი შინაარსის წინადადება: „ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში და დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.“
კომპანიისათვის გაუგებარია, რა მტკიცებულებების არ წარმოდგენაზეა საუბარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარი არ განუხილავს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი „სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების“ დაცვით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23159 ბრძანებაში (გადაწყვეტილებაში) არაფერია ნათქვამი, თუ რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური საჩივარში წარდგენილ არგუმენტაციას და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას არც თავისი არგუმენტაცია მოყავს.
მომჩივანი ითხოვს:
1. შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 20 სექტემბრის №23159 ბრძანების გაუქმებას და საქმე დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად; ან
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დავების განხილვის საბჭომ არსებითად იმსჯელოს და გადაწყვიტოს იგი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველის ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყებაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ფიქსირდება 100 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნული მიწაზე განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულება და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოწყობილია სასაფლაო, ვრცელდება საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული შეღავათი, კომპანიის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ საფლავისთვის მიწის გამოყოფის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, რომელიც არის ერთჯერადი შემოსავალი და სხვა შემოსავალი არ გააჩნია. შემმოწმებელს არ აქვს ნამსჯელი აქტში, თუ რატომ არ ვრცელდება შეღავათი, ხოლო შემოსავლების სამსახურმა სადავო გადაწყვეტილებით მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ არც მასში არის ნამსჯელი რატომ არ ვრცელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელზეც განთავსებულია სასაფლაოები, საგადასახადო შეღავათი. ასევე გაუგებრად მიიჩნევს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ პოზიციას მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, კერძოდ რა მტკიცებულებების წარდგენაზეა საუბარი. მიიჩნევს, რომ სათანადო არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები და გაუგებარია, რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებულისგან განსხვავებული გარემოებები და არგუმენტები. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადასახადო შეღავათზე მითითებით კვლავაც აღნიშნა, რომ არც შემოწმების აქტშია დაფიქსირებული და არც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, მიწაზე, რომელზეც მოწყობილია სასაფლაოები, რომელიც ფუნქციონირებს, რატომ არ უნდა გავრცელდეს შეღავათი. 100 000 კვ.მ. მიწაზე სასაფლაოების მოწყობის შესახებ აღებულია ნებართვა თავდაპირველად ------- (ეხლა ------- ეკუთვნის), რამდენიმე სამინისტროს წერილებიც არსებობს და დანიშნულებით სასოფლო-სამეურნეო გადაკეთდა არასასოფლო სამეურნეოდ, რომელიც დღეის მდგომარეობით მთლიანად არ არის დაკავებული სასაფლაოებით, მაგრამ მას სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებს, 30 წლის შემდეგ უნდა დაიხუროს და გადაეცეს სახელმწიფოს. მას თავად აქვს ნანახი (დათვალიერებული) მიწა, ------- დადგენილება, საჩივარშიც აქვს მითითებული საკადასტრო კოდი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ერთვის საჩივარს. ამდენად, მისთვის გაუგებარია რა დოკუმენტი უნდა წარედგინა შემოწმებისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარკვეული არ იყო სად მდებარეობდა სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწა და არც ის იყო დადგენილი საერთოდ კომპანიის სასაფლაო თუ იყო. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, მიწა სასაფლაოებიდან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული, ამ კონკრეტულ მიწაზე (ს.კ. -------) სასაფლაო არ მდებარეობს, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიწა არის თავისუფალი არასასოფლო-სამეურნეო მიწა. ყოველივე გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილია, მაგრამ რამდენადაა ცნობილი მისი წარმომადგენლისათვის მისთვის უცნობია. რაც შეეხება საჯარო რეესტრიდან ამონაწერს, რაზეც მიუთითებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, ვინაიდან ვერ იძებნებოდა სად მდებარეობდა აღნიშნული საკადასტრო კოდის მიწა, ამიტომ მიმართა საგამოძიებო სამსახურმა კონკრეტული კითხვებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა წარედგინა აუდიტის დეპარტამენტს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს და მიუთითებს საქმესთან არსებულ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექპერტის დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ხსენებულ ბიუროს კითხვებით მიმართა საგამოძიებო სამსახურმა და ეთხოვა რათა განსაზღვრულიყო:
- შპს ------- (ს/ნ -------) სახელზე ------- მიერ 2000 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შესაბამის რუკაზე/ნახაზზე აღნიშვნით, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დარეგისტრირებულია საკადასტრო კოდით -------;
- მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ------- ზედდებაშია თუ არა მიწის ნაკვეთებთან საკადასტრო კოდი ------- და -------, დადებით შემთხვევაში რა ფართობით, ხოლო უარყოფით შემთხვევაში მათი უახლოესი საზღვრები რა მანძილითაა დაშორებული ერთმანეთისგან;
- შპს ------- მიერ სასაფლაოების მოსაწყობად ათვისებული ტერიტორიის კონტური, მისი ფართობი და საბაზრო ღირებულება, ასევე ხდება თუ არა აღნიშნული ტერიტორიის (მოწყობილი სასაფლაოების) ზედდება შპს ------- სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით -------) და დადებით შემთხვევაში რა ფართობით, ხოლო უარყოფით შემთხვევაში მათი უახლოესი საზღვრები რა მანძილითაა დაშორებული ერთმანეთისგან.
ხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით, ექსპერტის დასკვნაში (№-------) აღნიშნულია:
- ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტია 2000 წლის 28 თებერვლის ------- №--- დადგენილება, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ნაჩვენებია ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ გეგმაზე, სადაც დატანილია ------- სოფელ ------- ტერიტორიაზე სასაფლაოს მოსაწყობად გამოსაყოფი მიწის ნაკვეთი, ფართობი 10 ჰა;
- ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს არ კვეთს (არ არის ზედდებაში) ------- და ------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (წინა ნომრებია ------- და №-------) საზღვრიდან №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრამდე უახლოესი მანძილი შეადგენს 935 მ-ს. ასევე, ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრამდე უახლოესი მანძილი შეადგენს 434 მ-ს;
- აზომილი იქნა -------, სოფელ ------- ფაქტობრივად არსებული სასაფლაოების გარე კონტური და დადგინდა იმ ტერიტორიის ფართი, რომელზეც განთავსებულია სასაფლაოები და მათ შორის არსებული გზები (ინფრასტრუქტურა). აღნიშნული ტერიტორიის ფართი შეადგენს 54 390 კვ.მ-ს. აზომილი სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიის ფართი არ კვეთს (არ არის ზედდებაში) შპს ------- სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების საზღვრებს შორის უახლოესი მანძილი შეადგენს 513 მ-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(1); 204(2); 275