გადაწყვეტილება №26953/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.05.2026
№ დოკუმენტი 26953/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26953/2/2026

06 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------ი (პ/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 19.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26953/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3792 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 96 905,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 52 062,73

დღგ - 44 770,05

საშემოსავლო გადასახადი - 7 292,68

ჯარიმა - 35 252

საურავი - 9 590,34

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში. საქონლის შესყიდვას ახორციელებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის საშუალებით.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან თანამშრომლობდა და წარმოადგინა ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები და სხვა). მომჩივნის საქმიანობის ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.09.2024 წლის №19716 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ის ნაშთი, თვითღირებულებით 743 002 ლარი, ასევე საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (38,19%) და საქონლის დანაკლისი, საბაზრო ფასით 118 552 ლარის ოდენობით.

აღნიშნულზე მომჩივანს 6.03.2025 წლის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.07.2025 წლის №16316 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე 21.07.2025 წლის მდგომარეობით აღიწერა 937 899 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასით (თვითღირებულება 575 172 ლარი). საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციების და დადგენილი საშუალო ფასნამატის 38,19%-ის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი. შესაბამისად, განხორციელდა აღნიშნული დანაკლისის თანხის დამატებით დაბეგვრა. გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით წარმოადგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებული არ ჰქონდა წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3792 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ 2022 და 2023 წლებზე გადასახადის დარიცხვისას გამოყენებულია 2025 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებისა და ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი ფასნამატის პროცენტი (38,19%). გადასახადის გადამხდელმა გამოითვალა თუ რამდენით უნდა გაზრდილიყო შემოსავალი 2022 წელს, რომ აღნიშნული ფასნამატის პროცენტი რეალური ყოფილიყო. საჩივარს ურთავს გადაგზავნილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციას და ფასნამატის პროცენტის მიხედვით დაანგარიშებული დეკლარაციის მნიშვნელობებს. მიღებულის სხვაობა შემოსავალში 28 152,7 ლარი. აღნიშნულ თანხაზე უნდა მომხდარიყო როგორც დღგ -ის, ისე - საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად, მომჩივანს უნდა დარიცხვოდა 11000 ლარამდე ნაცვლად 20 821 ლარისა.

რაც შეეხება 2025 წელს, დარიცხვა გამოწვეული იყო დანაკლისის თანხიდან. აღნიშნული თანხა იყო 118 552 საბაზრო ფასით. მომჩივანს უნდა დარიცხვოდა დღგ 18 084,2 ნაცვლად 47 822 ლარისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მომჩივანს გაეზარდა შეძენილი პროდუქციის რაოდენობა, რაც დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა მითითებული. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო მიიჩნევს გადასახადის გადამხდელი, რომ გადასახადები არასწორადაა დათვლილი. ვინაიდან მომჩივანი ძველი მონაცემებით უთითებს შეძენების ღირებულებას, ეს იწვევს გარკვეულ ცდომილებას შემოწმებით დადგენილ შედეგებსა და მის მიერ გაანგარიშებულ თანხებს შორის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ

გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან თანამშრომლობდა და წარმოადგინა ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები და სხვა). მომჩივნის საქმიანობის ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №19716 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ის ნაშთი, თვითღირებულებით 743 002 ლარი, ასევე საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (38,19%) და საქონლის დანაკლისი, საბაზრო ფასით 118 552 ლარის ოდენობით.აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16316 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე 21.07.2025 წლის მდგომარეობით აღიწერა 937 899 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასით (თვითღირებულება 575 172 ლარი). საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციების და დადგენილი საშუალო ფასნამატის 38,19%-ის მიხედვით.

ამასთან,გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი. შესაბამისად, განხორციელდა აღნიშნული დანაკლისის თანხის დამატებით დაბეგვრა. გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით წარმოადგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებული არ ჰქონდა წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №3792 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 ,,ა“); 79(„ა“); 80(1); 100(1.3„ბ“); 102(1 „ა“); 105(1.2); 158(1); 159(1 „ა“);