არარეზიდენტი საწარმოს წილის შეძენა უცხოურ ვალუტაში N 2626

2626 არარეზიდენტი საწარმოს წილის შეძენა უცხოურ ვალუტაში 23.02.2017
№ დოკუმენტი 2626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არარეზიდენტი საწარმოს წილის შეძენა უცხოურ ვალუტაში N 2626

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“-მა 2017 წლის სექტემბრის თვეში შეიძინა არარეზიდენტი კომპანიის 30%-იანი წილი 50 000 აშშ დოლარად. საწარმომ საბანკო გადარიცხვა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით განახორციელა 2017 წლის ოქტომბრის თვეში. 2017 წლის სექტემბრის თვეში აშშ დოლარის ლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,0-ს, ხოლო 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 1,9-ს. საწარმომ შეძენილი წილი 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს რეზიდენტ კომპანიაზე გაყიდა 50 000 აშშ დოლარად. თანხის ანაზღაურება მოხდა იმავე დღეს, გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,1-ს. შესაბამისად, ანაზღაურებულ იქნა 105 000 ლარი (50000$* 2,1).

· საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადში არ მოუხდენია საგადასახადო ანგარიშგება.

შეფასება

· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან აქციის/წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად განხორციელდა ანაზღაურება (თანხის ფაქტობრივად მიღება), პირი უფლებამოსილია თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

· შპს „X“ 2017 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე ვალდებული იყო, არარეზიდენტი კომპანიის 30%-იანი წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა 95 000 ლარი (50 000 აშშ დოლარი*1,9) დაებეგრა მოგების გადასახადით და ბიუჯეტში გადაეხადა 16 764 ლარი (95 000/0,85*15%). ამასთან, სსკ-ის 982 მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დეკემბრის თვეში, როდესაც გაყიდა არარეზიდენტი კომპანიის 30%-იანი წილი, უფლება აქვს, ჩაითვალოს წილის შეძენისას გადახდილი მოგების გადასახადი - 16 764 ლარის ოდენობით.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციურ სახელმძღვანელოში შესაბამისი დღისთვის მითითებული ვალუტა და შესაბამისი კურსები პირობითია