გადაწყვეტილება №24817/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24817/2/2025
14 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24817/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის ოდენობა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №041-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2957 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 280 536,25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 174 710
დღგ - (-271)
საშემოსავლო გადასახადი - 174 981
ჯარიმა - 88 484
საურავი - 17 342,25
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა, საქონლის შეძენას ახდენს ადგილობრივი მომწოდებლებისგან.
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №041-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2957 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთის ოდენობა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვებით განსაზღვრული შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით გაანგარიშდა კომპანიის ფულის ნაშთი, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვებით განსაზღვრულ შემოსავალს (დღგ-ის ჩათვლით) გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გამოაკლდა გაცემული ხელფასები და ფიზიკური პირების მომსახურების თანხები (რაზეც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით ეკისრებოდა აგენტის ვალდებულება), გამოაკლდა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ფულის ნაშთის დათვლისას გათვალისწინებულია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები. შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთს დაემატა ბანკში და სალაროში არსებულის ფულის საწყისი ნაშთი (01.01.2021 მდგომარეობით) და გამოაკლდა ბანკში და სალაროში არსებულის ფულის საბოლოო ნაშთი (01.06.2024 მდგომარეობით, სალაროში ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაცია გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცნობის სახით), დარჩენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და გადასახადის გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვებით განსაზღვრული შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და უკან დაბრუნებული თანხების, ასევე ბანკსა და სალაროში არსებულის ფულის საწყისი/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა კომპანიის ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა. აღნიშნული ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
გადამხდელის არგუმენტთან, დებიტორული დავალიანებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა დამოწმებული ცნობის სახით დებიტორული დავალიანების ნაშთების წარდგენა, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, რაც გათვალისწინებულია გადასახადის გამოანგარიშებისას. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირები 01.06.2024-ის მდგომარეობით აფიქსირებდნენ შპს „-------“ მიმართ დავალიანების ოდენობას. წარდგენილი შედარების აქტებით დებიტორული დავალიანება შეადგენს 408 757 ლარს, რაც განსხვავდება საჩივარში დაფიქსირებული და შემოწმებისთვის ცნობის სახით წარდგენილი დებიტორული დავალიანების ნაშთისგან. ამასთან, წარდგენილი შედარების აქტები შედგენილია ფიზიკურ პირებთან და არცერთ შემთხვევაში საქონლის მიწოდებისას არ არის გამოწერილი დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნება იდენტიფიცირება რა სახის, რაოდენობის და ღირებულების საქონელი შეიძინეს შპს „-------“. აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ არამეწარმე ფიზიკურ პირებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას. ძირითად შემთხვევაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება ან ფლობენ მხოლოდ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, წარმოდგენილი ინფორმაციები (დებიტორული დავალიანების ნაშთი) არ ედრება ერთმანეთს, არცერთ შემთხვევაში ფიზიკურ პირებთან (შედარების აქტების მიხედვით - დებიტორებთან) არ არის გამოწერილი ელ. ზედნადები ან სხვა დოკუმენტი (როცა დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის გარეშე შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 941 602 ლარს), ამასთან, წარმოდგენილი შედარების აქტებით თითოეული პირის მიმართ დებიტორული დავალიანების ნაშთი მერყეობს 10 555 ლარიდან 58 712 ლარამდე და აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან ვერ დასტურდება საქონლის შეძენის საჭიროება, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული შედარების აქტებით არსებული ინფორმაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, აღნიშნავს, რომ წარადგინა ყველა პირველადი ფინანსური დოკუმენტი, რომლებიც წარმოადგენენ ფინანსური აღრიცხვისთვის საჭირო ყველა პირველად დოკუმენტს: ს/ზედნადებები, ა/ფაქტურები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები, პარტნიორი კომპანიების შედარების აქტები, განმარტებები და სხვა, თუმცა შემმოწმებლები ეყრდნობიან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, რომელიც ცხადია ვერანაირად ვერ გადმოსცემს და იქნება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის განმსაზღვრელი. მინიმუმ შემოსავლების სამსახურს უნდა განეხილა ხარვეზი, რომელიც დაშვებულია გადაანგარიშებისას, კერძოდ თანხა რომელიც მიიღეს გამოანგარიშებისას და მიაკუთვნეს ხელფასის სახით განაცემებს, მის მერე თანხა არის აგროსილი, ნაცვლად იმისა, რომ ეანგარიშათ შემდეგნაირად, კერძოდ მიღებული თანხიდან რა ოდენობის გადასახადის გადახდა მოუწევდა დამფუძნებელს მიღებული თანხის სწორად განაწილების შემთხვევაში. მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ მოთხოვნას ტოვებს უცვლელად: შემოწმების მასალებში გადასახადების გამოანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების მქონე სუბიექტები, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანება კომპანიის მიმართ, ხოლო აღნიშნული ფულადი ნაკადები ჩაეთვალა კომპანიას მიღებულად, ხოლო თანხები გაცემული ხელფასად დირექტორზე, რაც არარეალურია (საჩივარს თან ვურთავთ ექსელის ფაილს, სადაც იდენტიფიცირებულებია დებიტორები დავალიანების ოდენობის მითითებით). ავღნიშნავთ, რომ გარკვეულ დებიტორებზე ინფორმაცია, მათ შორის შედარების აქტები დავალიანების ოდენობის შესახებ, სათანადოდ შედგენილი და დამოწმებული წარუდგინეთ შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტს, რაც არ გაითვალისწინეს. სულ დებიტორული დავალიანება შეადგენს 220 734 ლარს, რომელზეც სსიპ შემოსავლების სამსახურმა დავის განხილვისას, არც კი შეაფასა და მიაქცია ყურადღება აღნიშნულს. შემდეგი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გამოანგარიშებული ფულადი სახსრები ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულზე მომჩივნის პოზიციაა, რომ თანხები ჩაითვალოს კომპანიიდან გაცემულ სესხად, რომლის დაბრუნებასაც აპირებენ კომპანიაში და დაბრუნების შემთხვევაში კომპანიას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგების გადასახადის ჩათვლა. ფუნქციონირებდეს მოგების გარეშე ასეთი შეფასება აუდიტებიდან ვფიქრობთ ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე, მომჩივანი განმარტავს თავის მოთხოვნებს: გთხოვთ დაავალოთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს ხსენებული გარემოებები და გადასახადების გადაანგარიშება მოახდინონ კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შეფასების შემდგომ და არა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ თანხას ჩავსვავთ კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებში კომპანიის მოგება აღარ დარჩება, ვინაიდან ხელფასი პირდაპირ დანახარჯებში ტარდება ფინანსურ აღრიცხვაში, ხოლო კომპანია ფუნქციონირებდეს მოგების გარეშე ასეთი შეფასება აუდიტებიდან ვფიქრობთ ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვებით განსაზღვრული შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და უკან დაბრუნებული თანხების, ასევე ბანკსა და სალაროში არსებულის ფულის საწყისი/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა კომპანიის ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა. აღნიშნული ფულის ნაშთი, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა დამოწმებული ცნობის სახით დებიტორული დავალიანების ნაშთების წარდგენა, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, რაც გათვალისწინებულია გადასახადის გამოანგარიშებისას. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირები აფიქსირებდნენ კომპანიის მიმართ დავალიანების ოდენობას. წარდგენილი შედარების აქტებით დებიტორული დავალიანება განსხვავდება საჩივარში დაფიქსირებული და შემოწმებისთვის ცნობის სახით წარდგენილი დებიტორული დავალიანების ნაშთისგან. ამასთან, წარდგენილი შედარების აქტები შედგენილია ფიზიკურ პირებთან და არცერთ შემთხვევაში საქონლის მიწოდებისას არ არის გამოწერილი დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნება იდენტიფიცირება რა სახის, რაოდენობის და ღირებულების საქონელი შეიძინეს კომპანიისგან. აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ არამეწარმე ფიზიკურ პირებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, წარმოდგენილი ინფორმაციები (დებიტორული დავალიანების ნაშთი) არ ედრება ერთმანეთს, არცერთ შემთხვევაში ფიზიკურ პირებთან (შედარების აქტების მიხედვით - დებიტორებთან) არ არის გამოწერილი ელ. ზედნადები ან სხვა დოკუმენტი და აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან ვერ დასტურდება საქონლის შეძენის საჭიროება, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული შედარების აქტებით არსებული ინფორმაცია.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 26.12.2024 წლის №041-72 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 280 536,25 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 710 ლარი, ჯარიმა 88 484 ლარი და საურავი 17 342,25 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს საბჭომ გამოიყენოს დისკრეციული უფლება და მომჩივანი გაათავისუფლოს შემოწმებით დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის ოდენობა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და გადასახადის გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვებით განსაზღვრული შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და უკან დაბრუნებული თანხების, ასევე ბანკსა და სალაროში არსებულის ფულის საწყისი/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა კომპანიის ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა. აღნიშნული ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 269(7)