ბრძანება N 24656
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 24656
19/08/2020
უსფ(წ) -------------
(მის.: ქ. ------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა უსფ(წ) ---- ს 2020 წლის 09 თებერვლის №49358/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №005-559 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი :
მომჩივანი არ ეთანხმება დაწესებულების მიერ მიღებული ფინანსური მოგების განაწილებულ მოგებად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციებისათვის მისაკუთვნებელი მოგების განსასაზღვრად, უნდა მოხდეს ყველაზე შესაფერისი სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდის შერჩევა და შედარებადობის ანალიზის ჩატარება, გამოყოფილი ბიზნეს აქტივობისა და ფუნქციების გათვალისწინებით შერჩეული დამოუკიდებელი საწარმოების მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისი მოგება. მიუთითებს, რომ რამდენადაც კომპანიისთვის არის ცნობილი, აუდიტორს არ ჩაუტარებია ანალიზი იმისთვის, რომ განესაზღვრა მუდმივი დაწესებულებისთვის მისაკუთვნებელი მოგების ოდენობა როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით და კონვენციით. შესაბამისად, აუდიტორის მიერ მოგების ოდენობის დაანგარიშება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ამგვარად განსაზღვრული მოგების გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ოქტომბრის №30653 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) ---- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2019 წლის 30 დეკემბრის №47582 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-559 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განესაზღვრა სულ 806959 ლარით, მათ შორის: გადასახადი 458974 ლარი, ჯარიმა 227391 ლარი, საურავი 120594 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელს 2017 წელს საკუთარი სათაო ოფისისთვის გადარიცხული აქვს თანხები, აღნიშნული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის გახარჯვა/გაქვითვა ხორციელდება სათაო ოფისის მიერ მუდმივი დაწესებულების მიზნებისთვის (როგორც შესამოწმებელ, ასევე შემდგომ პერიოდში). თანხის დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, ფილიალი საქართველოში რეგისტრირებულია 2017 წელს და აღნიშნული წლის ფინანსური მოგება შეადგენს 2 268 654 ლარს. ფილიალი საქართველოში აღარ ეწევა აქტიურ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 981 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2017 წლის ფინანსური მოგების ფარგლებში სათაო ოფისზე განხორციელებული განაცემები, ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, ფილიალმა 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში სათაო ოფისს გადაურიცხა ---- ისგან მიღებული შესასრულებელი სამუშაოსთვის მიღებული ავანსის თანხები 4 500 000 ევრო. საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებში, აღნიშნული თანხების გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „Cash Pooling”, რაც წარმოადგენს საწარმოთა ჯგუფის (მათ შორის ფილიალების) ფულადი ნაშთების ცენტრალიზირებული მართვის სტრატეგიას. „Cash Pooling”- ის მიზანია იმ საწარმოებიდან ან/და ფილიალებიდან ჭარბი ფულადი ნაკადების ჯგუფში შემავალ იმ კომპანიებზე გადანაწილება, რომლებიც იმავე პერიოდში განიცდიან - ნაღდი ფული დეფიციტს. შემოწმების შედეგად დეტალურად იქნა შესწავლილი სათაო ოფისსა და ფილიალს შორის ფულის მოძრაობა და დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული გადარიცხული თანხები უკან არ დაბრუნებულა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით და საბანკო ამონაწერებით, რომელიც ასახავს ფულის მოძრაობას სათაო ოფისსა და ფილიალს შორის არამარტო შესამოწმებელ, არამედ მის შემდგომ პერიოდშიც. დღეის მდგომარეობით ფილიალი აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. 2017 წელი საწარმომ დაასრულა ფინანსური მოგებით 2 268 654 ლარის ოდენობით. რაც დასტურდება საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერებით და 2017 წლის ფინანსური ანგარიშგებით, რომლებიც თავად გადამხდელის მიერ იქნა წარმოდგენილი. ყოველივე ზემოღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს და -------- მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის შესაბამისად, ფინანსური მოგების ფარგლებში ფილიალის მიერ სათაო ოფისისთვის გადარიცხული თანხები (ფინანსური მოგების ფარგლებში) ჩაითვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად განაწილებულ მოგებად. შედეგად საწარმოს განესაზღვრა დამატებითი ვალდებულებები მოგების გადასახადში 2017 წლის დეკემბერს, რადგან სწორედ დეკემბერს გახდა ცნობილი საწარმოს ფინანსური მოგება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფილიალის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის ფინანსური ანგრაიშგება აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისობაშია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის („ეგთო“) მოხსენებასთან „Authorized OECD Approach”, რადგან საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ აღრიცხულია შიდა ჯგუფური მომსახურებებიც, რომლებსაც სათაო ოფისი უწევს ფილიალს ან/და პირიქით (რომელთა ფასის შესაბამისობა გაშლილი ხელის პრინციპით გაანგარიშებულ ფასთან შემოწმების შედეგად არ გამხდარა სადაო). ასევე მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებულია შესაბამისი შემოსავლები (სატენდერო შემოსავლები და სხვა) და ხარჯები (მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული ხელფასები, გამოყენებული აქტივების ცვეთა და სხვა). აღნიშნული ფინანსური მოგება შემმოწმებელთა მიერ სადაო არ გამხდარა. ასევე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა საწარმოს კონტროლირებული ოპერაციები და აღნიშნული კუთხითაც რისკები არ გამოვლენილა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობით, მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, ამასთან დადგენილი გარემოებაა, რომ მუდმივ დაწესებულების მიერ სათაო ოფისისათვის გადარიცხული თანხების უკან დაბრუნება არ განხორციელებულა და მუდმივ დაწესებულებას შეწყვეტილი აქვს საქართველოში საქმიანობა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად მიიჩნია უსფ(წ) ----- ს მიერ სათაო ოფისისთვის გადარიცხული თანხების, მუდმივი დაწესებულების ფინანსური მოგების ფარგლებში განაწილებულ მოგებად განხილვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული ფინანსური მოგების განაწილებულ მოგებად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით: გადამხდელს (ფილიალს) 2017 წელს საკუთარი სათაო ოფისისთვის გადარიცხული აქვს თანხები, თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის გახარჯვა/გაქვითვა ხორციელდება სათაო ოფისის მიერ მუდმივი დაწესებულების მიზნებისთვის. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გადახდილი თანხები უკან არ დაბრუნებულა, ამასთნ ფილიალი საქართველოში აღარ ეწევა აქტიურ საქმიანობას. სსკ-ს 97-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 981 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2017 წლის ფინანსური მოგების ფარგლებში სათაო ოფისზე განხორციელებული განაცემები, ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიხცა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(3); 981(3)
საქართველოს და -------- მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია