გადაწყვეტილება №22394/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22394/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"- ის 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22394/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №006-587 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1874 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 77 612 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 42 467
დღგ - 12 299
საშემოსავლო გადასახადი - 30 168
ჯარიმა - 18 500
საურავი - 16 645
სადავო საკითხები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 15.07.2020 წლიდან 17.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №29132 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1874 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ძირითადად 2020 და 2021 წლების ზაფხულის სეზონებზე "-------"-ის კლუბის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული ფ/პ "-------"- სგან. ტერიტორიაზე განთავსებული არის იახტკლუბი, ნავები, აუზები, ბარები, ე.წ. შეზლონგები. მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურით. ამასთან, საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რომლის თანახმად, საწარმო უზრუნველყოფს ერთ საცურაო საშუალებაზე რამდენიმე საშვის გამოყოფას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მცურავ საშუალებასთან შეუფერხებლად მისვლა. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს სეზონზე 1000 ლარს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატების ბრუნვების, მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე, გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელმაც, უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, 2021 წლის ივნისიდან, გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს.
ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს ბრუნვამ 2021 წლის ივნისიდან გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლის ოდენობას. აცხადებს, რომ საბანკო ამონაწერებით შემოსული თანხა შეადგენს 168 418 ლარს, ნაცვლად შემოწმებით დაანგარიშებული 169 433 ლარისა, ასევე საცურაო საშუალებაზე საშვის გამოყოფასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 8 475 ლარს, ხოლო ჯამში კომპანიის მიერ მიღებული თანხა შეადგენს 180 633 ლარს. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს ბრუნვამ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2021 წლის ივნისიდან გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ივნისიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო კონკრეტული არგუმენტის ან/და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დამატებით განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება) შესწავლით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 და 2021 წლების პერიოდში მიიღო 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ხელფასები, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი პროდუქტი, გადასახადები). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის N5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით, არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის პოზიციასთან, იჯარის, ხელფასის ხარჯის და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს 2020-2021 წლების ზაფხულის სეზონის პერიოდში მიღებული აქვს 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაცია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რატომ განხორციელდა ასე ხელოვნურად არასწორად დათვლა. მოგახსენებთ, რომ ბანკების ამონაწერების მიხედვით, შემოსული თანხის ჯამი შეადგენს 168 418 ლარს (აუდიტის დეპარტამენტის დათვლით შემოსულია 169 433 ლარი), ასევე დათვლილია დამატებით საცურაო საშუალებაზე საშვების გამოყოფასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი ჯამში 8 475 ლარი, ჯამში კომპანიის მიერ მიღებული თანხა შეადგენს 180 633 ლარს. 2020 წელში თიბისი ბანკიდან შემოსულია 17 402.64 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკიდან შემოსულია 29 756.28 ლარი, 2021 წელს თიბისი ბანკიდან შემოსულია 29 756.21 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკიდან შემოსულია 67 341.53 ლარი, სულ შემოსულია 168 418 ლარი. მივყვეთ და დავთვალოთ, შემოსული თანხიდან - 8200 ლარი შეადგენს იჯარის თანხას, რომელიც გადახდილი იქნა აწ გარდაცვლილი "--------"-სთვის. ამასთან, არ იქნა გამოკვლეული და გათვალისწინებული გაცემული ხელფასების დაბეგვრის შედეგად გაწეული ხარჯი, რომელიც დეკლარირებულია და შეადგინა - 5240 ლარი. ამასთან, ზედნადებების მიხედვით დადასტურებულმა ხარჯებმა შეადგინა - ჯამში 45 688.08 ლარი, აქედან დეპარტამენტმა მოიწონა და ჩათვალა მხოლოდ 36 296 ლარი, გაუგებარი დარჩენილი ნაწილის ჩათვლა რა პრინციპით არ განხორციელდა, როდესაც საუბარია მომწოდებლების მიმართ გაწეულ ხარჯზე. ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც გაუგებარია როგორ არ იქნა გამოკლებული სახელფასო ხარჯი, რომელიც დაბეგრილი და დეკლარირებულია რაც ჯამში შეადგენს - 5 240 ლარს. ახლა დავთვალოთ აუდიტის დათვლით მიღებული შემოსავალი და რეალურად კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მონაცემები: მიღებულია 180 633 ლარი, 5240 ლარი არის ხელფასის ხარჯი, 8200 ლარია იჯარის ხარჯი (იხ. ხელშეკრულება და აქტები), რაც გადახდილია, მომწოდებლებისთვის ზედნადებების და ანგარიშფაქტურების მიხედვით გადახდილი თანხა შეადგენს - 45 688.08 ლარს, რაც დადასტურებული ხარჯია. შესაბამისად ამ მონაცემების თანხმად, არასწორად აქვს აუდიტის დეპარტამენტს დათვლილი საშემოსავლოს თანხა, რაც ნაცვლად დათვლილი ოდენობისა, რომელიც შეადგენს 30 168 ლარს, შეადგენს - 24 277 ლარი. 180 633 – 8200 ლარი იჯარა, - 5240 ლარი ხელფასების ხარჯი - 45 688.08=121504.92 ლარი, საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს 20%, შესაბამისად საშემოსავლო 121 504.92 ლარის 20%- შეადგენს 24 300.98 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება) შესწავლით დადგინდა, რომ საწარმომ 2020 და 2021 წლების პერიოდში მიიღო 180 633 ლარის შემოსავალი, რისთვისაც გაწია სხვადასხვა ხარჯი (იჯარის ღირებულება, ხელფასები, სასაქონლო ზედნადებით შეძენილი პროდუქტი, გადასახადები). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის N5649 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფარგლებში შედგენილი ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედეგებით დადგინა, რომ საწარმოს ამ პერიოდისთვის სალარო არ გააჩნია, შესაბამისად, სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრული იქნა საწარმოს ფულის ნაშთი. შემოწმებით, ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
მომჩივანმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო კონკრეტული არგუმენტის დასახელება ან შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ხელფასად ჩათვლილი თანხების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის ასახული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტთან, ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. ხოლო, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე მიღებულ დასადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და შეძენილ საქონელთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, საწარმოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებისას არ აქვს ჩათვლილი ჩასათვლელი დღგ 2020 წლიდან, რომლის ჩათვლის შემთხვევაშიც შემცირდებოდა აღნიშნული გადასახადი, რომელიც ასევე არ არის გაანგარიშებული, რაც აუდიტის დეპარტამენტის ხელოვნურ დაინტერესებაზე მიუთითებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
2. დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:
ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/ საქონლის მიწოდებისთვის;
ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;
გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლების გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;
დ) ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;
ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის ასახული.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ დღგ-ის განსაზღვრა მოხდა დღგ-ის ჩათვლების გაუთვალისწინებლად, რაც არასწორია და ჩათვლის გათვალისწინების შემთხვევაში შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღგ-ის ჩათვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ სადავო საკითხის, კერძოდ, დღგ-ის ჩათვლის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება და შესაბამისად, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1874 ბრძანება;
3. მე-3 დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს დღგ-ის ჩათვლის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.
2.მომჩივანი არ ეთანმხება გადაანგარიშებას.
3.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმებისას არ აქვს ჩათვლილი ჩასათვლელი დღგ 2020 წლიდან, რომლის ჩათვლის შემთხვევაშიც შემცირდებოდა აღნიშნული გადასახადი, რომელიც ასევე არ არის გაანგარიშებული.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ივნისის თვიდან დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
3.აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის ასახული.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დამატებით განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ხელფასად ჩათვლილი თანხების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ სადავო საკითხის, კერძოდ, დღგ-ის ჩათვლის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება და შესაბამისად, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,105,154,163,164,165,174,175.