მომსახურების გაწევა საკუთარი სახელით და სხვა პირის დავალებით

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 14.07.2011
№ დოკუმენტი C-464/10
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674203901534 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:

ბელგია

საქმის ნომერი:

C-464/10

მხარეები:

Belgian State v. Maître Pierre Henfling, MaîtreRaphaël Davin, Maître Koenraad Tanghe (acting as trustees in bankruptcy ofTiercé Franco-Belge SA)

თარიღი:

14/07/2011

სამართლებრივი საფუძველი:

· 1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი(2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის28-ე მუხლი)

· 1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-13 ბ მუხლის „ვ“ პუნქტი(2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტი)

შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

· 1601 მუხლის მესამე ნაწილი

· 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი

მომსახურების გაწევა საკუთარი სახელით და სხვა პირის დავალებით

ფაქტობრივი გარემოება

TFB (შემდგომში „კომპანია“) იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული კომპანია. მის საქმიანობას წარმოადგენდა ფსონების მიღება გამართულ დოღებთან დაკავშირებით.

თავისი საქმიანობის ფარგლებში TFB იყენებდა ადგილობრივი აგენტების ქსელს. მათ მოვალეობას წარმოადგენდა ფსონების მოგროვება და რეგისტრაცია, ფსონების ფურცლების გაცემა და მოგებული თანხის გადახდა. თითოეულ ასეთ აგენტთან კომპანიას გაფორმებული ჰქონდა დავალების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, აგენტი მართავდა იმ ბიზნესს, რომლის მფლობელიც იყო TFB. კომპანია უზრუნველყოფდა აგენტთა შენობების ენერგომომარაგებასა და ქონების დაზღვევას; სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადასცემდა მათ IT აღჭურვილობას, რომელთა შეკეთებასა და ტექნიკურ მოვლასაც ახორციელებდა კომპანია საკუთარი ხარჯით.

TFB უფლებას აძლევდა აგენტს, რომ მიეღო ყველა ფსონი, რომელზეც თავადვე ჰქონდა უფლება და ასევე ნებას რთავდა, განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნებოდა აზარტული თამაშების მომწესრიგებელ რეგულაციებთან და რომელიც განხორციელებული არ იქნებოდა TFB-ის კონკურენტის სახელით. აგენტი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვა ფსონის მიღებაზე. თავის მხრივ, მოთამაშეს შეეძლო თავისი მოგება მოეთხოვა მხოლოდ იმ აგენტისგან, ვისთანაც დადო ფსონი.

აგენტის ანაზღაურება ხორციელდებოდა საკომისიოს სახით, რომელიც გამოითვლებოდა მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მათზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან. აღნიშნული საკომისიოს გამოანგარიშება და გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად. ანაზღაურების გადახდის მიზნებისთვის აგენტი არ უწერდა ინვოისს TFB-ს.

აგენტის მიერ მოთამაშეებზე გაიცემოდა ფსონების ფურცელი, რომელზეც განთავსებული იყო აგენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნულ ფურცელზე განთავსებული წარწერის მიხედვით, ფურცლის მიღებით მოთამაშე ადასტურებდა, რომ ეთანხმებოდა კომპანიის თამაშის პირობებს.

საგადასახადო ორგანომ დაადგინა, რომ აგენტების მიერ მიღებული საკომისიო არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ აგენტები მოქმედებდნენ TFB-ის სახელით და მათი საქმიანობა უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ საკომისიოზე დარიცხული დღგ-ის გადახდის მოთხოვნა გაეგზავნა TFB-ს. კომპანიამ გაასაჩივრა აღნიშნული მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ აგენტები ისეთი ტიპის მომსახურების გაწევაში იყვნენ ჩართული, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

დავა ეროვნულ დონეზე საკასაციო სასამართლომდე მივიდა, რომელმაც ქვედა ინსტანციაში დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად. აღნიშნულმა სასამართლომ შეისწავლა ხელშეკრულება TFB-სა და აგენტებს შორის. მისი დასკვნით აგენტები ფსონების მოგროვებისა და აღრიცხვის დავალებას იღებენ დავალების ხელშეკრულების (commission contract) ფარგლებში და არა აგენტის ხელშეკრულების ფარგლებში; აგენტები მოქმედებდნენ საკუთარი სახელით და გასწევდნენ ისეთ მომსახურებას, როგორებიცაა ფსონების აღრიცხვა და მოგებების გაცემა TFB-ის დავალებით. ხოლო იმის დასადგენად, კომპანიის მიერ აგენტებისათვის გადახდილი საკომისიო გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან, სასამართლომ მიმართა ევროპის სასამართლოს.

დასმული კითხვა

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 28-ე მუხლის და 135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად, საკუთარი სახელით, მაგრამ მომსახურების გამწევის დავალებით მოქმედი აგენტის მიერ გაწეული მომსახურება გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ით დაბეგვრისგან?

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად, ბეთინგი, ლატარიები და სხვა აზარტული თამაშობებით მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სატელეფონო ბუქმეიქინგის განმახორციელებელი კომპანიისთვის ქოლ-ცენტრის მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც მომსახურების გამწევის პერსონალი იღებს ფსონებს კომპანიის დავალებით, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ბეთინგს.

თუმცა, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მოცემული აგენტების შემთხვევა ქოლ-ცენტრის მომსახურებისგან რამდენადმე განსხვავდება. პირველ რიგში, აგენტები ცნობილნი არიან მოთამაშეებისთვის, მათ შეუძლიათ ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე არ მიიღონ ფსონი, აგრეთვე ისინი თავადვე არიან პასუხისმგებელნი მოთამაშეებისთვის მოგების გაცემაზე. სატელეფონო ბუქმეიქინგის ორგანიზატორისთვის გაწეული მომსახურების ფარგლებში ფსონების მიღება ხდებოდა ორგანიზატორის დავალებით, ხოლო წინამდებარე შემთხვევაში აგენტი საქმიანობაში ჩართულია ორგანიზატორის დავალებით, თუმცა ფსონების მიღებას ახორციელებს საკუთარი სახელით. საკუთარი სახელით ჩართულობა, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ სამართალურთიერთობას ადგილი აქვს არა პირდაპირ მოთამაშესა და იმ საწარმოს შორის, რომლის ნაცვლადაც მოქმედებს აგენტი, არამედ ერთი მხრივ აგენტსა და მოთამაშეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ აგენტსა და კომპანიას შორის.

2006 წლის დირექტივის 28-ე მუხლში აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად. მაშასადამე, ადგილი აქვს ორი იდენტური მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული სქემის მიხედვით, ოპერატორმა, რომელიც მონაწილეობს მომსახურების გაწევაში და რომელიც წარმოადგენს დავალებულ აგენტს, ითვლება, რომ ჯერ მიიღო აღნიშნული მომსახურება მარწმუნებლისგან, ვიდრე თავად გაწევდა იმავე მომსახურებას კლიენტებზე.

დირექტივის მიხედვით, თუ მომსახურების გაწევა, რომელშიც აგენტი მონაწილეობს, გათავისუფლებულია დღგ-ისგან, აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ასევე მასსა და მარწმუნებელს შორის არებულ სამართალურთიერთობაზეც.

წინამდებარე შემთხვევაში, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბელგიის ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად მოქმედებდნენ საკუთარი სახელით აგენტები ფსონების მოგროვებისას. ამისათვის კი ყურადღება უნდა გამახვილდეს, რამდენად საჭიროებს აგენტის მიერ საქმიანობის განხორციელება საჯარო ორგანოების მიერ ავტორიზაციას/ნებართვის გაცემას ან ლიცენზირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აგენტის მიერ გაცემულ ფსონის ფურცელზე დატანილია TFB-ის სახელი და ამ ფურცლის მიხედვით, მომხმარებლები ეთანხმებიან ზემოაღნიშნული კომპანიის წესებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ აგენტი მოქმედებს საკუთარი სახელით, მაგრამ იმ საწარმოს დავალებით, რომელიც ჩართულია დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული ბეთინგის საქმიანობაში, მიიჩნევა, რომ საწარმომ აგენტს იგივე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბეთინგის მომსახურება გაუწია.