გადაწყვეტილება №18970/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18970/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18970/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "----------" (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------"-ის 24.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18970/2/2023).

 

დავის საგანი:

უსასყიდლოდ მიღებული საწარმოს აქტივების ღირებულების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33933 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79 671,32 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 45 854

ჯარიმა - 22 927

საურავი - 10 890,32

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ფიზიკური პირის მიერ შპს "----------" (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის უსასყიდლოდ მიღებიდან წარმოშობილი სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სისწორე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე კომპანიის რეგისტრაციის თარიღიდან 10.06.2020 წლამდე დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფიზიკური ----------" (პ/ნ ----------), რომელმაც 10.06.2020 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სრულიად უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცა კომპანიის 100%-იანი წილი ფიზიკურ პირს "----------"-ს (პ/ნ ----------).

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, გადაფორმების მომენტში შპს "----------" (ს/ნ ----------) აქტივების (ვალდებულებების გამოკლებით) ღირებულება შეადგენდა 229 269 ლარს. მომჩივანს არ მოუხდენია მიღებული სარგებლის დეკლარირება და ასახვა, როგორც ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც განიხილება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შინაარსიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 10.06.2020 წლისთვის მომჩივნის მიერ უსასყიდლოდ მიღებული კომპანიის აქტივების ღირებულება საგადასახადო ორგანომ მიაკუთვნება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა "----------"-მ 10.06.2020 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულიად უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცა საწარმოს 100%-იანი წილი ფიზიკურ პირს "----------"-ს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადაფორმების მომენტში შპს "----------" აქტივების (ვალდებულებების გამოკლებით) ღირებულება შეადგენდა 229 269 ლარს. "----------"-ს არ მოუხდენია მიღებული სარგებლის დეკლარირება. შედეგად, 10.06.2020 წელს "----------"-ის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საწარმოს აქტივების ღირებულება დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან ფ/პ "----------"-ის გამჩუქებელთან "----------"-თან რეგისტრირებული ქორწინება არ არის დადგენილი, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით შეღავათით სარგებლობის საფუძველი არ არსებობს..

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, 16.12.2022 წელს დამატებით იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები და მოთხოვნილი იყო საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რათა სხდომაზე წარდგენილიყო არგუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებები. თუმცა, შემოსავლების სამსახურმა ისე, რომ არ ჩანიშნა ზეპირი მოსმენა და არ მიიწვია სხდომაზე, 30.12.2022 წლის №33933 ბრძანებით უარია ნათქვამი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული №023-16 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33933 ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2015 წელს დააფუძნეს შპს "----------". 2015 წლიდან 2020 წლის 10 ივნისამდე შპს "----------" 100%-იანი წილის მფლობელი იყო "----------" (პ/ნ ----------), რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. "----------"-მ 10.06.2020 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სრულიად უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცა კომპანიის 100%-იანი წილი. შპს "----------" დაფუძნების დღიდან წლების მანძილზე "----------"-თან ერთად ეწეოდა კომპანიის მართვას. წლების მანძილზე მონაწილებას იღებდა კომპანიის მართვაში, ახორციელებდა საბანკო გადარიცხვებს, ჩართული იყო კომპანიის საქმიანობაში, იღებდა კომპანიის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებებს და მოქმედებდა საწარმოს ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დამფუძნებელი/პარტნიორი და დირექტორი იყო "----------", წლების მანძილზე მინდობილობის საფუძველზე მონაწილეობას იღებდა კომპანიის მართვაში. კონტროლს უწევდა კომპანიას, კომპანიის დაფუძნების მომენტში, კომპანიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა მისი იურიდიული მისამართი, კერძოდ ----------, ასევე შექმნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც ასოცირდება მისი შვილის "----------"-ის სახელთან - ----------. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარდგენილი იქნა ყველა სათანადო მტკიცებულება, საბანკო ამონაწერები, წერილი სანოტარო პალატიდან ფოტომასალა და სხვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა "----------"-თან ერთიანი საოჯახო მეურნეობა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. წილი შპს-ს კაპიტალში მიმოქცევადი უფლებაა. პარტნიორებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ გაასხვისონ ან დააგირავონ კუთვნილი წილი. წესდებით ასევე შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

პარტნიორობა ორიენტირებულია იმ იურიდიულ ინტერესზე, იმ სარგებელზე, რასაც დივიდენდის მიღება ჰქვია. თავის მხრივ, დივიდენდის მიღების შესაძლებლობას განაპირობებს საწარმოს პარტნიორთა და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საწარმოს საკეთილდღეოდ მოქმედება, პარტნიორთა მხრიდან მოგებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება და მენეჯმენტისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა.

კომპანიის დაფუძნების დღიდან მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობას, კომპანიის სასარგებლოდ ატარებდა გარკვეულ ღონისძიებებს, ფაქტობრივად ფლობდა და მართავდა კომპანიის წილს.

შემოსავლების სამსახურმა არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არ იმსჯელა არსებითი ხასიათის ფაქტობრივ გარემოებებზე. წლების მანძილზე დაუღალავი შრომით, სწორი მენეჯმენტის დასახვით გაზარდა შპს "----------" აქტივები და დღეს, როდესაც პირად საკუთრებაში გადაეცა შპს "----------" 100%-იანი წილი, შეფასდა როგორც დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაუშვებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლებამოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მითითებულ საკანონმდებლო ნორმებზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივანი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჩუქებით მიღებული ქონება ვერ ჩაითვლება I რიგის მემკვიდრის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებად და შესაბამისად, სადავო ოპერაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო მიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.