ბრძანება N 7278

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7278
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 7278

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, სოფ. -------)

2024 წლის 4 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 4 მარტის №531271 (რეგ. №36491/21) საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №056-48 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის დაწყებას და არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობას. განმარტავს, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული (დღეის მდგომარეობით ვადაგასული) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტური მოიცავდა ------- ბაზალტის საბადოს უბნების ტერიტორიას. საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 მ3 -ზე 0.4 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტში უგულვებელყოფილია ეს კანონისმიერი მოსაკრებელი და მის ნაცვლად მოსაკრებლის დათვლისას გამოყენებულია სულ სხვა პროდუქციისათვის გათვალისწინებული ნიხრი. მომჩივანი საჩივარს თან ურთავს სსიპ მინერალური რესუსრების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 თებერვლის წერილს, სადაც მითითებულია, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობისა და მოცულობის მიხედვით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტური მოიცავს ------- ბაზალტის საბადოს უბნების, კერძოდ, -------, ------- და -------ის ტერიტორიას. საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით შეადგენს 1მ3 - 0.4 ლარს. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და ითხოვს მისი გათვალისწინებით დარიცხული თანხების გაუქმებას. შესაბამისად მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს სსიპ მინერალური რესუსრების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 თებერვლის წერილს, სადაც მითითებულია, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობისა და მოცულობის მიხედვით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტური მოიცავს ------- ბაზალტის საბადოს უბნების, კერძოდ, -------, ------- და -------ის ტერიტორიას. საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეადგენს 1მ3 - 0.4 ლარს.

წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს სსიპ მინერალური რესუსრების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 თებერვლის წერილს, სადაც მითითებულია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტური მოიცავდა ------- ბაზალტის საბადოს უბნების (-------, ------- და -------ის) ტერიტორიას. საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 მ3 -ზე 0.4 ლარს, რაც ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოებაა, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ივნისის №17147 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 22 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 8 ივლისის №22186 ბრძანება და ამავე თარიღის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 215 437 ლარი, მათ შორის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი 107 886 ლარი, ჯარიმა 60 000 ლარი და საურავი 47 551 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 21 იანვრის №1166 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის მოპოვება და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ საწარმოს სასარგებლო წიაღისეულის (ანდეზიტო-ბაზალტი) მოპოვების ლიცენზიის №------- (ლიცენზიის მოქმედების პერიოდი 25.06.1999-25.07.2019) ფარგლებში არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს განესაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობას. განმარტავს, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული (დღეის მდგომარეობით ვადაგასული) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტური მოიცავდა ------- ბაზალტის საბადოს უბნების ტერიტორიას. საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 მ3 -ზე 0.4 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტში უგულვებელყოფილია ეს კანონისმიერი მოსაკრებელი და მის ნაცვლად მოსაკრებლის დათვლისას გამოყენებულია სულ სხვა პროდუქციისათვის გათვალისწინებული ნიხრი. მომჩივანი საჩივარს თან ურთავს სსიპ მინერალური რესუსრების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 თებერვლის წერილს, სადაც მითითებულია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიის კონტურით მოცულ საბადოს სამივე უბანზე არსებული ბაზალტი წარმოადგენს საღორღე ნედლეულს, რომლის მოპოვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1მ3 - 0.4 ლარს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის განსაზღვრული მოსაკრებლის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის განსაზღვრული მოსაკრებლის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის დაწყებას და არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის მოპოვება და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ საწარმოს სასარგებლო წიაღისეულის (ანდეზიტო-ბაზალტი) მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს განესაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის განსაზღვრული მოსაკრებლის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7);

კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“