პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა (ფიზიკური პირისათვის გადაუხდელი პირგასამტეხლო არაა ხარჯი) N 0253
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა N 0253
ფაქტობრივი გარემოებები
•2011 წელს მეიჯარის (ფიზიკური პირის) მიერ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარემ უნდა აცნობოს მეიჯარეს წერილობით 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 3 თვის იჯარის გადასახადი
•აღნიშნული პირობა დარღვეულია მოიჯარის მიერ, ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა მოიჯარის მიერ გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან
•I ვარიანტი: მოიჯარეს საგადასახადო წლის მიხედვით გადახდილი აქვს პირგასამტეხლოს თანხა
•II ვარიანტი: მოიჯარეს საგადასახადო წლის მიხედვით ვალდებულებებში ასახული აქვს გადასახდელი პირგასამტეხლო, თუმცა გადახდილი არა აქვს აღნიშნული თანხა
შეფასება
•I ვარიანტში მოიჯარეს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს პირგასამტეხლოს თანხა
•II ვარიანტში სსკ-ის 142 -ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, ამიტომ მოიჯარეს უფლება არ აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა
ღონისძიებები
•I ვარიანტში მოიჯარის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
•II ვარიანტში დაზუსტდება (შემცირდება) მოიჯარის გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი
•II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში მოიჯარე დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით