გადაწყვეტილება №18795/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18795/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18795/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------" 6.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18795/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1241 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 155 427 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 447

დღგ - 69 381

საშემოსავლო გადასახადი - 32 066

ჯარიმა - 38 502

საურავი - 15 478

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა განათლების მომსახურების გაწევა, გამაჯანსაღებელი, გართობის და დასვენების, ბავშვთა დღიური მოვლის და საკვებით მომსახურების საქმიანობები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №23564 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- მეწარმე არ იყო დღგ-ის გადამხდელი, იგი რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ და შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მეწარმის მიერ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, მომჩივანი შემოწმების საწყის ეტაპზე არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმების მიმდინარეობისას დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში წარდგენილი მონაცემები (მცირე მეწარმის ყოველთვიური დეკლარაციები) და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს (მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არაა გათავისუფლებული დღგ-სგან). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით, მეწარმეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 22 აპრილი და მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება დაიბეგრა დღგით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გამო, შემოწმების შედეგად მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავალი განისაზღვრა 556 121 ლარით. შესაბამისად, მეწარმეს ჯამურად შეუმცირდა გადასახადი 791 ლარით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა პერიოდის ცვლილების გამო ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

- შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არ ჰქონდა წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირთან შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხული ჰქონდა 111 131 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). აგრეთვე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით (სახელფასო უწყისები) დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ჰქონდა თანამშრომელთა ხელფასები 20 285 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები შესაბამის პერიოდებში შესრულებული არ ჰქონდა. შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხა, 131 416 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31583 ბრძანება და №081-259 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 155 427 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 30 იანვრის №1241 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევები, რომლებიც მომჩივნის მიერ არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული და გამოწვეული იყო არცოდნით. ვინაიდან იყო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, არ ჰქონდა ინფორმაცია ყველა იმ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა გამოვლენილი.

მეწარმის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება და ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება. შესრულებულია ყველა ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე და გადახდილია ყველა გადასახადი, რაც დარიცხულია 2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა გაცემული.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, რათა შეძლოს ძირითადი გადასახადის დაფარვა და ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.