ბრძსნება N 4261

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4261
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძსნება N 4261

06.03.2023

ი/მ "------" (ს/ნ "------" )

(ფაქტ. მის.:"-------" )

2022 წლის 17 და 30 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ "------" (ს/ნ "------" ) №73878/1/2022 და №74290/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №056-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახდის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს (28%). მიუთითებს, რომ შემოწმების პარალელურად დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული და დანართი N19-ის მიხედვით ფასნამატი შეადგენს 8-11%-ს. მიუთითებს, რომ შემოწმებას ჰქონდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ გაითვალისწინა. განმარტავს, რომ ბუღალტერია ნაწარმოები აქვს პროგრამა ფინაში უწყვეტი მეთოდით. სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 10%-ს. მიაჩნია, რომ თუ 2 საქონლის ფასნამატი შეადგენს 28%-ს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქციაზე უნდა გავრცელდეს 28%-იანი ფასნამატი. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი შეადგენს 8-11%-ს. მიუთითებს, რომ შემოწმებას სრულად არ შეუსწავლია საქონლის სახეობების მიხედვით რეალიზაცია. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად არსებობს და ასახულია პროგრამულად. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს შემოსავალს, რადგან 2020-2021 წლებში ფიქსირდება მოგება, რაც დეკლარირებულია და გადახდილია საშემოსავლო გადასახადი. მიუთითებს ასევე, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10068 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------" (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 20 ივლისიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 ივლისის №19164 ბრძანება და ამავე თარიღის №056-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 163 145 ლარი, მათ შორის: გადასახადი 106 998 ლარი, ჯარიმა 47 154 ლარი, საურავი 8992 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

ი/მ "------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 20 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2020 წლის 6 ნოემბერს. მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალების შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე იმპორტი და შემდგომ რეალიზაცია. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ფინაში. მეწარმეს არასწორად აქვს აღრიცხული საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის ჩამოწერა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი მკვეთრად განსხვავდება დოკუმენტური ფასნამატისგან. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2020 წელს 18%-ს, 2021 წელს 15%-ს, ხოლო დოკუმენტური ფასნამატი 28%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არასწორად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების შედეგად დამუშავდა დოკუმენტური შეძენა და რეალიზაცია და დადგენილ იქნა როგორც იდენტური საქონლის ფასნამატი, ასევე სხვადასხვა საქონლის კატეგორიის ფასნამატი. შედეგად წლიურმა ფასნამატმა შეადგინა 28%. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საცალო დოკუმენტური ფასები ცალ-ცალკე, აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა წლების მიხედვით რპთ-ზე და განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ. საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მეწარმეს არასწორად აქვს აღრიცხული საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის ჩამოწერა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი მკვეთრად განსხვავდება დოკუმენტური ფასნამატისგან. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და შემოწმებით გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფასნამატის დადგენის მიზნით შემოწმების დროს დაკავშირებულია გადამხდელის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაცია 2020 წლის 1 ნოემბრიდან (ეკონომიკური საქმინობის დაწყების თარიღი) 2022 წლის 1 აპრილამდე (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) პერიოდზე, დაჯგუფებულ იქნა კატეგორიების მიხედვით პროდუქცია და თითოეულ ჯგუფზე განისაზღვრა თავისი ჯგუფის ფასნამატი. მაგ: განისაზღვრა ჯგუფი „ნაგლინები", რომლის ფასნამატი განისაზღვრა 39%-ით, ჯგუფი „ლურსმნები და ჭანჭიკები"- ფასნამატი 30%, ჯგუფი ხე-ტყე ფასნამატი 15%. თითოეულ ჯგუფზე განისაზღვრა ჯგუფური ფასნამატი და შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი. ზემოაღნიშნული დაკავშირება დოკუმენტების მიხედვით გავლილია გადასახადის გადამხდელთან და გადაგზავნილია შესაბამისი ცხრილები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "------" (ს/ნ "------" ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.