ბრძანება N 16712

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 16712
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16712

11.07.2023

ბრძანება

"------" -ის (პ/ნ "------" )

(მის.:"------" )

2023 წლის 15 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა "------" -ის (პ/ნ "------" ) №81686/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 მაისის №EL210866 და №EL210867 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 26 მაისს შემოვიდა საბაჟოზე "------"-ის მხრიდან. შემოიტანა 6 ცალი 0,7 კგ შეფუთვით არაჟანი, ხოლო დანარჩენი 6 ცალი იყო მანქანაში მყოფი მგზავრის, მაგრამ ჩათვალეს, რომ იყო მისი. რაც შეეხება 22 ცალ 5 კილოგრამიან კარაქს ისიც იყო მისი და მანქანში მყოფი მგზავრის. შეურაცხყოფა მებაჟისთვის არ მიუყენებია, პირიქით მებაჟე ოფიცრები ექცეოდნენ ცუდად. დაჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში "------"-ის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული №"------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე "------" (პ/ნ "------" ). აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას დაადეკლარირა 6 ცალი 0,7 კგ-იანი არაჟანი. მითითებული საქონელი "------" -ს მოთავსებული ჰქონდა ავტომობილის სალონში არსებულ ჩანთებში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც, ავტომობილის საბარგულში, საბარგულის საფარის ქვეშ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი, კერძოდ: 6 ცალი 0,7 კგ-იანი არაჟანი და 22 ცალი 5 კგ-იანი კარაქი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ "------" გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხელს უშლიდა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებაში და არ აძლევდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების საშუალებას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უწევდა წინააღმდეგობას და უგულვებელყოფდა მათ კანონიერ მოთხოვნებს.

ვინაიდან, "------" -ს 2023 წლის 23 მაისს პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL210412), იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმეორებით ჩადენის, კერძოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფის ფაქტზე, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 26 მაისს შედგენილ იქნა №EL210867 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------" -ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან ერთად, 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, 2023 წლის 26 მაისს შედგენილ იქნა №EL210866 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------" -ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია,დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმის მასალებით დგინდება მომჩივნის მიერ ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, ხოლო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნების უგულვებელყოფის განმეორებით ფაქტს, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, აღნიშნულზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილი №EL210867 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 2000 ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

საქმის მასალებით ასევე დგინდება მომჩივნის მიერ არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შედგენილი №EL210866 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია მართლზომიერია.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. "------" -ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც, ავტომობილის საბარგულში, საბარგულის საფარის ქვეშ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი, კერძოდ: 6 ცალი 0,7 კგ-იანი არაჟანი და 22 ცალი 5 კგ-იანი კარაქი.

მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან ერთად, 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13,27,70,163,177,168.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 199 („დ.ა“)