ბრძანება N 7799
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7799
10.04.2023
შპს „---------------“ (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------)
2022 წლის 29, 30 დეკემბრის და 2023 წლის 6 აპრილის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) 2022 წლის 29 დეკემბრის №238355/21, 30 დეკემბრის №239088/21 და 2023 წლის 6 აპრილის №60335/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №094-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და აცხადებს, რომ კომპანიას ფუნქციური დანიშნულების მიხედვით არ გააჩნია საინვესტიციო ქონება. ამასთან აღნიშნავს, რომ ფინანსური აუდიტის ჩატარების დროს კლინიკას აუდიტორული ფირმისთვის არ მოუთხოვია არსებული ქონების ან აფასება ან გადაფასება. განმარტავს, რომ კლინიკამ საკუთარ ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება 2018 წელს გადააფასებინა აუდიტორულ კომპანიას შპს „--------------“-ს, ანუ კომპანიას გააჩნია გადაფასებული ქონება და აქვს უფლება ქონების აღრიცხვის კუთხით აღნიშნული გამოიყენოს მინიმუმ 4 წლის ვადით. საქართველოს კანონმდელობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ერთი და იგივე კომპანია ვერ იქნება ქონების შემფასებელიც და ფინანსური აუდიტის ჩამტარებელიც, ამიტომ ქონება შეაფასა შპს „---------------“-მ, ხოლო ფინანსური აუდიტი ჩაატარა შპს „---------“-მ. შესაბამისად ქონების შეფასება შპს ----------“-ს არ ჩაუტარებია და არც საინვესტიციო ქონების დათვლა არ შეუკვეთავთ. მიუთითებს შპს „----------------“-ს დასკვნაში გაკეთებულ ჩანაწერზე და განმარტავს, რომ შენობა ვერ იქნება კომერციული ფართის საპირწონე, მისი დაპროექტირებისა და აშენების სპეციფიურობიდან გამომდინარე ვერ გადაიქცევა და აღიარდება კომერციულ ფართად და შესაბამისად, 2018 წელს აუდირებული და შეფასებული ვერ გადაიქცევა 2019 წელს საინვესტიციო ქონებად. აღნიშნავს, რომ კლინიკა შეძენილია სახელმწიფოსგან აუქციონის წესით და მის ვალდებულებაში ეწერა, რომ 70 წელი (2019 წლის ჩათვლით) ვალდებული იყო განეხორციელებინა მხოლოდ სამედიცინო საქმიანობა და არ შეეცვალა პროფილი. შესაბამისად კლინიკას არ შეეძლო ჰქონოდა კომერციული ფართები. ამასთან აღნიშნავს, რომ იჯარით კლინიკას გაცემული აქვს ფართები მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან კლინიკის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო საქმიანობის ხელშეწყობას და არ არის გაქირავებული სხვა დანიშნულების კომერციულ ფართებად, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მცირე ფართი გაქირავებულია სასადილოზე. აღნიშნული სასადილო ემსახურება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლინიკის საკუთრებაში არსებულ ფსიქიატრიულ განყოფილებას (მხოლოდ პაციენტებისთვის) და ემსახურებოდა აგრეთვე პანდემიის დროს კლინიკაში სამკურნალოდ მყოფ პაციენტებს. ამასთან გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არასწორად არის განსაზღვრული ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა და ფართები. მიუთითებს, რომ ე.წ. საინვესტიციო ქონება, ქონების გადასახადის დასაანგარიშებლად დამატებულია ხელოვნურად 2019 წელს. აცხადებს, რომ 2020 და 2021 წლებში ეს მცნება საინვესტიციო ქონება აუდირებულ დასკვნაში მოხსენიებულიც აღარ არის. აგრეთვე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილი.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9861 ბრძანების საფუძველზე შპს „--------------“ (ს/ნ -------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 13 დეკემბრის №313902 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 14 დეკემბრის №094-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 61 020,13 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 020 ლარი, ჯარიმა 0 ლარი და საურავი 0,13 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავადმყოფოების საქმიანობები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება კომერციული ფართების იჯარა (გაქირავება). გადამხდელს წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, სადაც ფიქსირდება საინვესტიციო ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც შეფასებულია კომპანიის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული ღირებულება განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა საკუთარ ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება 2018 წელს შეაფასებინა აუდიტორულ კომპანიას შპს „--------------“-ს, ხოლო ფინანსური აუდიტი ჩაატარა შპს „----------“-მ. ამასთან აღნიშნავს, რომ იჯარით კლინიკას გაცემული აქვს ფართები მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან კლინიკის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო საქმიანობის ხელშეწყობას და არ არის გაქირავებული სხვა დანიშნულების კომერციულ ფართებად, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მცირე ფართი გაქირავებულია სასადილოზე. ასევე გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არასწორად არის განსაზღვრული ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა და ფართები, წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ღირებულება განსხვავდება შემოწმებით დადგენილი საბაზრო ფასისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
კლინიკას გაცემული აქვს ფართები მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან კლინიკის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო საქმიანობის ხელშეწყობას და არ არის გაქირავებული სხვა დანიშნულების კომერციულ ფართებად, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მცირე ფართი გაქირავებულია სასადილოზე. ასევე გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არასწორად არის განსაზღვრული ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა და ფართები, წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ღირებულება განსხვავდება შემოწმებით დადგენილი საბაზრო ფასისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავადმყოფოების საქმიანობები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება კომერციული ფართების იჯარა (გაქირავება). გადამხდელს წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, სადაც ფიქსირდება საინვესტიციო ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც შეფასებულია კომპანიის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული ღირებულება განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201,202,205,„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება