შეთანხმება საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 06.12.2011
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

 

საქართველოსა

და

ნორვეგიის სამეფოს შორის

შემოსავლებზე

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და

გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის

შესახებ

 

საქართველო და ნორვეგიის სამეფო, სურთ რა შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება,შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

 

ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

 

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

 

1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი, და

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში “საქართველოს გადასახადი”).

ბ) ნორვეგიის შემთხვევაში:

(i) ნაციონალური საშემოსავლო გადასახადი (inntektsskatt til staten);

(ii) ქვეყნის მუნიციპალური საშემოსავლო გადასახადი (inntektsskatt til fylkeskommunen);

(iii) მუნიციპალური საშემოსავლო გადასახადი (inntektsskatt til kommunen), და

(iv) ნაციონალური გადასახადი არარეზიდენტი ხელოვნების მუშაკების ანაზღაურებაზე (skatt til staten pa honorar til utenlandske artister)

(შემდგომში ~ნორვეგიის გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

 

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებს, ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ;

b) ტერმინი “ნორვეგია” ნიშნავს ნორვეგიის სამეფოს და მოიცავს სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას; ტერმინი არ მოიცავს სვალბორდს, იან-მაიენსა და ნორვეგიულ დამოუკიდებლობებს (“biland”);

c) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ნორვეგიას, კონტექსტის შესაბამისად;

c) ტერმინი “საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის საქმიანობის წარმართვას;

e) ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

g) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i) ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) ნორვეგიის შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ან სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენლებს;

j) ტერმინი “ნაციონალი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა; და

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან გაერთიანებას რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

k) ტერმინი `ეკონომიკური საქმიანობა~ მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

 

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

 

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ~მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს და

f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ექვს (6) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს მომსახურებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში

a) ფიზიკური პირის მეშვეობით, რომელიც იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, და ამავე პერიოდის განმავლობაში, ფიზიკური პირის მიერ კომერციული საქმიანობიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტი მიეკუთვნება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებულ მომსახურებას, ან

b) პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, და ეს მომსახურება ხორციელდება ერთი და იგივე პროექტისათვის ან დაკავშირებული პროექტებისათვის ერთი ან მეტი ფიზიკური პირების მიერ, რომლებიც მეორე სახელმწიფოში ახორციელებენ ამგვარ მომსახურებას.

ამ მომსახურებების განხორციელება მეორე სახელმწიფოში უნდა ჩაითვალოს მეორე სახელმწიფოში საწარმოს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თუ ეს მომსახურებები არ იზღუდება მე-5 პუნქტით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფიქსირებული ბაზით არის წარმოდგენილი და ამ პუნქტის დებულებები ფიქსირებულ ბაზას არ აქცევს მუდმივ დაწესებულებად. ამ პუნქტის მიზნებისათვის ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება ერთი საწარმოს სახელით, არ ჩაითვლება მეორე საწარმოს მიერ წარმოდგენილად, თუ იმ 6 მეორე საწარმოს არ აკონტროლებს, არ ხელმძღვანელობს და არ მართავს ამ მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური პირი.

5. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის ა) - ე) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს “უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

 

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

 

მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

 

1. იმ შემთხვევაში როდესაც:

ა) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელი არის კომპანია (ან ამხანაგობა) რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს.

b) დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდი.

3. როდესაც დივიდენდების ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, ასეთი დივიდენდები უნდა დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა” უნდა მოიცავდეს:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მთავრობა, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები;

(ii) საქართველოს ეროვნული ბანკი; და

(iii) ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ინსტიტუტი, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება მოხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.

b) ნორვეგიის შემთხვევაში:

(i) ნორვეგიის ცენტრალური ბანკი;

(ii) სამთავრობო საპენსიო ფონდი; და

(iii) კანონით დადგენილი ორგანო ან სხვა ინსტიტუტი, რომლის მთლიანი ან ნაწილობრივი მფლობელია ნორვეგიის მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, “jouissance”--ის აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია და მოგება, რომელიც მიეკუთვნება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შეთანხმებით წილობრივ მოგებას, სადაც წარმოიშვა მოგება.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

6. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია აქციების ან სხვა უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება დივიდენდის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გაცემის საშუალებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

 

მუხლი 11

პროცენტი

 

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პროცენტის ბენეფიციური მფლობელი.

2. ტერმინი “პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია სავალო მოთხოვნის წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გაცემის საშუალებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

 

მუხლი 12

როიალტი

 

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს როიალტის ბენეფიციური მფლობელი.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ან სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ჩანაწერების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება

დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება როიალტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გაცემის საშუალებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

 

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

 

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3

. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

 

1. ამ შეთანხმების მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში თუ:

a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გავრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გამომუშავებული და გადახდილია დამქირავებლის მიერ, რომელიც არ არის ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტი თუ:

a) მიმღები მომსახურებას უწევს პირს ამ სამუშაოს მიმართულებით, გარდა დამქირავებლისა და იმ პირისა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ხელმძღვანელობს ისევე როგორც ეს მომსახურებებია წარმოდგენილი და

b) ეს მომსახურებები წარმოადგენს ამ პირის მიერ განხორციელებული კომერციული საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.

4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

 

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

 

1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელმწიფო სახსრებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.

 

მუხლი 17

პენსიები და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები

 

ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი გადასახადები, სოციალური უზრუნველყოფის სქემის გადასახადების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, მაგრამ ასეთი სახის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს.

 

მუხლი 18

საჯარო სამსახური

 

1. ა) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

ბ) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალი; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, და მე-16 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოსა და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

 

მუხლი 19

სტუდენტები

 

1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 20

სხვა შემოსავლები

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

3. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გაცემის საშუალებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

 

მუხლი 21

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ნორვეგიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ნორვეგიაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

2. კრედიტის სახით შეღავათის დაშვება, ნორვეგიის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც ექვემდებარება ნორვეგიის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაბეგვრას (რაც გავლენას ვერ იქონიებს ამ მუხლის ზოგად პრინციპებზე) -

a) როდესაც ნორვეგიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ნორვეგია დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია შემოსავალთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

b) როდესაც ნორვეგიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად იბეგრება მხოლოდ საქართველოში, ნორვეგიას შეუძლია ეს შემოსავალი დაუმატოს საგადასახადო ბაზას, მაგრამ საშემოსავლო გადასახადიდან გამოქვითავს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება საქართველოში მიღებულ შემოსავალს.

 

მუხლი 22

დისკრიმინაციის თავიდან აცილება

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ 17 საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები ვრცელდება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. მიუხედავად მე-2 მუხლისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და ფორმის გადასახადებზე.

 

მუხლი 23

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

 

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად. 18

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან მისი მიზნებისთვის. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

 

მუხლი 24

ინფორმაციის გაცვლა

 

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოსადეგი იქნეს ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია სხვა მიზნებისთვისაც, როდესაც ამგვარი ინფორმაციის სხვა მიზნებისთვის გამოყენება, ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ინფორმაციის მიმწოდებელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების ნებართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკას; 19

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

5. მე-3 პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.

 

მუხლი 25

დახმარება გადასახადების აკრეფაში

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გადასახადების მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.

2. ტერმინი “საგადასახადო მოთხოვნა” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოვა წინააღმდეგობაში შეთანხმების დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებებთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც პროცენტი, ადმინისტრაციული ჯარიმები და ამ ვალდებულებების ამოღებისა და შსრულების დროს გაწეული ხარჯები.

3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება შესრულებას და ეკუთვნის პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ხელს ვერ შეუშლის მის ამოღებას, მაშინ ამგვარი საგადასახადო მოთხოვნა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე ამოღებული უნდა იქნას ამ სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების მიერ. საგადასახადო თანხის ამოღება ხორციელდება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც არეგულირებს გადასახადების იძულებით ამოღებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ნორმებს, თითქოს იგი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას.

4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ის უფლებამოსილია საგადასახადო მოთხოვნის მიმართ უზრუნველყოს ამოღების ღონისძიებების გატარება, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიიღება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, თითქოს ის წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას; აგრეთვე მაშინაც, როდესაც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამგვარი ღონისძიებების გატარებისას გადასახადების ამოღება შეუძლებელია ან, თუ ის ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ამგვარი ღონისძიებების გატარებას.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისთვის მიღებული საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოში არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიენიჭება არავითარი პრიორიტეტი. გარდა ამისა მე-3 და მე-4 მუხლების მიზნებისათვის, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას არ ენიჭება არავითარი პრიორიტეტი, რომელიც მას მიენიჭებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის წარმოქმნასთან, არსებობასა და მის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები არ უნდა გატარეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ უწყებებში.

7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით წარადგენს მოთხოვნას და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამოიღებს და გადაურიცხავს პირველად ხსენებულ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის თანხას:

a) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ განიხილება პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკუთვნის პირს, რომელსაც არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის ამოღენას, ან

b) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ განიხილება პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს მისი ამოღების ღონისძიებების გატარება

პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და პირველად ხსენებული სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ან დროებით აჩერებს მოთხოვნის შესრულებას.

8. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია:

a) გაატაროს ადმინისტრაციულო ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს);

c) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, არ უზრუნველყო ყველა ღონისძიების გატარება, რომელიც გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის ამოღების ან შესრულების დროს;

d) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიმართ.

 

მუხლი 26

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

 

1. ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

2. საერთაშორისო კანონმდებლობის ან სპეციალური საერთაშორისო შეთანხმებების დებულებების გათვალისწინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების ფისკალური პრივილეგიებიდან გამომდინარე, შემოსავალი არ არის დაბეგვრის საგანი მიმღები სახელმწიფოსთვის, დაბეგვრის უფლება ენიჭება გამომგზავნ სახელმწიფოს.

 

მუხლი 27

ძალაში შესვლა

 

1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელშიც დადასტურებული იქნება ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულება. ეს შეთანხმება იმოქმედებს:

ა) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

ბ) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

მუხლი 28

მოქმედების შეწყვეტა

 

ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

(ii) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შესრულებულია 2011 წლის .................. ქ. ..................... ორ დედნად, თითოეული ქართულ, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს ნორვეგიის სახელმწიფოს

სახელით სახელით

 

ოქმი

 

საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის მთავრობას შორის “შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

 

ამ შეთანხმებასთან მიმართებაში: საქართველოს შემთხვევაში ტერმინი “პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს’’ ან ,,ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”;

 

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შედგენილია 201- წლის .................. ქ. ..................... ორ დედნად, თითოეული ქართულ, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს ნორვეგიის სახელმწიფოს

სახელით სახელით