გადაწყვეტილება №18313/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18313/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------ს“ 28.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18313/2/2022).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №012-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №28670 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 46 047 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 30 054
ჯარიმა - 9 354
საურავი - 6 638
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13141 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უსრულებენ სხვადასხვა მომსახურებას. მათ შორის გამოვლინდა პირები, რომლებიც გადამხდელის პორტალზე შევსებული კითხვარის მიხედვით, დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა მათი დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იყვნენ დღგ-ის გადამხდელები ან გააჩნდათ მძიმე ტექნიკა (ბობკატი, კატერპილარი, სატვირთო მანქანა) და ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ტექნიკით უწევდნენ მომსახურებას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19538 ბრძანება და №012-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 46 047 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 15 ნოემბრის №28670 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა გაზგაყვანილობის და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვთ საბუღალტრო პროგრამა “ორისში“, სადაც ხდება საქონლის მიღება და ჩამოწერა სამეურნეო ოპერაციის განხორციელების პროცესში. საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, საჭიროა კომპანიის მიერ დაქირავებული იქნას მეწარმეები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით გაუწევენ მომსახურებას. საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებთან გაფორმებული იქნა მომსახურების ხელშეკრულებები და მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზრაურებული იქნა მომსახურების ღირებულება.
შემმოწმებელს არ ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს დაკორექტირდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უსრულებენ სხვადასხვა მომსახურებას. მათ შორის გამოვლინდა პირები, რომლებიც გადამხდელის პორტალზე შევსებული კითხვარის მიხედვით, დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა მათი დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იყვნენ დღგ-ის გადამხდელები ან გააჩნდათ მძიმე ტექნიკა და ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ტექნიკით უწევდნენ მომსახურებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კომპანიას დაქირავებული ჰყავს მეწარმეები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით უწევენ მომსახურებას. საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულებები და მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზრაურებულია მომსახურების ღირებულება. აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №28670 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.